ახალი ამბები

უმრავლესობის ულტიმატუმი უმცირესობას: ვინც იტყვის – არა – მის მოსმენაზე დროს ვერ დავკარგავთ

4 თებერვალი, 2013 • 1042
უმრავლესობის ულტიმატუმი უმცირესობას: ვინც იტყვის – არა – მის მოსმენაზე დროს ვერ დავკარგავთ

“ვინც იტყვის – კი, მასთან ჩვენ ვხედავთ თანამშრომლობის თუ ოპონირების აზრს და შესაძლებლობას სხვა საკითხებზეც. ვინც იტყვის – არა – მის მოსმენაზე და მათთან დებატებზე ჩვენ დროს ვერ დავკარგავთ ვერც ნებისმიერ სხვა საკითხზე”, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის სახელით დღეს სპეციალურ ბრიფინგზე დავით საგანელიძემ გააკეთა.

 

მისი თქმით, ვინც თავს აარიდებს უმრავლესობის მიერ შეთავაზებული ცვლილებებისთვის ხმის მიცემას, იგი აკეთებს არჩევანს ერთი კაცის ახირების სასარგებლოდ და ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ:

 

“ანუ აცხადებს, რომ სახელმწიფო – ეს სააკაშვილია, ჩვენ კი ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო – ეს ქართველი ხალხია. ამიტომ დღეიდან საჯარო, საპარლამენტო და სატელევიზიო დებატებში ვიწვევთ პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” თითოეულ წარმომადგენელს თემაზე – სააკაშვილი, თუ საქართველო? დიქტატურა, თუ ხალხის მმართველობა?

 

წლების განმნავლობაში სააკაშვილის ზურგს უკან მიმალულ ადამიანებს, რომლებიც პერსონალურად არასოდეს არაფერზე აგებდნენ პასუხს, მოუწევთ საკუთარი აზრის მკაფიოდ დაფიქსირება კონკრეტულ საკითხზე, უნდა ჩამოერთვას თუ არა პრეზიდენტს ხალხის და პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის უფლება? ამ საკითხზე არჩევანის გაკეთებისას ვერავინ ვერავის ზურგს ვერ ამოეფარება და ვერც დემაგოგიური ხრიკებით შეძლებს სხვა თემებით მის გადაფარვას. შესაბამისად, ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი დამოკიდებულება თითოეული მათგანისადმი”, – აცხადებს საგანელიძე.

 

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ გასული წლის დეკემბერში წარმოადგინა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს აღარ ექნება პარლამენტის თანხმობის გარეშე ახალი მთავრობის დანიშვნის უფლება. ცვლილებების პროექტით, პრეზიდენტს შეეძლება დაითხოვოს პარლამენტი, თუმცა რიგგარეშე არჩევნებამდე უფლებამოსილებას შეინარჩუნებს არსებული მთავრობის კაბინეტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი