40413

კერძო სკოლებში მოსწავლეებს უკეთესი მიღწევები აქვთ – განათლების მინისტრის შეფასებები კვლევებზე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 2015-2016 წლებში მეცხრეკლასელთა შორის მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, მოსწავლეთა დიდი ნაწილი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების დაძლევას მინიმალურ დონეზეც ვერ ახერხებს. ასევე, ზოგადი სასკოლო განათლების საერთაშორისო კვლევების, TIMSS-ისა და PISA-ს რეიტინგებში საქართველო, შედეგის გაუმჯობესების მიუხედავად, მნიშვნელოვნად ჩამორჩება საერთაშორისო საშუალო მაჩვენებელს.

საქართველოს სკოლებში ჩატარებული რამდენიმე საერთაშორისო და ლოკალური კვლევის შედეგების შეჯამება დღეს ჟურნალისტებს საქართველოს განათლების მინისტრმა, ვიცეპრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გააცნო. მათ შორის წარმოდგენილი TIMSS-ისა და PISA-ს კვლევების ძირითადი მიგნებები საჯარო ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გახდა. თუმცა, როგორც სამინისტროში აცხადებენ, NAEC-მა სრული სახით კველვის შედეგები ახლა გახადა საჯარო და სამინისტრო სამივე კვლევაზე დაყრდნობით სამოქმედო გეგმის გაუმჯობესებას ახლა აპირებს.

ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ამისათვის ერთი თვის მანძილზე გაიმართება შეხვედრები სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებთან და ივნისში გამართულ კონფერენციაზე განათლების სამინისტრო სასკოლო განათლების სისტემაში მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაუმჯობესებისთვის კონკრეტულ მიგნებებსა და გეგმას წარმოადგენს.

NAEC-მა 2015-2016 წლებში საქართველოს სკოლებში ოთხი სახელმწიფო შეფასება ჩაატარა: მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში. შეფასების სამიზნე ჯგუფი მე-9 კლასის მოსწავლეები იყვნენ. კვლევის თანახმად, მე-9 კლასში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების დაძლევას მინიმალურ დონეზეც ვერ ახერხებს:

  • მათემატიკაში მოსწავლეთა 30.3%
  • ფიზიკაში მოსწავლეთა 34,8%
  • ქიმიაში მოსწავლეთა 49,1%
  • ბიოლოგიაში მოსწავლეთა 13,3%

ქართველი მოსწავლეების მიღწევები მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში სტატისტიკურად ჩამორჩება TIMSS-ის საერთაშორისო საშუალო ნიშნულს (500) როგორც მე-4, ისე მე-8 კლასში. მეოთხეკლასელთა შორის მათემატიკაში ჩატარებული TIMSS კვლევაში 49 ქვეყანას შორის საქართველო 37-ე ადგილზეა, მერვეკლასელთა შორის კი- 39 ქვეყანას შორის 26-ზე.

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო შეფასების სისტემის, PISA-ს კვლევაში 15 წლის მოსწავლეთა რეიტინგულ სიაში 70 ქვეყანას შორის საქართველო მე-60 ადგილს იკავებს. მათი მონაცემებით, ამავე კვლევის მონაწილე მოსწავლეთა ნახევარი არ ფლობს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში საბაზო კომპეტენციებს.

განათლების მინისტრი აღნიშნავს, რომ 2011 წლის შემდეგ საქართველომ ორივე საერთაშორისო შეფასების სისტემაში შედეგები გააუმჯობესა და, მაგალითად, PISA-ს რეიტინგში მეორე, ყველაზე სწრაფად მზარდი შედეგის მქონე ქვეყანა გახდა, თუმცა მაჩვენებლები საგანგაშოა და საქართველოს სკოლებში ვითარება რთულია.

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა 05.05.15 ფოტო: ნეტგაზეთი

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა 05.05.15 ფოტო: ნეტგაზეთი

მინისტრი კვლევების შედეგებიდან რამდენიმე მნიშვნელოვან მაჩვენებელს გამოყოფს, რომელზეც მისი თქმით, სამინისტრო უკვე მუშაობს და მომავალშიც ამ საკითხების მოგვარება მათთვის პრიორიტეტული იქნება.

პირველი პრობლემა, რის შესახებაც ჯეჯელავა საუბრობს, ქალაქისა და სოფლის სკოლებს შორის არსებული სხვაობაა. საერთაშორისო და სახელმწიფო შეფასებები აჩვენებს, რომ საქართველოში მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლაში მიღწევებით სოფლად მცხოვრები მოსწავლეები არსებითად ჩამორჩებიან ქალაქში მცხოვრებ თანატოლებს. მინისტრის თქმით, ქალაქის დონის სწავლება რომ იყოს სოფელშიც, საქართველოს ადგილი საერთაშორისო სიაში იქნებოდა გაცილებით მაღალი.

“თვალშისაცემია ქალაქისა და სოფლის სკოლებს შორის განსხვავება. მაშინ, როდესაც საშუალო შედეგი PISA-ს მონაცემებში გვაქვს 404, მხოლოდ ქალაქის სკოლებში ეს შედეგი არის 460. ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, უფრო დიდი სხვაობაა ჩვენი სოფლისა და ქალაქის სკოლას შორის, ვიდრე ქალაქის სკოლასა და საერთაშორისო საშუალო მაჩვენებელს შორის.

ასევე სოფლის სკოლაში ნაჩვენები TIMSS-ის შედეგები, მაგალითად, მათემატიკაში იმავე ნიშნულზეა, როგორზეც 2007 წელს იყო, რაც ნიშნავს, რომ, მართალია, მდგომარეობა არ გაუარესებულა, თუმცა არც არანაირი გაუმჯობესება სწავლის ხარისხს არ ჰქონია. წლიდან წლამდე სოფლისა და ქალაქის სკოლებს შორის იზრდება განსხვავება. სოფლის სკოლა არ განვითარდა,” – ამბობს ჯეჯელავა.

23

მიღწევები სკოლის ადგილმდებარეობისა და ტიპის მიხედვით წყარო: TIMSS კვლევა

24

მიღწევები სკოლის ადგილმდებარეობისა და ტიპის მიხედვით წყარო: TIMSS კვლევა

მისის თქმით, სოფლის სკოლებში სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად უკვე დაწყებულია სკოლის გაძლიერების რეფორმა და ამ საკითხის მოგვარების პროცესში თავს “უფრო კომფორტულად” გრძნობს.

მოსწავლეთა მიღწევების კუთხით კერძო სკოლის მოსწავლეების უპირატესობა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ასევე თვალსაჩინოა როგორც საერთაშორისო, ასევე სახელმწიფო შეფასებებში.

PISA-ს კვლევაში აზერბაიჯანულენოვანი მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. კვლევა აჩვენებს, რომ ეს მოსწავლეები მატემატიკაშიც და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებშიც საშუალოდ უფრო დაბალ შედეგს აჩვენებენ, ვიდრე ისინი, ვინც ტესტს ქართულად წერდნენ.

“სერიოზული საფიქრალი არის ეთნიკური უმცირესობები. მხოლოდ აზერბაიჯანულს არ ვახსენებთ, სომხურენოვან სოფლებშიც სწავლება არის პრობლემა. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სწავლების დონე არის გაცილებით დაბალი, ვიდრე ქართულენოვან სკოლებში. ქართული სოფლის საშუალო მაჩვენებლი არის 415 და ეთნიკური უმცირესობის სოფლის საშუალო მაჩვენებელი არის 320. ლამის 100-ქულიანი სხვაობაა. როგორც ჩვენი საშუალო ჩამორჩება მსოფლიოსას, ისე ჩამორჩება ეთნიკური უმცირესობის სკოლა ქართულენოვანს. აქ უკვე ბევრი კვლევა-ძიება არ უნდა – მაგარ შარში ვართ,” – ამბობს ალექსანდრე ჯეჯელავა.

მინისტრის თქმით, ეთნიკური უმცირესობების სკოლებში ახალგაზრდა და მოტივირებული მასწავლებლების მოსაზიდად პროგრამას დაიწყებენ. ასევე გეგმავს, რომ უფრო ხშირად ჩავიდეს ამ რეგიონებში და ადგილზე გაეცნოს მათ საჭიროებებს.

მინისტრი ასევე ამბობს, რომ სწავლების ხარისხზე პირდაპირ გავლენას არ ახდენს არც მასწავლებლების სერტიფიცირებულობის მაჩვენებელი სკოლებში და არც ინფრასტრუქტურა:

“უცნაურად ჟღერს, მაგრამ სახელმწიფო შეფასებამ უჩვენა, რომ მასწავლებლების სერტიფიცირებულობა და სკოლის მოსწავლეების შედეგები დიდად ერთმანეთთან კავშირში არ არის. იმ სკოლებს, სადაც მასწავლებლების 60% არის სერტიფიცირებული და იმ სკოლებს, სადაც ეს მაჩვენებელი არის 20%, სიტუაცია რადიკალურად არ განსხვავდება. ამავე დროს, სკოლებს, სადაც მასწავლებლები არიან დემოტივირებულები და არ არიან კმაყოფილი თავიანთი სამუშაო გარემოთი და იმ სკოლებს, სადაც მასწავლებლები არიან კმაყოფილი, ძალიან დიდი განსხვავებაა. ანუ მოტივირებული კოლექტივი იძლევა დიდ სხვაობას.”

სწორედ ამიტომ, ჯეჯელავას თქმით, სამინისტროს მთავარი მიზანი სკოლის მასწავლებელთა გადამზადება და მათი მოტივაციის გაზრდა იქნება. ასევე, მისი ინიციატივით, იგეგმება სკოლის ადმინისტრაციების კვალიფიკაციის ამაღლებაც.

TIMSS-ის კველვაში საქართველო 2007 წლიდან მონაწილეობს. ის ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება მეოთხე და მერვეკლასელებს შორის და მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნის დონეს იკვლევს. მასში 600 000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს. PISA კი სამ წელიწადში ერთხელ ტარდება და ამოწმებს არა მოსწავლეების სწავლის დონეს, არამედ რამდენად კარგად არიან ისინი მომზადებული სრულფასოვანი საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის. ეს კვლევა საქართველოში 2000 წლიდან ტარდება. კველევის შედეგების დამუშავებაზე გამოცდების ეროვნული ცენტრია პასუხისმგებელი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი