პროკურორი ჯარჯი წიკლაური ფოტო: ნეტგაზეთი

პროკურორი უარყოფს, რომ სხდომის დახურვა საპატრიარქოს იმიჯის დაცვისთვის მოითხოვეს

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა შესვენებაზე განაცხადა, რომ მათ სხდომის დახურვა საქმის ინტერესებიდან გამომდინარე მოითხოვეს და არა საპატრიარქოს ავტორიტეტის დასაცავად. თუმცა, როცა სხდომის დახურვას ითხოვდნენ, განსაკუთრებული ყურადღება საპატრიარქოს ავტორიტეტსა და მოსახლეობის რეაქციაზე საუბარს დაუთმეს.

“სხდომის დახურვის თაობაზე შუამდგომლობა დავაყენეთ იმ არგუმენტით, რომ დაცული იქნეს მართლმსაჯულების ინტერესი, ასევე საფრთხე არ შეექმნას პროცესის მონაწილეებს, რამეთუ ჩვენ ვიყენებთ დაცვის სპეციალურ ღონისძიებებს. გამოძიების ინტერესია სახეზე, რამეთუ გრძელდება სავარაუდო თანამზრახველების გამოვლენის მიზნით გამოძიება. ამასთან დაკავშირებით ბრალდებულის მამხილებელი მტკიცებულებების სრულად გასაჯაროებამ სხდომებზე შეიძლება გამოიწვიოს მესამე პირთა მხრიდან მცდარი, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება, რაც მღელვარებას გამოიწვევს და შესაძლოა საზოგადოებრივ წესრიგს შეექმნას საფრთხე”, – განაცხადა პროკურორმა.

ჯარჯი წიკლაურის თქმით მამალაძის ადვოკატებმა მოახდინეს მათი შუამდგომლობის არასწორი ინტერპრეტირება.

“სამწუხაროა, რომ ადვოკატების მხრიდან მოხდა ფაქტების დამახინჯება, შუამდგომლობის არასწორი ინტერპრეტირება, თითქოს საპატრიარქოს იმიჯი და საპატრიარქოს რეპუტაცია გამოიყენა არგუმენტად. ეს არის აბსურდი,” – განაცხადა პროკურორმა.

პროკურატურამ ასევე მიუთითა, რომ გიორგი მამალაძე არის დეკანოზი. ამიტომ მისი, როგორც სასულიერო პირის ცხოვრების წესი, აგრეთვე ის გარემოება, თუ როგორი “მიუღებელი ფორმებით” ცდილობდნენ დეკანოზი და მასთან დაკავშირებული პირები მიზნის მიღწევას, საზოგადოებრივ მორალსა და წესრიგს საფრთხეს შეუქმნიდა.

პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ღია სასამართლო სხდომის ჩატარების შემთხვევაში, საზოგადებისთვის ცნობილი გახდებოდა მოწმეთა ვინაობა, მათი დემოგრაფიული, საკონტაქტო მონაცემები, ამიტომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი, რომ მათზე მოეხდინათ უარყოფითი ზემოქმედება.

პროკურატურის განმარტებით, მართლმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებული როლი აქვს საქართველოში, გაფორმებულია საკონსტიტუციო შეთანხმება სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის, ხოლო საქმე ეხება დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც საპატრიარქოში მაღალ თანამდებობებს იკავებდა.

“საქმე ეხება ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც არაერთ მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებდა. აუდიო-ვიდეოჩანაწერებში, ასევე საქმის სხვა მასალებში, კატეგორიულად მიუღებელ მომენტებში ჩანს გიორგი მამალაძე და აშკარაა, როგორი მიუღებელი მეთოდებით ცდილობდნენ მამალაძე და მასთან დაკავშირებული პირები სასულიერო პირების დისკრედიტაციას”, – განაცხადა პროკურორმა.

მან აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის 83% მართლმადიდებელი ქრისტიანია და დიდია ალბათობაა, რომ საქმის მასალების სრულად გასაჯაროება შფოთს შეიტანდა საზოგადოებაში, რადგან ისეთი გარემოებების შესახებ გაიგებდნენ, რაც ეწინააღმდეგება “სასულიერო პირთან ასოცირებულ ზნეობრივ სტანდარტს.”

“საქმეში არსებული მასალების ღია სასამართლო სხდომაზე განხილვამ, რომელიც კატეგორიულად ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენს ბრალდებულ გიორგი მამალაძის, როგორც სასულიერო პირის, მორალურ გზებს და ცხოვრების წესს, შესაძლოა, გამოიწვიოს მესამე პირთა მხრიდან საზოგადეობაში მცდარი, გადაუმოწმებელი ინფრომაციის გავრცელება, რაც მაღალი ალბათობით შფოთს შეიტანს საზოგადეობაში და საფრთხის შემცველი ქნება საზოგადოებრივი წესრიგისთვის”, – განაცხადა პროკურორმა.

 

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავაც, რომელიც სხდომას ესწრებოდა, იმავეს ფიქობს, რომ პროკურატურამ მთავარ არგუმენტად  საპატრიარქოს ავტორიტეტი გამოიყენა. ქარჩავამ მხარი დაუჭირა სხდომის საჯაროობას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com