პროკურორი: სოსო ოხანაშვილს სრული უფლება ჰქონდა, ქვეყანა დაეტოვებინა

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის თქმით, პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსს, სოსო ოხანაშვილს სრული უფლება ჰქონდა, დაეტოვებინა საქართველო.

“პატრიარქის ყოფილ დაცვის უფროსს სრული უფლება ჰქონდა, ქვეყანა დაეტოვებინა, რადგან ის საქმეში მოწმის სტატუსით იყო”, – განაცხადა წიკლაურმა დღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე.

დღეს, 5 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ბადრი შონია განიხილავს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს, რომელსაც ბრალად პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ანგარებით მკვლელობის მომზადება ედება. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა (სსკ 18, 109 და 236-ე მუხლები).

მამალაძისთვის წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

გამოძიების ცნობით, 2017 წლის 2 თებერვალს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შორენა თეთრუაშვილთან და სხვა პირებთან ერთად სამკურნალოდ გაემგზავრა გერმანიაში.

“გიორგი მამალაძემ აღნიშნული ფაქტი მიიჩნია ხელსაყრელ ვითარებად, ვინაიდან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეინიღბებოდა მისი განზრახვა. ამავდროულად, მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით გამოწვეული სიკვდილის მიზეზისა და დანაშაულის ჩამდენი პირის დადგენა გართულდებოდა საგრძნობლად”, – აცხადებს პროკურატურა.

გამოძიების ცნობით, გიორგი მამალაძემ უმოკლეს ვადაში შეიძინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი 0,8740 გრამი მომწამვლელი ნივთიერება „ნატრიუმის ციანიდის“ შემცველი ფხვნილი.

2017 წლის 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი მამალაძე დააკავეს. პროკურატურის ცნობით, მისი ბარგის დათვალიერებისას ამოიღეს ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამვლელი ნივთიერება “ნატრიუმის ციანიდი”.

თავად გიორგი მამალაძე ბრალდებებს არ აღიარებს. იგი ამბობს, რომ ციანიდის შეძენა მას თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა, თუმცა საბოლოოდ არ შეუძენია და რომ ციანიდის მის ბარგში არ ყოფილა და ჩაუდეს.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ცალკე წარმოებად გამოყო კიდევ ერთი საქმე, რომელიც ეხება საპატრიარქოს მაღალი რანგის პირების შესაძლო მკვლელობას პირთა ჯგუფის მიერ. ოხანაშვილი ე.წ. ციანიდის საქმეზე მოწმის სტატუსითაა დაკითხული. მან მამალაძის დაკავების შემდეგ დატოვა პატრიარქის დაცვის უფროსის თანამდებობა, ხოლო რამდენიმე დღის წინ დატოვა საქართველოც. მისი ცოლის – ეკა შიოლაშვილის განცხადებით, ოხანაშვილი გერმანიაში სამუშაოდ გაემგზავრა. სოსო ოხანაშვილი პატრიარქის ძმისშვილის – ბათუმის მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის ქალიშვილის ქმარია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი