ახალი ამბებისაზოგადოება

გაბრაზებულხართ ექიმზე? გაბრაზებულხართ პაციენტზე? – მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა

4 მაისი, 2017 • 7137
გაბრაზებულხართ ექიმზე? გაბრაზებულხართ პაციენტზე? – მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა

თქვენ თუ არა, თქვენ ირგვლივ მაინც იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ჰქონიათ განცდა, რომ ექიმი ან სამედიცინო დაწესებულება ცუდად მოემსახურა, არასწორი დიაგნოზი დაუსვა, არასაკმარისად უმკურნალა და დააზარალა.

სად მიდიან და სად უნდა წავიდნენ ასეთი პაციენტები? რას აკეთებს სახელმწიფო იმისათვის, რომ პაციენტებმა დაცულად იგრძნონ თავი და უსამართლობის ისეთი შეგრძნებით არ იცხოვრონ, როგორც ჩვენი რესპონდენტები –  ნიკოლოზ კეთილაძის მშობლები ცხოვრობენ. მათ მიაჩნიათ, რომ მცირეწლოვანი შვილი არასათანადო მკურნალობის გამო დაეღუპათ. რას აკეთებს სახელმწიფო იმისათვის, რომ არ დაზარალდნენ ექიმები, რომლებიც კოლეგების შეცდომებისა თუ დაბალი კვალიფიკაციის გამო საყოველთაო უნდობლობის ობიექტები ხდებიან?

ექიმზე გაბრაზებულმა აკა სინჯიკაშვილმა, მაგალითად, სოციალურ ქსელს მიმართა.

[red_box]სინჯიკაშვილის მეთოდი[/red_box]

აკა სინჯიკაშვილი ცნობილია თავისი საქველმოქედო აქციებით. ამ აქციებისთვის ძირითადად ფეისბუქს იყენებს _ აქვეყნებს ინფორმაციას ამა თუ იმ გაჭირვებული ადამიანის, ოჯახის, ბავშვის და მათი საჭიროებების შესახებ და მოუწოდებს ადამიანებს, დაეხმარონ. სოციალურად დაუცველებისთვის პირადად აგროვებს ტანსაცმელს, ფულს და მიაქვს მათთან ადგილზე. აკა სოციალურ ქსელში და რეალურ სამყაროშიც უკვე ძალიან პოპულარულია.

ერთხელაც, 2017 წლის იანვარში, როცა სოციალურად დაუცველი ბავშვი რეგიონიდან ჩამოიყვანა და თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მიიყვანა, აკამ სამედიცინო მომსახურება ვერ მიიღო. მან ფეისბუქზე გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც აღწერა, რომ ექიმმა სამუშაო დროს ბავშვს ყურადღება არც კი მიაქცია და უთხრა, რომ მალე სამუშაო საათები იწურებოდა. სინჯიკაშვილს თავის პოსტში არ დაუსახელებია ექიმი, თუმცა დაასახელა კლინიკა.

სტატუსმა ბევრი ადამიანი აღაშფოთა – ისინი ექიმის დასჯას მოითხოვდნენ, თან თავიანთი გამოცდილების შესახებაც წერდნენ.

სინჯიკაშვილის თქმით, ასეთი მძაფრი რეაქცია მისთვის მოულოდნელი იყო და „ექიმიც ძალიან ცუდ დღეში“ ჩავარდა.

აკა ამბობს, რომ მის პრეტენზიებზე კლინიკას დროული რეაგირება ჰქონდა – ბავშვს ამჟამად უფასოდ მკურნალობენ, სამედიცინო დაწესებულება ექიმის სამსახურიდან დათხოვნას აპირებდა. თუმცა, როგორც აკა ამბობს, კლინიკის ხელმძღვანელობას სთხოვა, მის გამო ექიმი არ დაეთხოვათ სამსახურიდან. აკას თხოვნამ გაჭრა და ექიმი დატოვეს. თავად კლინიკა ამ ისტორიაზე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

სოციალურ ქსელშივე ბევრი აკრიტიკებდა სინჯიკაშვილს ამ პოსტის გამო, რადგან ექიმი არაპროპორციული აგრესიის ობიექტი გახდა. საბოლოოდ მან ეს პოსტი წაშალა, ამბობს, რომ ექიმის მიმართ ისეთი აგრესია იყო, მეც შემრცხვაო.

აკა სინჯიკაშვილს ვკითხეთ, რატომ გადაწყვიტა, რომ ექიმის საქციელზე უკმაყოფილება ფეისბუქზე გამოეთქვა და არ მიმართა ექიმთა რეგულირების სააგენტოს, რომელიც მსგავსი შემთხვევებისთვის არსებობს.
„ყველამ იცის, რომ ფეისბუქზე ან ნებისმიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ამბავი უფრო ეფექტურია, ვიდრე რეგულაციების სამსახური. როცა მისი არსებობის შესახებ ადამიანებმა არ იციან, ესე იგი, ეფექტური არ არის. მართლა არ ვიცოდი, მაგრამ რომ მცოდნოდა, სავარაუდოდ, პროცედურები დასჭირდება, იქ მისვლა, ვიღაცასთან წერილის დაწერა… მე მაგდენი დრო არ მაქვს. ახლაც ფშავში ვარ, მთელი დღე სადღაც ვარ წასული… რაც შემეძლო, ის გავაკეთე და შედეგიც მოიტანა,“ –  ამბობს აკა სინჯიკაშვილი.

[blue_box] მეორე და ტრადიციული გზა პაციენტებისთვის – მედია [/blue_box]

ჯერ კლინიკაშივე სცადა საკუთარი პრობლემის მოგვარება 18 კვირის ორსულმა ნინო ჩაკვეტაძემ, შემდეგ კი მედიას მიმართა. ეს ისტორია თავდაპირველად მისი წერილიდან გავიგეთ, რომელიც რედაქციის ელექტრონულ ფოსტაზე გამოგვიგზავნა.

ნინო ჩაკვეტაძე გვიყვება, რომ კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა გადაიყვანა, გამოწერისას კი გადახდილი თანხის რაოდენობის სისწორეში ეჭვი შეეპარა. „მიმღებში მითხრეს, რომ კალკულაციის მისაღებად ორი დღის შემდეგ მივსულიყავი“, უთხრა მან „ბათუმელებს“. როდესაც მივიდა, მისივე თქმით, აღმოაჩინა, რომ ხარჯებს დამატებული ჰქონდა მიმღები ექიმის კონსულტაციის საფასური _ 40 ლარი, ისე, რომ ეს ექიმი თვალითაც კი არ ჰყავდა ნანახი.

მანამდე კი, როგორც ნინო ჩაკვეტაძე ამბობს, დარეკა ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე და იკითხა, რატომ არ დაუფინანსეს გადაუდებელი მომსახურება. კლინიკაში ვითარების გარკვევის შემდეგ ცხელი ხაზიდან აცნობეს, რომ არ დაფინანსდა, რადგან მოსალოდნელი აბორტის დიაგნოზი ჰქონდა დასმული.

„ყბა ჩამომივარდა. ჩემთვის ეს დიაგნოზი არავის გაუცნია,“ –  გვეუბნება ნინო ჩაკვეტაძე. ამის შემდეგ, როდესაც კლინიკაში დაბრუნდა და კალკულაციასთან ერთად ფორმა 100-იც ნახა, იქ მართლაც ეწერა მოსალოდნელი აბორტის დიაგნოზი. ჩაკვეტაძის თქმით, ფორმა 100-ში ასევე საუბარია ენის სიმშრალესა და შებერილობაზე, რის შესახებაც მისთვის არავის უკითხავს და ეს ჩივილები არც ჰქონია. ასევე გვითხრა, რომ სამედიცინო ისტორიაში აღმოაჩინა დოკუმენტი მისი ხელმოწერით, თუმცა ამბობს, რომ ხელმოწერა მას არ ეკუთვნის.

„როდესაც შევედი გენერალური დირექტორის მოადგილესთან, პრეტენზიები გამოვუცხადე მოადგილეს, მიმღების გამგეს და გინეკოლოგს. განვაცხადე, რომ დიაგნოზი არ გამაცნეს, გინეკოლოგმა მითხრა, რომ სიტყვები – მოსალოდნელი აბორტის საშიშროება ჟღერს საშიშად, ფეხმძიმესთვის განსაკუთრებით, ეს სიტყვები ამიტომ არ გითხარიო, თუმცა დაგინიშნე მედიკამენტი, რომელიც შენს მდგომარეობას გააუმჯობესებდაო… მამშვიდებს, რომ კარგად ვარ, სახლში მიშვებს და ორი დღის შემდეგ ვიგებ, რომ თურმე მოსალოდნელი აბორტის საშიშროების ქვეშ ვიყავი? ფორმა 100 მივიღე ორი დღის შემდეგ. რომ არ მომეთხოვა, საერთოდ ვერ გავიგებდი ამ დიაგნოზის შესახებ“, – ამბობს ნინო.

ნინო ჩაკვეტაძის თქმით, დირექტორის მოადგილისგან ვერ მიიღო კითხვებზე პასუხები – მან შესთავაზა, რომ დაეწერა განცხადება, რომელსაც კლინიკაში განიხილავდნენ. ნინო ჩაკვეტაძე ფიქრობს, რომ ეს შეთავაზება მისი თავიდან მოშორების მცდელობა იყო და წერილი არ დაუწერია.

„პირად შეურაცხყოფაზე გადმოვიდნენ. როდესაც არგუმენტები ვერ მოჰყავდათ ჩემი მტკიცების საწინააღმდეგოდ, გენერალური დირექტორის მოადგილე ადგა, იდაყვში ხელი მომკიდა და გამომაგდო კაბინეტიდან,“ – ამბობს ნინო ჩაკვეტაძე.

კითხვაზე, იცის თუ არა, რომ შეუძლია რეგულირების სააგენტოს მიმართოს, ამბობს, რომ ეს მისთვის არავის უთქვამს, მათ შორის, არც ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის ოპერატორს, რომელსაც უთხრა, რომ კლინიკიდან ისე წამოვიდა, დიაგნოზი არ იცოდა.

„მსგავს სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ. მჭირდება, ვინმემ დამაკვალიანოს და ვცდილობ, მაქსიმალურად ვიყო ინფორმირებული,“ – გვითხრა ნინო ჩაკვეტაძემ. იგი ამბობს, რომ აპირებს ბრძოლას საკუთარი უფლებების დასაცავად.

სააგენტო, რომლის გვერდის ავლით აკა სინჯიკაშვილმა კონკრეტული „შედეგის“ მიღება შეძლო, ნინო ჩაკვეტაძეს კი ჯერ არ მიუმართავს, სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტია უკმაყოფილო პაციენტებისთვის.

ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/MAREK ZAKRZEWSKI POLAND OUT

ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/MAREK ZAKRZEWSKI POLAND OUT

 

გზა ექიმის მიმართ არსებული პრეტენზიების დროს

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ის უწყებაა, რომელიც პაციენტების უფლებების დარღვევებს იხილავს.

ოფიციალური ინფორმაციით, რეგულირების სააგენტომ 2016 წელს მოქალაქეების 153 საჩივრის საფუძველზე 196 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი განიხილა. აქედან 103 ექიმს წერილობით გაფრთხილება მისცა, ხოლო 96 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადა 1-დან 6 თვემდე ვადით შეუჩერა.

სააგენტო, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის, პაციენტების საჩივრების საფუძველზე კლინიკიდან გამოთხოვილ დოკუმენტებს შეისწავლის. ის არ არის საგამოძიებო ორგანო და ვერ მოითხოვს, მაგალითად, კამერების ჩანაწერების ამოღებას.

თითოეული საჩივარი სააგენტოში შესვლიდან საბოლოო პასუხის მიღებამდე რამდენიმე ეტაპს გადის.

სააგენტოს უფროსის მოადგილე, თეიმურაზ პირველაშვილი განმარტავს, რომ სააგენტოში შესული საჩივარი კონტროლის დეპარტამენტს ეწერება. სააგენტო ამ საჩივრის საფუძველზე სამედიცინო დაწესებულებიდან დოკუმენტაციის ამოღების უფლებას სასამართლოს ნებართვის შემდეგ მოიპოვებს.

კლინიკიდან დოკუმენტების მიღების შემდეგ სააგენტო ამოწმებს, რამდენად კანონის დაცვით არის სამედიცინო დოკუმენტაცია გაფორმებული. რაც შეეხება კლინიკურ ნაწილს, სააგენტო ამას თვითონ არ აფასებს და დოკუმენტაციას სარეცენზიოდ ტენდერში გამარჯვებულ პროფესიულ ასოციაციას უგზავნის.

2013 წლიდან სააგენტოს ტენდერში ერთი და იგივე ორგანიზაცია, „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება“ იმარჯვებს. ასოციაცია 2011 წელს დაარსდა და მისი აღმასრულებელი მდივანი არჩილ მორჩილაძეა. ასოციაციას პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ამსახველი სამედიცინო დოკუმენტაციის რეცენზირება ევალება.

სატენდერო პირობების თანახმად, თითოეულ შემთხვევაზე, რეცენზენტთა შერჩევისას, ასოციაციამ უნდა უზრუნველყოს შემთხვევის ანონიმურობა და ინტერესთა კონფლიქტის აცილება.

სააგენტოს მოთხოვნების თანახმად, თითოეულ მოთხოვნილ სპეციალობაზე პრეტენდენტს, მოცემულ შემთხვევაში უკვე გამარჯვებულ ასოციაციას, უნდა ჰყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციისა და რაოდენობის პერსონალი, შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

თითოეულ რეცენზენტს უნდა ჰქონდეს კონკრეტულ სპეციალობაში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი სტაჟი; რეცენზენტს უნდა გააჩნდეს სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის სპეციალობაში; თითოეულ სპეციალობაზე არანაკლებ ერთ რეცენზენტს სავალდებულოა ჰქონდეს შესაბამისი სამეცნიერო ხარისხი.

სწორედ ეს რეცენზენტები განიხილავენ საგენტოს მიერ გაგზავნილ დოკუმენტებს და რეცენზიას წერენ, რომელსაც შემდეგ აწვდიან სააგენტოს, სადაც კიდევ ერთხელ განიხილავენ და საკითხი პროფესიული განვითარების საბჭოზე გადის.

თავად სააგენტო პროფესიული განვითარების საბჭოს სამდივნოს ფუნქციას ასრულებს. ამ საბჭოს ჯანდაცვის მინისტრი თავმჯდომარეობს. საბჭოში შედიან მინისტრის მოადგილეები, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები, პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები და ა.შ.

საბჭოს შეუძლია ექიმი წერილობით გააფრთხილოს, ასევე შეუჩეროს სერტიფიკატის მოქმედება 1-6 თვის ვადით, ან სამუდამოდ. საბჭოსვე შეუძლია, ექიმს დროებით შეჩერებული სერტიფიკატი აღუდგინოს.
როდესაც საბჭო კონკრეტულ საჩივარზე მსჯელობს, მასზე დასწრებისა და აზრის გამოთქმა შეუძლიათ როგორც პაციენტს და მის წარმომადგენლებს, ასევე, თავად ექიმს და რეცენზენტებს.

„ვფიქრობ, არც ერთ ეტაპზე პაციენტის უფლება დარღვეული არ არის,“ – ამბობს საბჭოს წევრი და სააგენტოს უფროსის მოადგილე თეიმურაზ პირველაშვილი.

განმცხადებლებმა, რომლებსაც საჩივარი სააგენტოში შეაქვთ, არ იციან, რა ვადაში განიხილავს სააგენტო მათ საქმეს და რამდენ ხანში უნდა ელოდონ საბოლოო პასუხს. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სარეცენზიო დასკვნას წარმოდგენილი მოთხოვნიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს. თუმცა თეიმურაზ პირველაშვილი ამბობს, რომ საბჭო, რომელიც ყოველ ორ თვეში მინიმუმ ერთხელ იკრიბება, ხშირად ყოვნდება რეცენზენტების მიერ დაგვიანებული პასუხების გამო.

„ძალიან ხშირად ვყოვნდებით იმის გამო, რომ რეცენზიების მოწოდება იგვიანებს. ამ სპეციალისტებს, რომლებიც თავიანთი საქმიანობით არიან დაკავებული, უჭირთ დროის გამოყოფა კონკრეტული დოკუმენტაციის განსახილველად,“ – ამბობს პირველაშვილი.

ტენდერში გამარჯვებული ასოციაცია, რომელმაც რეგულირების სააგენტოს 2017 წლის განმავლობაში საექსპერტო მომსახურება უნდა გაუწიოს, ხელშეკრულების თანახმად, 30 000 ლარს იღებს. მას სააგენტოსთვის 200 რეცენზიის მიწოდება ევალება. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი რეცენზია გადასახადების ჩათვლით, ასოციაციას საშუალოდ 150 ლარი უჯდება, რაც არც ისე დიდი თანხაა. ამასთან, გაუგებარია, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი სააგენტოში 200-ზე მეტი საჩივარი შევა. ეს თავისუფლად მოხდება იმ შემთხვევაში, პაციენტებს ამ ინსტრუმენტზე ინფორმაცია რომ ჰქონდეთ.

ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ADAM WARZAWA POLAND OUT

ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ADAM WARZAWA POLAND OUT

 

[red_box]საავადმყოფოში გარდაცვლილი ბავშვი და სამი წელი პასუხის ძიებაში[/red_box]

რეგულირების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭომდე, სადაც პაციენტის მშობელსაც აქვს სიტყვით გამოსვლის უფლება, ყველა განცხადება ვერ აღწევს. სწორედ ასეთი იყო ჟვანიას კლინიკაში 2014 წელს გარდაცვლილი 2 წლის და 4 თვის ნიკოლოზ კეთილაძის მშობლების საჩივარი. ამ საქმეზე რეცენზენტებმა ექიმის ბრალეულობა გამორიცხეს, შესაბამისად, საკითხი საბჭოს სხდომაზე აღარც გასულა.

ბავშვის გარდაცვალებიდან თითქმის სამი წლის შემდეგაც მშობლები დარწმუნებულნი არიან, რომ მათი შვილი, რომელსაც დაუნის სინდრომი ჰქონდა, ექიმების უყურადღებობით დაიღუპა. რეგულირების სააგენტოს რეზენციების გაცნობის შემდეგ მათ შვილზე ჩატარებული მკურნალობის შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაატარეს და ახლა აპირებენ, პროკურატურას მიმართონ.

2014 წელს, ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, მშობლებმა მიმართეს მედიას, „ფეისბუქზეც“ აღწერეს მძიმე ვითარება, რომელიც, მათივე თქმით, საავადმყოფოში იყო, თუმცა ამას კლინიკის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. ისინი დიდ იმედს ამყარებდნენ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოზე, რომლის პასუხსაც 6 თვე ელოდნენ.

„თვეების განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ საქმე ჯერ არ იყო განხილული. ხან ერთი ექსპერტი შვებულებაშიაო, ზაფხული დაემთხვა, ხან ის, ხან ეს… ასე გაიწელა. ხომ უნდა იყოს რაღაც ვადები, პასუხი რომ გაგცენ?“ – ამბობს გიორგი კეთილაძე.

გარდაცვლილი ბავშვის მშობლები ამბობენ, რომ კლინიკაში ბავშვთან შესვლის უფლებას მხოლოდ რამდენიმე წუთით აძლევდნენ, რაც ბავშვისთვის სტრესული იყო და ტიროდა. ხატია თედიაშვილი ვარაუდობს, რომ დაუნის სინდრომის გამოც იყო გამოწვეული, რომ ბავშვს ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ: „რახან დაუნის სინდრომი ჰონდა, ექიმებმა თავიდანვე – ეს ბავშვი ისედაც ის არისო…“

როგორც დედა იხსენებს, მეორე დღეს, როდესაც ბავშვის სანახავად შევიდა, ნახა, რომ გაკოჭილი ჰყავდათ და უკვე ნაწოლები ჰქონდა გაჩენილი. მისი ვარაუდით ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ექთანს ბავშვის ტირილი ხელს უშლიდა. ვერც იმ დღეს და ვერც მომდევნო დღეებში, ბავშვის მშობლების თქმით, ვერ იღებდნენ პასუხებს კითხვებზე, თუ როგორი იყო ბავშვის მდგომარეობა. ისინი იხსენებენ, რომ ნიკოლოზის მკურნალმა ექიმმა არ მისცა თავისი მობილურის ნომერი და გადაამისამართა, რომ კითხვების ქონის შემთხვევაში, კლინიკის მიმღებში დაერეკათ.

„აქ ყველაფერი უკეთდება“, – ასეთი იყო მათი პასუხი. ბავშვის მკურნალი ექიმი შაბათ-კვირას ისვენებდა. არაფერს გვიხსნიდნენ. შეგიშვებდნენ ორი წუთი და მორჩა. როცა შენი პაციენტია მძიმე, ექიმი ვალდებულია, თუნდაც შაბათი-კვირა იყოს, დარეკოს მაინც და მოიკითხოს, როგორ არის ის ბავშვი. არც გახსენებია. კვირას გვეუბნება მორიგე ექიმი, არ იცით, რომ თქვენი შვილი ძალიან მძიმეაო? ჩვენ ვუთხარით- არა, არ ვიცით, გვეუბნებიან, რომ სტაბილური მდგომარეობაა. არა, ძალიან მძიმე არისო, – მორიგე ექიმმა მითხრა,“ – ამბობენ მშობლები.

გარდა ამისა, მშობლების თქმით, პაციენტის ისტორიაში ექიმებმა ბავშვის მდგომარეობა იმაზე უფრო მძიმედ ჩაწერეს, ვიდრე რეალურად იყო. მაგალითად, მშობლების თქმით, ექიმმა დაწერა, რომ ბავშვს არ ჰქონდა სმენა და მხედველობა, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს, რადგან ბავშვი მშობლებსაც ცნობდა და ასევე ჰქონდა რეაგირება, როდესაც საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს მოსანახულებლად შესულმა დედამ მისი საყვარელი სიმღერა უმღერა.

მშობლებისთვის რეგულირების სააგენტოდან გაგზავნილ დოკუმენტაციაში წერია, რომ ჟვანიას კლინიკაში ექიმმა ნიკოლოზ კეთილაძეს 2014 წლის 10 აპრილს დაუსვა დიაგნოზი: „პნევმონია გამომწვევის დაზუსტების გარეშე, გართულება: სუნთქვის მწვავე უკმარისობა“.

ნიკოლოზ კეთილაძის ფოტოები მშობლების სახლში. ქეთი მაჭავარიანის ფოტო

16 აპრილს, პაციენტის გარდაცვალების შემდეგ, დასმული დასკვნითი კლინიკური დიაგნოზი იყო: `პნევმონია გამომწვევის დაზუსტების გარეშე (პოლისეგმენტური, ორმხრივი); გართულება: სეფსისი, სეპტიცემია, სუნთქვის უკმარისობა, ანემია დაუზუსტებელი, კოაგულაციური ფაქტორების შეძენილი დეფიციტი; თანმხლები: დაუნის სინდრომი, განსაკუთრებული ეპილეფსიური სინდრომები (ვესტის ტიპის), დაუზუსტებელი გონებრივი ჩამორჩენილობა, ზომიერი ცილა-ენერგეტიკული მალნუტრიცია“.

სააგენტოდან მიღებულ პასუხს თან ახლავს ოთხი ექსპერტის მიერ დაწერილი დასკვნები. როგორც სააგენტოში განგვიმარტეს, ექსპერტებს გადეგზავნათ არა მარტო ჟვანიას კლინიკის მონაცემები, არამედ სხვა კლინიკებიდან გამოთხოვილი მონაცემებიც, სადაც ნიკოლოზ კეთილაძე ადრე მკურნალობდა.

„ექიმმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სრულყოფილად ჩაატარა დიაგნოსტიკა და მკურნალობა,“ – წერს ერთი რეცენზენტ-ექსპერტი.

მეორე ექსპერტი წერს, რომ მშობლების განცხადებით, ექიმი გულისხმიერებას არ ამჟღავნებდა პაციენტის მშობლებთან საუბრის დროს, რაც, ექსპერტის თქმით, ექიმის პირდაპირი მოვალეობა უნდა ყოფილიყო. „მშობელს აქვს სრული უფლება, მისთვის გასაგებ ენაზე აეხსნას თავისი შვილის დაავადებისა და მკურნალობის დეტალების შესახებ. შეძლებისდაგვარად გასათვალისწინებელია ბავშვებთან მშობლების მაქსიმალურად ახლოს ყოფნა, რაც ყოველთვის უნდა იყოს გათვალისწინებული კლინიკების შინაგანაწესის შექმნისას,“ – აღნიშნავს ექსპერტი თავს დასკვნაში.

ამ ექსპერტს შენიშვნები აქვს მკურნალობასთან დაკავშირებითაც. კერძოდ, ამბობს, რომ „ინფექციაზე ეჭვის შემთხვევაში სისხლის ბაქტერიოლოგიური კვლევა უნდა ჩატარებულიყო ანტიბიოტიკის დანიშვნამდე და შეცვლის წინ, რაც გამომწვევის შესახებ უფრო ნათელ სურათს მოგვცემდა“; ასევე, „ინფექციის პირობებში ჰორმონთერაპიისგან თავის შეკავება უფრო სწორი ტაქტიკა იქნებოდა“.

მიუხედავად შენიშვნებისა, ექსპერტი ფიქრობს, რომ დანიშნული მკურნალობა პაციენტის სიკვდილს ვერ გამოიწვევდა.

„კლინიკურად მიმდინარე ინფექცია პროგრესირებდა მეტად აგრესიულად და ჩატარებული კვლევები, მონიტორინგი და მკურნალობის ტაქტიკა შეესაბამებოდა დაავადების სიმძიმეს. ზემოაღნიშნული შენიშვნები გასათვალისწინებელია და სხვადასხვა ლიტერატურის მონაცემებით ხშირად სადავოც, მაგრამ არც ერთი მათგანი არ გამოიწვევდა პაციენტის გართულებას და სიკვდილს,“ – წერს ექსპერტი.

რეგულირების სააგენტოსგან დასკვნა ნიკოლოზ კეთილაძის მშობლებისთვის დამაჯერებელი არ ყოფილა, ამიტომ მათ ალტერნატიული ექსპერტიზის ძებნა დაიწყეს. საბოლოოდ, ჟვანიას კლინიკაში ჩატარებული მკურნალობის შესახებ დოკუმენტების ასლებს ექსპერტიზა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრმა, „ვექტორმა“ ჩაუტარა.

ალტერნატიულმა ექსპერტიზამ დოკუმენტაციაში ასახულ მკურნალობას „არათანმიმდევრული და არასრულფასოვანი“ უწოდა.

„სტანდარტული ანტიბაქტერიული ტაქტიკა პაციენტს დაეწყო სტაციონარში მოთავსებისთანავე, რომელიც აღმოჩნდა უშედეგო. ლაბორატორიული მონაცემების მაჩვენებლები მიუთითებდა… სეფსისზე, რაც პირდაპირი ჩვენება იყო დაუყოვნებლივ სისხლის ბაქტერიოლოგიური კვლევის ჩატარებისთვის ადეკვატური ანტიბაქტერიული მკურნალობის ტაქტიკის შესარჩევად. აღნიშნული ლაბორატორიული კვლევა განხორციელდა დაგვიანებით, ჰოსპიტალიზაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ,“ – ვკითხულობთ „ვექტორის“ დასკვნაში.

„კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ იურისტი, ქეთი ხომერიკი, რომელიც ნიკოლოზ კეთილაძის ოჯახის ინტერესებს წარმოადგენს, ამბობს, რომ ეს დასკვნა გახდება საფუძველი, პროკურატურაში გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასთან დაკავშრებით გამოძიების დაწყება მოითხოვონ. ისინი განცხადების შეტანას უახლოეს დღეებში გეგმავენ.

რეგულირების სააგენტომ დაღუპული ბავშვის მშობელს ეს დასკვნა წერილობით გაუგზავნა. მათთვის არავის განუმარტავს დასკვნაში მოცემული ტერმინოლოგია ან ის გაიდლაინები, რომლებითაც იხელმძღვანელა ექსპერტმა შეფასებისას. ასევე, დასკვნის მიხედვით, რეცენზენტებს არ გამოუკვლევიათ, პაციენტის მშობლებს გულისხმიერად ექცეოდნენ თუ არა კლინიკაში და თუკი არა, ამ შემთხვევაში რა პასუხისმგებლობა უნდა დამდგარიყო.

 

[blue_box]„ცხოვრება დამიმახინჯდა ერთი ადამიანის შეცდომის გამო“[/blue_box]

რეგულირების სააგენტოსთან ნაკლები პრეტენზია აქვს მაშა ბაღდასაროვას, რომელმაც ექიმი ხელზე ოპერაციის ცუდად გაკეთებაში დაადანაშაულა. მან ექიმს სააგენტოში უჩივლა, საბჭომ ექიმს სამი თვით შეუჩერა სერტიფიკატი.

