ახალი ამბები

ტაში, მქუხარე ტაში, სტვენა – კონსტიტუციის პროექტის სახალხო განხილვა ქუთაისში [ვიდეო]

5 მაისი, 2017 • 4047
ტაში, მქუხარე ტაში, სტვენა – კონსტიტუციის პროექტის სახალხო განხილვა ქუთაისში [ვიდეო]

დღეს, 5 მაისს, ქუთაისში კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საერთო-სახალხო განხილვა გაიმართა. შეხვედრაზე ძირითადად პარლამენტის ადგილმდებარეობაზე, საარჩევნო სისტემასა და პრეზიდენტის არჩევის საკითხზე ისაუბრეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში შეკრებულ მოსახლეობას კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტი თავების მიხედვით გააცნო და მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ ისაუბრა.

ამის შემედგ საკუთარი მოსაზრებები მოსახლეობას “ქართული ოცნებიდან” –  არჩილ თალაკვაძემ და მამუკა მდინარაძემ, საპარლამენტო უმცირესობიდან კი –  სერგი კაპანაძემ და ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააცნეს. ხელისუფლების წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლას დარბაზში ტაში ან  მქუხარე ტაში მოჰყვებოდა, ხოლო ოპოზიციის წარმომადგენლების გამოსვლას – ხმაური და სტვენა. ამის გამო მმართველი პარტიის ლიდერებმა ხალხს არაერთხელ მოუწოდეს, რომ ოპოზიციისთვის მოესმინათ. 

კონსტიტუციური პროექტის განხილვა ქუთაისში

მათი მოხსენებების შემდეგ სიტყვის თქმის საშუალება ადგილობრივებს უნდა მისცემოდათ, თუმცა თავდაპირველად არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ილაპარაკეს საარჩევნო სისტემაზე, პრეზიდენტის არჩევის წესზე, უცხოელებისთვის სასოფლო მიწის მიყიდვის აკრძალვასა და სხვა საკითხებზე.

“ნუ შევუზღუდავთ საზოგადოებას ამ პლატფორმას, რადგან თქვენ დებატების საშუალება სხვაგანაც გაქვთ, ტელევიზიაში, პარლამენტში და ასე შემდეგ,” – მიმართა არჩილ თალაკვაძემ მათ.

შეხვედრაზე ყველაზე აქტუალური პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის საკითხი იყო. პარლამენტის თავმჯდომარეს ამ საკითხზე რამდენჯერმე მოუხდა პასუხის გაცემა.

დატოვეთ პარლამენტი ქუთაისში

“პარლამენტი ამ ქალაქში უნდა დარჩეს. ჩვენ გვინდა ქუთაისში ვიცხოვროთ და ვიცოცხლოთ. არ გვინდა წასვლა და გაქცევა ამ ქალაქიდან. რეგიონებს მეტი ყურადღება სჭირდება. ” – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციაში მხოლოდ პარლამენტის ადგილმდებარეობაა მითითებული, რაც მიზანშეწონილი არ იყო:

“ჩვენ გვაქვს ნება, რომ თვისებრივად შეიცვალოს ქუთაისის დატვირთვა. საუბარია საუნივერსიტეტო დატვირთვაზე, გრანდიოზულ პროექტზე, რომელმაც ახალი სული უნდა ჩაბეროს ქუთაისის განვითარებას. ეს არის ჩვენი ამოცანა და ის აუცილებლად შესრულდება.”

“მე იმდენი განათლება არ მაქვს, რომ ეს კონსტიტუცია გავაანალიზო. შესაძლებელია, კონსტიტუცია ყველამ თავის თავზე მოირგოს, როგორც იყო ადრე, მაგრამ არ მგონია, საგანგაშო იყოს ის, რაც ახლა ხდება,” – ამბობს  ნონა სუპატაშვილი, რომელიც დღევანდელ განხილვას ესწრებოდა.

“კონსტიტუცია უნდა შეიქმნას და ეს ახალი კონსტიტუცია კარგია. ვეთანხმები ამ მთავრობას, მე მთავრობის წარმომადგენელი არ ვარ, კოორდინატორი ვარ, მაგრამ მათ ყველანაირად ვეთანხმები.”- ამბობს რიმა კალანდაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის თქმით,  საერთო-სახალხო განხილვების შედეგად გამოკვეთილ საკითხებზე “ქართული ოცნების”  შიგნით იმსჯელებენ:

“სახალხო განხილვის დროს გამოთქმული შენიშვნები, აქტიურად დასმული საკითხები და კითხვები გადამუშავდება, მოხდება მნიშვნელოვანი საკითხების თავმოყრა და მათზე ვიმსჯელებთ გუნდის შიგნით, შესაძლოა, ამ საკითხებზე პარლამენტშიც ვიმსჯელოთ. “

კონსტიტუციური პროექტის განხილვა

_______________________________________________

კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საერთო-სახალხო განხილვა დღეს, 5 მაისს, დაიწყო და საქართველოს სხვადასხვა მხარეში 15 მაისამდე გაგრძელდება. კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი, ანუ 113 დეპუტატი.

დღეს მოქმედი კონსტიტუცია 109 მუხლისგან შედგება, ხოლო ინიცირებულ პროექტში, რომელიც პარლამენტთან შექმნილმა საკონსტიტუციო კომისიამ შეიმუშავა – 78 მუხლია. კონსტიტუციის პროექტში მუხლები გადაადგილებული და დაჯგუფებულია, ზოგ შემთხვევაში კი- გაერთიანებული.

კონსტიტუციის შემოთავაზებული პროექტი 2 000-ზე მეტი სიტყვით აღემატება დღეს მოქმედ კონსტიტუციას.

კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტი ითვალისწინებს პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებებს, სასამართლოს დაკომპლექტების შესახებ ცვლილებებს, ცვლილებებს ადამიანის უფლებების ნაწილში და ასე შემდეგ. კონსტიტუციის პროექტში შეტანილი ძირითადი ცვლილებების შესახებ წაიკითხეთ აქ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი