ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილი: კანონდება ხმების მითვისება

4 მაისი, 2017 • 2195
გიორგი მარგველაშვილი: კანონდება ხმების მითვისება

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით,  გაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისათვის მიკუთვნებით ხმების უკანონოდ მითვისების დაკანონება მოხდება, რისთვისაც ხალხი წინა ხელისუფლებას უპირისპირდებოდა.

საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის შესახებ პრეზიდენტმა დღეს სოხუმის სახელმწიფო უნიერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორებთან შეხვედრისას ისაუბრა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ქვეყანაში სუსტი პოლიტიკური პარტიების არსებობის პირობებში, კონსტიტუციაში 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დატოვება და ამასთან ერთად, საარჩევნო ბლოკებად გაერთიანების აკრძალვა, ქართული პოლიტიკური ტრადიციის წინააღმდეგ წასვლაა, რადგან სწორედ პოლიტიკური ბლოკებია ქართული პოლიტიკური ტრადიციის ნაწილი.

მარგველაშვილის შეფასებით, პარლამენტი ძლიერი იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ ის ორპალატიან მოდელზე გადავიდოდა:

“საუბარია, თითქოს ორპალატიანი პარლამენტის შექმნას ხელს უშლის დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა, რაც არანაირ კავშირში არაა რეალობასთან. არსებულ ვითარებაში სრულიად შესაძლებელია ორპალატიანი პარლამენტი. ის პრობლემა და ტრაგედია, რაც ჩვენ გვჭირს, ეს მოგვარებადია საკანონმდებლო თვალსაზრისით. ძლიერი პარლამენტი იქნებოდა მაშინ, როდესაც მას ექნებოდა მთავრობაზე კონტროლის მაღალი ხარისხი. ორპალატიანი პარლამენტის შემთხვევაში მაჟორიტარების პრობლემაც მოგვარდებოდა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით, საპარლამენტო მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს მაინც. გაუნაწილებელ მანდატებს კი არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტია მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი