ზაფხულში რეაბილიტაციის გამო პეკინის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს თბილისში, პეკინის გამზირზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. სამუშაოებთან დაკავშირებით ზაფხულის განმავლობაში გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

გამზირის რეაბილიტაციის დასრულებას კეთილმოწყობის სამსახურში სექტემბრის პირველ ნახევარში ვარაუდობენ, თუმცა სამუშაოების დაწყების ზუსტი თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის.

“სავარაუდოდ, როდესაც დასრულდება სკოლასა და საბავშვო ბაღებში სწავლა, სამუშაოები მაშინ დაიწყება. დაველოდებით ქალაქის განტვირთვას. სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს დაიწყება სამუშაოები და კაპიტალურად შეკეთდება მთელი გამზირი. ბიუჯეტიდან დაახლოებით 2 მლნ. ლარი გამოიყოფა ამ სამუშაოებისათვის. მაქსიმუმ 2 თვე გაგრძელდება ეს ყველაფერი და, სავარაუდოდ, 15 სექტემბრისთვის დასრულდება,” – აცხადებენ კეთილმოწყობის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

სამსახურის ინფორმაციით, მთლიანი გამზირი ერთიანად არ გადაიკეტება – ჯერ შეკეთდება გამზირის ერთი ნაწილი, ხოლო შემდეგ- მეორე. საავტომობილო მოძრაობა კი უმეტესად იქნება ცალმხრივი. ასევე შეიქმნება ალტერნატიული მარშრუტები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი