ახალი ამბები

საპირფარეშოების გამო ჯეჯელავამ 3 სკოლის დირექტორი გაათავისუფლა

5 მაისი, 2017 • 3817
საპირფარეშოების გამო ჯეჯელავამ 3 სკოლის დირექტორი გაათავისუფლა

განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ 3 საჯარო სკოლის დირექტორი გაათავისუფლა. სამინისტროს ცნობით, დირექტორების გათავისუფლება სკოლის საპირფარეშეობში არასანიტარულ მდგომარეობას უკავშირდება:

“მინისტრი ხშირად სტუმრობს სხვადასხვა სკოლას, მათ შორის გაუფრთხილებლად, და ყველაგან, სადაც კი მას მოუწესრიგებელი საპირფარეშო დახვდა… ერთია, რომ ინფრასტრუქტურულად საპირფარეშო გასამართია, რა პრობლემებსაც ჩვენც ვაღიარებთ და ამ მიმართულებით ეტაპობრივად მუშაობს სამინისტროს სპეციალური სსიპ-ი, მაგრამ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობასა და სანიტარული ნორმების დაცვას შორის არანაირი კავშირი არაა. შეიძლება იყოს ინფრასტრუქტურა მისახედი, რასაც აუხილებლად მივხედავთ, მაგრამ ამის მიუხედავად, იყოს სისუფთავე. სკოლაში რომ შედიხარ და დერეფანშივე საპირფრეშოს სუნი დგას, ეს უკვე სკოლის ადმინისტრაციის პრობლემაა ცალსახად”,- აცხადებენ სამინისტროში.

მოგვიანებით, განათლების სამინისტრომ წერილობითაც გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც,  სამინისტროს მონიტორინგის სამსახურისა და შიდა აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების შედეგად, რიგ სკოლებში სხვა დარღვევებთან ერთად, გამოვლინდა სველი წერტილების, კერძოდ,  საპირფარეშოს ჰიგიენის დაცვის პრობლემები. შედეგად, გათავისუფლდა თბილისის 151-ე, 23-ე და სამტრედიის მეოთხე სკოლის დირექტორები.

საპირფარეშოების ჰიგიენასთან დაკავშირებით გაფრთხილება მიეცა მარნეულის მე-3, მარნეულის სოფელ ჯანდარის, სოფელ წერეთლის და ყაზბეგის სოფელ არშის სკოლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი