თამარ ჩუგოშვილი ქორთიარდ მარიოტში, კვლევის "ოცი წელი საპარლამენტო კონტროლის გარეშე" პრეზენტაციაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 15.03.2017

ჩუგოშვილი: კონსტიტუციის სახალხო განხილვების პროცესში პრეზიდენტის მოპატიჟება გვინდა

პარლამენტის ვიცესპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობას კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის სახალხო განხილვის პროცესში პრეზიდენტის მიპატიჟება სურს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“კარგი იქნება, თუ  პალრამანეტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი მოსახლეობას ერთობლივად გაესაუბრებიან და საკონსტიტუციო ცვლილებებს გააცნობენ. მით უმეტეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პრეზიდენტს ეს პროცესი გარკვეული პერიოდია დაწყებული აქვთ,” – ამბობს ჩუგოშვილი.

მისი თქმით,  უმრავლესობის  მიზანი არ არის, რომ პროექტის განხილვის პროცესმა კონფრონტაციული ხასიათი მიიღოს:

“პირიქით, ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მსჯელობა საგნობრივ დისკუსიაში გადავიდეს და მოსაზრებები ერთმანეთს მედიის მეშვეობით კი არ გავუზიაროთ, არამედ ასეთ შეხვედრებზე და საუბრების დროს. ახლა უფრო გაფანტულია პროცესი, როცა ორი პარალელური პროცესი მიმდინარეობს,”- განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსაც შეუძლიათ, რომ სახალხო განხილვის პროცესში  მონაწილეობა მიიღონ, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობას სურს, პროცესში მონაწილეობა პრეზიდენტმა მიიღოს.

3 მაისს საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტს სურს, ჩაერთოს კონსტიტუციის შესახებ საერთო-სახალხო განხილვებში და პარლამენტის შეთავაზებას ელოდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.