ახალი ამბები

აშშ შესაძლოა იმ ქვეყნებს აღარ დაეხმაროს, რომლებიც აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს აღიარებენ

4 მაისი, 2017 • 2958
აშშ შესაძლოა იმ ქვეყნებს აღარ დაეხმაროს, რომლებიც აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს აღიარებენ

აშშ შესაძლოა ფინანსურად აღარ დაეხმაროს იმ ქვეყნებს, რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ. ამის შესახებ ბიუჯეტის პროექტშია ნათქვამი. 3 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა მხარი დაუჭირა მიმდინარე წლის განახლებული ბიუჯეტის პროექტს, რომელიც დასამტკიცებლად უკვე სენატს გადაეცა.

დოკუმენტში,  თავდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსების სექციაში, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია რუსეთის გავლენასა და მის აგრესიაზე წინააღმდეგობის გაწევის შესახებ.

ბიუჯეტის პროექტის ამ ნაწილში ნათქვამია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ეკრძალება, ფინანსურად დაეხმაროს ისეთ ქვეყნებს, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და აქვთ დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან. ამერიკის სახელმწიფოს ეკრძალება ნებისმიერი სახის საქმიანობა, რაც ხელს შეუწყობს ამ რეგიონებში რუსული გავლენის გაძლიერებას.

სქრინი დოკუმენტიდან წყარო: www.gpo.gov

სქრინი დოკუმენტიდან წყარო: www.gpo.gov

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ადმინსიტრაციას თანხის დახარჯვა ეკრძალება ისეთ საქმიანობებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას, ან იმ ქვეყნებისას, რომლებიც ყირიმზე რუსეთის უფლებებს აღიარებენ. აშშ-ის ფინანსთა სამინსიტროს დაევალა ამერიკული კომპანიების მონიტორინგი, რათა მათ არ განახორციელონ საქმიანობა ყირიმში და არ შელახონ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა.

ასევე, ბიუჯეტიდან თანხების გაცემა აკრძალულია პირდაპირ რუსეთის ფედერაციისათვის, ან ისეთი პროექტებისთვის, სადაც ჩართული არიან რუსეთის სახელმწიფო პირები.

აშშ-ის სენატი ბიუჯეტის პროექტზე 6 მაისს იმსჯელებს და დამტკიცების შემთხვევაში პრეზიდენტს გაუგზავნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი