ახალი ამბებისამართალი

დეკანოზის ადვოკატი: ვიშუამდგომლებთ გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლობაზე

5 მაისი, 2017 • 4744
დეკანოზის ადვოკატი: ვიშუამდგომლებთ გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლობაზე

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ დაცვის მხარე სასამართლოს წინაშე იშუამდგომლებს გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლობის მოთხოვნაზე:

“დავაყენებთ შუამდგომლობებს გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშრებით. ასევე, წინასწარი პატიმრობის გირაოთო შეცვლაზე გვექნება შუამდგლომლბები და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება შუამდგლომლობა საერთოდ მკვლელობის მომზადების ნაწილში, რამდენად არის მაღალი ალბათობის ხარისხი, გამოვიდეს გამამტყუნებელი განაჩენი და ამის საფუძველზე გადაეცეს საქმე არსებით ანუ მთავარ განხილვაზე. შესაბამისად, ძალიან დატვირთული პროცესი იქნება”, – განაცხადა ფანცულაიამ დღევანდელი პროცესის დაწყებამდე.

მისი თქმით, ეს საქმე სასამართლოსთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი:

“პირველ რიგში, საჯარო უნდა იყოს პროცესი, რათა კითხვის ნიშნები არ დარჩეს საზოგადოებას”, – აცხადებს ადვოკატი.

დღეს, 5 მაისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ბადრი შონიამ დაიწყო დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა. მამალაძეს ბრალად პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ანგარებით მკვლელობის მომზადება ედება. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა (სსკ 18, 109 და 236-ე მუხლები).

მამალაძისთვის წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

ჯერ უცნობია, დაიხურება თუ არა დღევანდელი წინასასამართლო სხდომა. პროკურატურას სურს, რომ პროცესი იყოს დახურული, თუმცა საჯარო განხილვის მომხრეა ბრალდებული და მისი დაცვის მხარე, ასევე, საპატრიარქო.

გამოძიების ცნობით, 2017 წლის 2 თებერვალს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შორენა თეთრუაშვილთან და სხვა პირებთან ერთად სამკურნალოდ გაემგზავრა გერმანიაში.

“გიორგი მამალაძემ აღნიშნული ფაქტი მიიჩნია ხელსაყრელ ვითარებად, ვინაიდან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეინიღბებოდა მისი განზრახვა. ამავდროულად, მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით გამოწვეული სიკვდილის მიზეზისა და დანაშაულის ჩამდენი პირის დადგენა გართულდებოდა საგრძნობლად”, – აცხადებს პროკურატურა.

გამოძიების ცნობით, გიორგი მამალაძემ უმოკლეს ვადაში შეიძინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი 0,8740 გრამი მომწამვლელი ნივთიერება „ნატრიუმის ციანიდის“ შემცველი ფხვნილი.

2017 წლის 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი მამალაძე დააკავეს. პროკურატურის ცნობით, მისი ბარგის დათვალიერებისას ამოიღეს ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამვლელი ნივთიერება “ნატრიუმის ციანიდი”.

თავად გიორგი მამალაძე ბრალდებებს არ აღიარებს. იგი ამბობს, რომ ციანიდის შეძენა მას თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა, თუმცა საბოლოოდ არ შეუძენია, ციანიდი მის ბარგში არ ყოფილა და ჩაუდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი