ახალი ამბებისამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. ციანიდის საქმის განხილვას იწყებს

5 მაისი, 2017 • 4409
თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. ციანიდის საქმის განხილვას იწყებს

დღეს, 5 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ბადრი შონია განიხილავს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს, რომელსაც ბრალად პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ანგარებით მკვლელობის მომზადება ედება. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა (სსკ 18, 109 და 236-ე მუხლები).

მამალაძისთვის წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

წინასასამართლო სხდომა 11:00 საათისთვისაა დანიშნული. სხდომის პარალელურად გიორგი მამალაძის მხარდამჭერებს გამოცხადებული აქვთ, რომ ისინი გამართავენ აქციას სასამართლოსთან. სასამართლოში უკვე მივიდა დაკავებული დეკანოზის ადვოკატი გიორგი ფანცულაია.

გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია ციანიდის საქმის მასალებით მივიდა სასამართლოში. 5.05.2017. ფოტო: მიშა მეფარიშვილი

გამოძიების ცნობით, 2017 წლის 2 თებერვალს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შორენა თეთრუაშვილთან და სხვა პირებთან ერთად სამკურნალოდ გაემგზავრა გერმანიაში.

“გიორგი მამალაძემ აღნიშნული ფაქტი მიიჩნია ხელსაყრელ ვითარებად, ვინაიდან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეინიღბებოდა მისი განზრახვა. ამავდროულად, მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით გამოწვეული სიკვდილის მიზეზისა და დანაშაულის ჩამდენი პირის დადგენა გართულდებოდა საგრძნობლად”, – აცხადებს პროკურატურა.

გამოძიების ცნობით, გიორგი მამალაძემ უმოკლეს ვადაში შეიძინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი 0,8740 გრამი მომწამვლელი ნივთიერება „ნატრიუმის ციანიდის“ შემცველი ფხვნილი.

2017 წლის 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი მამალაძე დააკავეს. პროკურატურის ცნობით, მისი ბარგის დათვალიერებისას ამოიღეს ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამვლელი ნივთიერება “ნატრიუმის ციანიდი”.

თავად გიორგი მამალაძე ბრალდებებს არ აღიარებს. იგი ამბობს, რომ ციანიდის შეძენა მას თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა, თუმცა საბოლოოდ არ შეუძენია, ციანიდი მის ბარგში არ ყოფილა და ჩაუდეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი