თბილისიდან გაძევებული აზერბაიჯანელი აქტივისტის უფლებებს EMC იცავს

2017 წლის 19 აპრილს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე საქართველოდან გაძევებული აზერბაიჯანელი აქტივისტისა და მუსიკოსის, ჯამალ ალის უფლებებს EMC [ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი] იცავს. 

EMC მიიჩნევს, რომ საქართველოს შსს-მ ჯამალ ალის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე უარი, სავარაუდოდ, დისკრიმინაციული მოტივით უთხრა. 

“უარის დასაბუთების არარსებობის პირობებში ჩნდება ლეგიტიმური ვარაუდი, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილება ჟურნალისტის საქართველოში შემოშვებაზე უარის თქმის თაობაზე არსებითად დისკრიმინაციული იყო და განპირობებულია საქართველოს მთავრობის პოლიტიკური ლოიალობით აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება EMC-იმ შინაგან საქმეთა სამინისტროში გაასაჩივრა.

“საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენს მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მისი თვითნებური და დისკრიმინაციული შინაარსის გამო. EMC ამტკიცებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილება, გადაადგილების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევასთან ერთად,  ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლებაში თვითნებურ ჩარევას წარმოადგენს”. 

ჯამალ ალისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის ოფიციალურ საფუძველს „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები“ წარმოადგენს. აღნიშნული საფუძველი კი გადაწყვეტილებაში არ არის განმარტებული, რის გამოც გადაწყვეტილების  ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ფაქტობრივად შეუძლებელია.

ჯამალ ალი 2017 წლის 19 აპრილის ღამეს თბილისის აეროპორტში ქართველმა მესაზღვრეებმა ყოველგვარი განმარტების გარეშე ქვეყანაში არ შემოუშვეს და უახლოესი რეისით ბერლინში დააბრუნეს.

ბოლო პერიოდში აზერბაიჯანელ აქტივისტებზე, პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში პრეზიდენტ ილჰამ ალიევის რეჟიმის მიერ იდევნებოდნენ და საქართველოში ცხოვრობდნენ, ქართული მხარე ბინადრობის მოწმობებს აღარ გასცემს. შესაბამისად, ისინი იძულებული არიან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების დახმარებით, აზერბაიჯანში ექსტრადიციას თავი აარიდონ და საქართველოდან ევროპის ქვეყნებში გაემგზავრონ.

EMC-ში აცხადებენ, რომ ორგანიზაცია აზერბაიჯანის არადემოკრატიული ხელისუფლების მიერ დევნილი აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ საქართველოში ცხოვრებისა და საქმიანობის შემზღუდავ, სავარაუდოდ, თვითნებურ და დისკრიმინაციულ პრაქტიკას სწავლობს. პირველადი შედეგები კი აჩვენებს, რომ “აზერბაიჯანის მოქალაქეებს, რომლებიც აზერბაიჯანის პოლიტიკური სისტემისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული და ოპოზიციური დამოკიდებულებით გამოირჩევიან (პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები, დამოუკიდებელი ჟურნალისტები და აქტივისტები), საქართველოს ხელისუფლება ხშირად უზღუდავს საქართველოში ცხოვრებისა და საქართველოში შემოსვლის შესაძლებლობებს, რასაც სხვადასხვა აბსტრაქტული და თვითნებური დასაბუთებით (ძირითადად, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესის მითითებით) ამართლებს. აღნიშნული პრაქტიკა ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ საქართველოს ხელისუფლება, მეზობელი არადემოკრატიული ხელისუფლების მიმართ პოლიტიკური ლოიალობის გამო, თვითნებურად და დისკრიმინაციულად უზღუდავს კრიტიკულად განწყობილ აზერბაიჯანის მოქალაქეებს საქართველოში ცხოვრების, განვითარებისა და საქმიანობის შესაძელებლობას”.  

აქვე ნათქვამია, რომ EMC უახლოეს მომავალში საზოგადოებას წარუდგენს მისი კვლევის შედეგებს, რომელიც “აზერბაიჯანის არადემოკრატიული ხელისუფლების მიერ დევნილი აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ საქართველოში ცხოვრებისა და საქმიანობის შემზღუდავ თვითნებურ და დისკრიმინაციულ პრაქტიკას ავლენს”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი