ახალი ამბებისამართალიტექნოლოგიები

იდენტობის ქურდები ინტერნეტში

6 მაისი, 2017 • 52151
იდენტობის ქურდები ინტერნეტში

სოციალურ ქსელებში იდენტობის ქურდობა ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ თაღლითობის ფორმად ითვლება, თუმცა საქართველოში იურისტების უმეტესობამაც კი არ იცის, როგორ შეიძლება კანონიერად მასთან ბრძოლა, ხოლო შსს–ს კიბერდანაშაულთან ბრძოლოს სამმართველოში გვირჩევენ, რომ მაქსიმალურად დავხუროთ ჩვენი ანგარიშები და ფოტოები საჯაროდ არ გამოვაქვეყნოთ.

თაღლითობის სქემა ერთი შეხედვით მარტივი გასაშიფრია, მაგრამ ხშირად იდენტობის ქურდები საკმაოდ კარგად ინიღბებიან და რთულია კლონირებული ანგარიშის ნამდვილისგან გარჩევა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა არ იცნობ რეალურად იმ ადამიანს, ვის ფოტოებსაც იყენებს დამნაშავე. როგორც წესი, მისი მიზანი ფულის შოვნაა.

გავრცელებული სქემა

იდენტობის ქურდები ქმნიან ყალბ ანგარიშებს სოციალურ ქსელში, იპარავენ კონკრეტული ადამიანების ფოტოებს და ეტაპობრივად აახლებენ მას. გარდა ამისა, დამნაშავეები ეტაპობრივად გამოთქვამენ მოსაზრებებს მიმდინარე მოვლენებზე. მეტი დამაჯერებლობისთვის, ზოგიერთი მათგანი რამდენიმე სხვა ყალბ ანგარიშსაც აკეთებს – თითქოს ისინი მისი უახლოესი მეგობარი ან ახლობლები არიან, რომლებიც მოპარულ ფოტოებზე “თბილ და შინაურულ” კომენტარებს უწერენ.

იდენტობის ქურდები ძირითადად გასართობ გვერდებზე აქტიურობენ, რითიც ადმინისტრატორის ყურადღების მიქცევას ცდილობენ ან პირდაპირ ითხოვენ, რომ “მათი ფოტოები” გამოაქვეყნონ და მონიშნონ. მოტყუებული ადმინისტრატორი მოპარულ სურათებს ტვირთავს “თბილი” აღწერებით. დამნაშავე ამასაც ერთ–ერთ დამადასტურებელ საბუთად იყენებს, თითქოს ფოტოებზე ნამდვილად ის არის და უფრო მეტი ინტერნეტმომხმარებლის ყურადღებას იქცევს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოში განგვიმარტავენ, რომ თუ საჯაროდ გამოქვეყნებული ფოტოების კოპირება მოხდა, ეს სისხლის სამართლის კოდექსით არაა დასჯადი, რა თქმა უნდა, თუკი აღნიშნული ქმედება შემოიფარგლება მხოლოდ გადმოკოპირებით და ამას თან არ მოსდევდეს სხვა ქმედებები, ანუ ფოტოების კოპირება შემდგომში სხვა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების მიზნით, როგორიცაა თაღლითობა, თანხის გამოძალვა და სხვა.

გვხვდება შემთხვევები, როდესაც ხდება მსხვერპლის მეგობრებიდან ერთ-ერთის ამორჩევა, ფოტოების გადმოკოპირება და მსგავსი გვერდის შექმნა, ანუ მომხმარებლის გვერდის კლონირება, რის შემდგომაც შედიან მსხვერპლთან კონტაქტში მისი მეგობრის სახელით, რომელიც თითქოსდა მას სთხოვს დახმარებას, თანხის გადარიცხვას სხვადასხვა ანგარიშზე.

მაგალითად, ჟურნალისტ ზვიად ხუჯაძის სახელითა და ფოტოებით სამჯერ გააკეთეს ყალბი ფეუსბუკის ანგარიში, დაიმატეს მისი მეგობრების უმრავლესობა, რომლებსაც ზვიადის სახელით ფულს სთხოვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ზვიად ხუჯაძე ამის შესახებ საჯაროდ წერდა და აფრთხილებდა მეგობრებს ფეისბუკზე კლონირებული ანგარიშის არსებობის შესახებ, დამნაშავემ ერთი ადამიანის მოტყუება მაინც შეძლო და თაღლითურად გამოსძალა 250 ლარი.

ზვიად ხუჯაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა გამოძიების დაწყების მოთხოვნით, თუმცა საქმე არ აღძრულა. როგორც ჟურნალისტი ამბობს, უწყებაში არაოფიციალურად უპასუხეს, რომ ასეთ დანაშაულს არასრულწლოვნები ჩადიან ხშირად, ძირითადად, სკოლის მოსწავლეები, და არ არსებობს კანონი არასრულწლოვნების მხრიდან ჩადენილ კიბერდანაშაულზე: “როგორც მითხრეს, მათი რეაგირება მაქსიმუმ იქნებოდა ის, რომ მომხდარის შესახებ შეატყობინებდნენ სკოლას, მშობლებს და “ბავშვს” გააფრთხილებდნენ.”

 

ჟურნალისტმა ამის შემდეგ დამოუკიდებლად სცადა საქმის გამოძიება მეგობრების დახმარებით, რის შედეგადაც გაიგო დამნაშავის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომრები, ერთ-ერთ ტოტალიზატორში მისი ანგარიში და ა.შ:

“სხვა, უფრო კონკრეტული დეტალიც მოვიძიე. თუმცა, ბოლოს იმან იმოქმედა, რომ პირადად ველაპარაკე და გავიცანი ე.წ. ჩემი კლონი. ამის მერე შეწყდა ეს ფეიკპროფაილების გაკეთება ჩემი სახელით. ეს ადამიანი იყო 24 წლის და იმ მომენტისთვის არ ცხოვრობდა საქართველოში, ხოლო ამ გზით თავიდან საკმაოდ დიდ ფულს შოულობდა. როგორც მითხრა, ახლა ბევრი თაღლითი გამოჩნდა ინტერნეტში და ძველებურად “კარგი სამუშაო” არ არისო – კიბერ-თაღლითობისთვის თავის დანებებას აპირებდა, რადგან მასაც ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა. სრულწლოვანი იყო, თუმცა თავის იმით იმშვიდებდა, რომ საზღვარგარეთ ცხოვრობდა. ჩემი მეგობრისთვის არ დაუბრუნებია ფული.”

შსს-ს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოში კი ამბობენ, რომ თითქმის ყველა მიმართვის შემთხვევაში ხდება დამნაშავის იდენტიფიკაცია და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა:

“მაგალითად მოვიყვანთ ერთ საქმეს, როდესაც მსგავსი მეთოდით დამნაშავემ დაზარალებულს თაღლითურად (ვითომდა ის იყო მისი მეგობარი) თანხა ჩაარიცხინა მის კუთვნილ ერთ-ერთ ინტერნეტ-ტოტალიზატორის ანგარიშზე, რომელიც შემდგომში წააგო. პოლიციამ დაადგინა ბოროტმოქმედი და მას ბრალი წარედგინა თაღლითობისთვის.”

არის შემთხვევები, როდესაც იდენტობის ქურდები სხვა ადამიანების ფოტოებს მათი დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვისთვისაც იყენებენ, თუმცა, შესაძლოა, ეს არც იყოს მხოლოდ მათი მიზანი. იმ შემთხვევაში, თუ დამნაშავემ თქვენი სოციალური ქსელის ანგარიში გატეხა, შესაძლოა, მხოლოდ თქვენთვის შენახული ფოტოები ან არასასურველი ინფორმაციაც გასაჯაროვდეს.

ერთ–ერთი იდენტობის ქურდი, რომელსაც სოციალურ ქსელში პორნოინდუსტრიაში დასაქმებული ქალის პიკანტური ფოტოები ჰქონდა ატვირთული, გვეუბნება, რომ მისთვის ეს ფულის შოვნის მარტივი გზაა, ძირითადი სამიზნე კი უცხოელი ასაკოვანი კაცები არიან, თუმცა ქართველ ინტერნეტმომხმარებლებსაც არიცხინებს ხშირად ფულს ერთ–ერთი ტოტალიზატორის ანგარიშზე. მეტი დამაჯერებლობისთვის, მას ფოტოშოპით აქვს გაყალბებული პირადობისა და მართვის მოწმობა. მისი სახელი და გვარი არ ვიცით, თუმცა გვითხრა, რომ ბიჭია. მას კონფიდენციალურად შევთავაზეთ ინტერვიუს ჩაწერა, რაზეც დაგვთანხმდა, თუმცა მალევე ფეისბუკი გააუქმა.

კიდევ ერთი იდენტობის ქურდი, რომელსაც “ანი კილაძე” უწერია სახელად, დიდი ხანია ფოტოებს მოლდოველ გოგონას – ადრიანა კატანოის პარავს და საკმაოდ წარმატებულად ახერხებს ინტერნეტმომხმარებლების მოტყუებას. ის თითქმის ყველა დღესასწაულს ულოცავს ვირტუალურ მეგობრებს და, როგორც ბევრი სხვა თინეიჯერი, აზიარებს ცნობილი მწერლების ციტატებს ან მისთვის საინტერესო გამონათქვამებს. მოკლედ, თუ შემთხვევით არ აღმოაჩენთ მოლდოველ გოგონას, გაგიჭირდებათ, “ანი კილაძე” იდენტობის ქურდი გეგონოთ. მის მიერ მოპარულ ფოტოებს საშუალოდ 500 მოწონება აქვს – ხშირად იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე ადრიანას ორიგინალ ფოტოებს. “ანი კილაძე” ხშირად არის “ყველაზე საყვარლებისა” და “ყველაზე ლამაზების” მსგავსი გვერდების ყურადღების ცენტრში, ხოლო მის მიერ მოპარულ ფოტოებს საზოგადოებისთვის საკმაოდ ცნობადი სახეებიც იწონებენ.

ნეტგაზეთი “ანი კილაძეს” ფეისბუკით დაუკავშირდა. მას უშედეგოდ ვთხოვეთ განმარტება, თუ რა მიზნით იყენებს მოლდოველი გოგონას, ადრიანას ფოტოებს. “ანიმ” განგვიცხადა, რომ ამით არანაირ კანონს არღვევს, სასაუბრო გაგვითიშა და შემდეგ ფეისბუკიდან დაგვბლოკა.

იმ შემთხვევაში, თუ სხვისი ფოტოების სოციალურ ქსელში გამოყენება დაკავშირებულია გამომყენებლის (დამმუშავებლის) პროფესიულ ან/და კომერციულ საქმიანობასთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი უფლებამოსილია შეისწავლოს აღნიშნული ქმედების “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონთან შესაბამისობა და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დამრღვევს დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის ან გაფრთხილების სახით. საინტერესოა როგორ, მაგრამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში განგვიცხადეს, რომ სხვისი ფოტოს საკუთარ ფოტოდ გასაღების ფაქტზე დარღვევა მათთან არ დაფიქსირებულა.

“აპარატს ჰქონია არაერთი შემთხვევა, როდესაც მოქალაქეები მიუთითებდნენ მათი პერსონალური მონაცემების გამოყენებით ჩადენილი თაღლითობის სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით, მათ შორის, იყო შემთხვევა, როდესაც მოქალაქე მიუთითებდა, რომ მისი მონაცემების გამოყენებით უცხო პირმა მისი სახელით აიღო სესხი. მსგავსი ქმედებები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და ასეთ შემთხვევებში ინსპექტორი საქმეს შესაბამისი რეაგირებისთვის გადასცემს სამართალდამცავ ორგანოებს,” – გვიპასუხეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო ზემოთ ხსენებულ შემთხვევებს ამოწმებს და დეტალურად სწავლობს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, დაიწყება გამოძიება.

როგორ დავიცვათ თავი?

კიბერდანაშაულთან ბრძოლის შესახებ არაერთ იურისტს დავუკავშირდით, თუმცა ამ საკითხზე ჩამოყალიბებული მოსაზრება საქართველოში არავის აქვს. რჩევები, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი ინტერნეტში, მხოლოდ ოფიციალური უწყებებიდან მივიღეთ.

კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოში გვირჩევენ, რომ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, ჩვენს სოციალურ ქსელში განთავსებული პირადი მონაცემები არ იყოს ხელმისაწვდომი ნებისმიერი მომხმარებლისთვის: “ვინაიდან არსებობს მათი ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა, როგორც ჩვენი, ასევე, ჩვენი ახლობლების წინააღმდეგ. შევეცადოთ, მაქსიმალურად დავხუროთ ჩვენი პროფილი და იქ არსებული ინფორმაციის ნახვა შესაძლებელი იყოს მხოლოდ ჩვენი ახლობლებისთვის.”

შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო ასევე ურჩევს ინტერნეტმომხმარებლებს, რომ არ დარეგისტრირდნენ ისეთ სოციალურ ქსელში, რომელსაც არ გააჩნია სათანადო დაცვითი მექანიზმები.

“იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი, რომელსაც ვიცნობთ, ჩვენთან მიმოწერისას იქცევა საეჭვოდ და გვთხოვს თანხის გადარიცხვას ისეთი ხერხით, რომელიც მისთვის არაა დამახასიათებელი და პირის იდენტიფიკაცია ვერ ხდება, სხვა საშუალებით აუცილებლად გადავამოწმოთ, მართლა იმ პირთან გვაქვს თუ არა კავშირი, რომლადაც თავს ასაღებს,” – აცხადებენ კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოში.

სოციალური ქსელების უმეტესობას მსგავსი დანაშაულისგან საკუთარი დაცვის მექანიზმები აქვს; თუ აღმოაჩენთ თქვენი ფოტოებით კლონირებულ პროფილს, შეგიძლიათ გაასაჩივროთ და განხილვიდან მალევე გააუქმებინოთ უსაფრთხოების სამსახურს ყალბი ანგარიში. იმ შემთხვევაში, თუ დამნაშავე თქვენი სახელით ფულს ან რაიმე სხვა სარგებლს ითხოვს, უნდა მიმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვოთ გამოძიების დაწყება.

კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოში ამბობენ, რომ საქართველოში მსგავსი სახის დანაშაული არცთუ ისე ხშირია და წარმოადგენს თაღლითობას, თუმცა არ ვიცით, მსგავსი დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში, რამდენად არიან მოქალაქეები დაინტერესებული უწყებასთან თანამშრომლობით. დანაშაულის სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო მოგვიანებით მოგვაწვდის, თუმცა ფაქტია, რომ სოციალურ ქსელებში სხვადასხვა მეთოდებით საქართველოშიც არაერთი პირი თაღლითობს.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებმა მსგავსი დანაშაულების წინააღმდეგ უკვე დაიწყო სერიოზული ნაბიჯების გადადგმა, რადგან, ნიუ–იორკის პოლიციის განცხადებით, 2015 წელს პერსონალირი ინფორმაციის ქურდობითა და დოკუმენტების გაყალბებით ქვეყანამ 36 მილიარდი დოლარით იზარალა. გასულ წელს მხოლოდ ნიუ–იორკის პოლიციაში იდენტობის ქურდობაზე 4,700 საჩივარი შევიდა. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, იდენტობის ქურდობით ჩადენილი დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

მასალების გადაბეჭდვის წესი