ახალი ამბები

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის წესები შეიცვალა

4 მაისი, 2017 • 17002
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის წესები შეიცვალა

დღეს, 4 მაისს, პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით, 86 ხმით  დაამტკიცა “შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის” შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.

კანონპროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია შემდეგი ცვლილებების განხორციელება შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში:  პრინციპების დონეზე ხდება გასაშვილებელი და მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული ბავშვისთვის უპირატესი გარემოს განსაზღვრა და აღიარება, როგორიცაა: ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდა, მეურვეობა/მზრუნველობა, შვილად აყვანა, მინდობით აღზრდა.

ცვლილებების მიხედვით, კანონი გამოიყენება საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის მიმართ, რომელსაც სურს საქართველოში ან/და უცხო ქვეყნიდან ბავშვის შვილად აყვანა; უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირის მიმართ, რომელსაც სურს საქართველოდან ბავშვის შვილად აყვანა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის მიმართ, რომელსაც სურს საქართველოში ბავშვის მინდობით აღზრდა.

პროექტით, ახალ კატეგორიად განისაზღვრა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვი, რაც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ან ჯანმრთელობის ან ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვებს, რომელთაც ესაჭიროებათ სპეციფიკური  ზრუნვა და აღზრდა, რაც თავის მხრივ, მოითხოვს შესაბამისი წესით გადამზადებული მშვილებელი ან მინდობით აღმზრდელი ოჯახების შერჩევას.

ამასთან,  მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალურ ორგანოში იქმნება სათათბირო ორგანო – თავსებადობის კომისია, რომელიც იკრიბება გამონაკლის შემთხვევებში (ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით), რათა მონაწილე მხარეების ჩართვის გზით მიღებული იქნას გადაწყვეტილება თავსებადობის პროცესში გამოვლენილ საკითხებთან დაკავშირებით.

სავალდებულო მოთხოვნად განისაზღვრა შვილად აყვანის მსურველი და მინდობით აღზრდის მსურველი პირებისთვის მშვილებელთა ან მინდობით აღმზრდელთა მიერ სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლა – სერტიფიცირება, რაც წარმოადგენს შვილად აყვანის მსურველი პირების გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა ერთიანი რეესტრში აღრიცხვის ერთ-ერთ საფუძველს. ამასთან, მოსამზადებელი კურსი დაეხმარება მშვილებელ პირებს/პირს შეიძინონ ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისა და ზრუნვისთვის საჭირო უნარ–ჩვევები. ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირების (პირის) მიერ სავალდებულო მოსამზადებელი კურსის წარმატებით გავლის შემდეგ გაიცემა კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატი, რომელიც შვილად აყვანის მსურველმა პირებმა/პირმა სხვა დოკუმენტებთან ერთად უნდა წარუდგინონ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს. სავალდებულო მოსამზადებელი კურსის წარმატებით გავლა ასევე აუცილებელი წინაპირობაა მინდობით აღზრდის მსურველი პირებისთვის მინდობით აღმზრდელ პირთა რეესტრში აღრიცხვისთვის.

მოქმედი კანონმდებლობით, ბავშვი მიტოვებულად აღიარებას ექვემდებარება, თუ ბავშვის 24-საათიან სახელმწიფო ზრუნვაში ყოფნის ხანგრძლივობა აღემატება 6 თვეს (გარდა მშობლის (მშობლების) ჯანმრთელობის არასათანადო მდგომარეობის ან მშობლის (მშობლების) პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ყოფნის შემთხვევებისა) და ბავშვის მშობელს (მშობლებს) შეჩერებული ან შეზღუდული აქვს (აქვთ) მშობლის უფლება‐მოვალეობები. წარმოდგენილი ცვლილებით აღნიშნული 6-თვიანი ვადა შემცირდა 3 თვემდე.

კანონპროექტის მიხედვით,  ბავშვის მიტოვებულად აღიარების საფუძვლებს ემატება ის შემთხვევა, თუ დადგინდა, რომ მშობელი, არასაპატიო მიზეზით არ იჩენს სისტემატიურ ყურადღებას ბავშვის მიმართ და მიუხედავად მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს გაფრთხილებისა, 2 თვის განმავლობაში კვლავ არ ინტერესდება შვილის ბედით, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ვალდებულია განიხილოს ბავშვის მიტოვებულად აღიარების ან მშობლის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის საკითხი. განხილვის შედეგები უნდა ეცნობოს სააგენტოს.

გარდა ამისა,  მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები. საპატიო მიზეზის არსებობისას სასამართლომ შესაძლებელია შეცვალოს ეს ასაკობრივი სხვაობა. მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობა 10 წლამდე ასაკის ბავშვის გაშვილების შემთხვევაში არ უნდა იყოს 49 წელზე მეტი (ზედა ასაკობრივი ზღვარი). გამონაკლის შემთხვევებში, მაქსიმალური სხვაობა 7 წლიდან 10 წლამდე ასაკის ბავშვის გაშვილების დროს, შესაძლებელია იყოს 49 წელზე მეტი, თუ ეს შესაბამება მის ინტერესებს. ზედა ასაკობრივი ზღვარი არ ვრცელდება  ქორწინებაში მყოფ მშვილებლებზე, როდესაც რომელიმე მათგანი აკმაყოფილებს ამავე პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირების მიერ ბავშვის შვილად აყვანის დროს არ მოქმედებს ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით დაწესებული ასაკობრივი შეზღუდვა.

სავალდებულო ხდება საქართველოში მუდმივად მცხოვრების მშვილებლების (მშვილებლის) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია, რაც თავის მხრივ ასახავს ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელს და ადასტურებს მითითებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტს. საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის, რომელთაც სურთ ბავშვის შვილად აყვანა მკაცრდება ნასამართლობასთან დაკავშირებული პირობები, კერძოდ, პირი ვერ იქნება მშვილებელი, თუ იგი ნასამართლევია კანონპროექტში გასაზღვრული სისხლის სამართლის კოდექსის გარკვეული მუხლებით, მიუხედავად იმისა მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს თუ არა ნასამართლობა. ეს მუხლებია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, 109, 112, 126-ე მუხლის 11 ნაწილითა და მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 137, 138, 139, 140, 141, 1422, 1431, 1432, , 1441, 1442, 1443, 171, 172, 1721, 253, 2551, 2552.

“აღნიშნულ ცვლილებით წესდება ბავშვის უფლებების დაცვის, მისი ოჯახში სრულფასოვნად აღზრდის მაღალი სტანდარტი, რაც თავის მხრივ, ამცირებს ბავშვის არასათანადო პირობებში მოხვედრის რისკებს,-აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის მიხედვით,  მშვილებლები (მშვილებელი) ვალდებულნი არიან შეთავაზებიდან 5 სამუშაო დღეში, წერილობით დაადასტურონ პოზიცია (თანხმობა/უარი) შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანაზე. ხოლო, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ერთი და იმავე მშვილებელი პირებისთვის/პირისთვის ახორციელებს მხოლოდ 2 შეთავაზებას რეესტრში აღრიცხული ბავშვის შვილად აყვანის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ მშვილებლებმა/მშვილებელმა ორივეჯერ უარი განაცხადეს შეთავაზებაზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას მშვილებლების (მშვილებლის) აღრიცხვიდან მოხსნის თაობაზე.

ცვლილებების მიხედვით, იკრძალება შვილად აყვანის თაობაზე ბავშვის ბიოლოგიური მშობლების/მშობლისა და მშვილებლების/მშვილებლის მიერ სააგენტოსთვის ერთობლივი მიმართვის შემთხვევები, ვინაიდან მოქმედი რეგულაცია უფლებას ანიჭებს დაინტერესებულ მხარეებს (ბიოლოგიური მშობელი და მშვილებელი) თავად განსაზღვრონ ბავშვის მიტოვების შემდეგ მშვილებელი გარემო, რაც ზღუდავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სრულფასოვან ჩართულობას ამ კატეგორიის ბავშვების გამოვლენის, სამართლებრივი სტატუსის დადგენისა და მათი საჭიროებების შესაბამისად, უპირატესი მშვილებელი პირების/პირის შეთავაზების თვალსაზრისით. ხოლო, გაშვილებული ბავშვის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული მონაცემების შეცვლა განხორციელდება მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. ამასთან, მინდობით აღმზრდელ ოჯახში შესაძლებელია განთავსდეს არასრუწლოვანი, შვილთან ერთად.

კანონპროექტის თანახმად, მინდობით აღსაზრდელი, რომელიც იმყოფებოდა მინდობით აღზრდაში 18 წლის ასაკის მიღწევისას, შეუსრულდა 18 წელი და არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის მოსწავლე ან პროფესიული საგანმანათლებლო  დაწესებულების პროფესიული სტუდენტი, შეუძლია დარჩეს მინდობით აღზრდაში სწავლის დასრულებამდე.

„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ მოქმედ კანონში მოცემულია 2 ტერმინის განმარტება: „მიმღები ოჯახი“ და „დედობილ/მამობილი“. კანონპროექტის მიხედვით, ამ ტერმინების ნაცვლად იარსებებს ერთი ტერმინი – „მინდობით აღმზრდელი“:

“რაც პრაქტიკული თვალსაზრისით უფრო მოსახერხებელია, რადგან მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულება ფორმდება ერთ პირთან (დედობილი, ან მამობილი) და არა ოჯახთან. შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურების განხორციელებისას, მოხდება 10 წლამდე ასაკის ბავშვის აზრის გათვალისწინება მისი ჯანმრთელობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით,” – ვკითხულობთ განამრტებით ბარათში.

მასალების გადაბეჭდვის წესი