მიუხედავად იმისა, რომ სააგენტომ ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დააკისრა, მაშა ბაღდასაროვა ამბობს, რომ ზიანი, რომელიც ექიმის შეცდომამ მიაყენა, გამოუსწორებელი და აუნაზღაურებელი დარჩა. მისივე თქმით, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ოპერაციების შემდეგ მას კიდევ ესაჭიროება რეაბილიტაცია.

„რეაბილიტაცია ბოლომდე არ მომხდარა, რადგან საშინელი მდგომარეობა იყო და ფინანსურადაც ვერ მოვახერხე რეაბილიტაციის გაკეთება. ახლაც მჭირდება რეაბილიტაცია, მაგრამ ვერ ვიკეთებ… ტკივილები მაქვს დღემდე,“ – ამბობს ის.

მაშა ბაღდასაროვა გვიყვება, რომ პარალელურად ექიმს სასამართლოში უჩივლა, სადაც, იძულებული გახდა, მორიგებას დათანხმებულიყო. პროცესები თითქმის ერთი წლის განმავლობაში გაიწელა და დავის გაგრძელება მისთვის ფინანსურ დანახარჯებთან იყო დაკავშირებული. მისი განცხადებით, მორიგების პირობების თანახმად, მომავალში ამ ექიმს ვეღარ უჩივლებს.

„გადამიხადეს 3 600 ლარი, რომელიც 1 თვეს არ მეყო. გავყიდე სახლი, მივატოვე სწავლა, ვეღარც ვმუშაობდი კარგა ხნის განმავლობაში, ვცხოვრობ ქირით. ცხოვრება დამიმახინჯდა ერთი ადამიანის შეცდომის გამო. 22 წლის ვიყავი, ეს ყველაფერი რომ მოხდა და ეს დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო ჩემთვის. წარმოიდგინეთ, ხელს ვერ ფლობ, ვერ აკეთებ ვერაფერს“…

 

რა შეიძლება იყოს არსებული სისტემის ალტერნატივა?

სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის საოჯახო მედიცინის კათედრის გამგე გივი ჯავაშვილი გვეუბნება, რომ ვიდრე პაციენტი სხვაგან წავა, სამედიცინო დაწესებულებას უნდა ჰქონდეს პასუხი მის კითხვებზე.
როგორც მან გვითხრა, ევროპაში პაციენტების საჩივრის განხილვის სისტემა დეცენტრალიზებულია, რაც უფრო სწრაფი და ეფექტური მოდელია.

„ბრიტანეთში, მაგალითად, არის ადგილზე მოგვარების სისტემა, კერძოდ, სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელისადმი მიმართვა, მერე ხდება რეგიონული თვითმმართველობის დონეზე, თუ იქაც ვერ მოგვარდა პრობლემა, მერე მიდის ცენტრალურ დონეზე. ამ შემთხვევაში სისტემა კარგად მუშაობს. ამის ალტერნატივა არის სასამართლო და ეს გზა ყოველთვის ღიაა, თავისი დროით, რესურსებით, ბარიერებით… ადგილზე მოგვარების საკითხი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან პრობლემების უმრავლესობა ადგილზე მოგვარებადია“.

გივი ჯავაშვილის თქმით, სისტემებში კანონმდებლობით არის გაწერილი, როცა საჩივარი შევა, რა პროცედურა უნდა ჰქონდეს სამედიცინო დაწესებულებას: ვინ, რა დროში, როგორ უნდა გასცეს მომჩივანს პასუხი.

„ეს არსებობს დაწესებულებაში, სადაც მართვა გამოცდილი ხელმძღვანელის ხელში ხდება. მაგრამ, როცა ბევრს არ აქვს ეს, კარგი იქნება, თუ კანონმდებლობის დონეზე მოწესრიგდება – დაწესებულება აკრედიტებული რომ იყოს, უნდა ჰქონდეს ადგილზე დავის ან საჩივრის განხილვის პროცედურა – ვინ, რა ვადებში, როგორ და რანაირად უნდა გასცეს პასუხი საჩივარს. თუ ეს მინიმალურ დონეზე უზრუნველყოფილია, საჩივრების დიდი ნაწილი ადგილზე დამთავრდება. შემდეგ იქნებოდა შუალედური იმისათვის, რომ არ იაროს ყველამ თბილისში, რაიონულ დონეზე. ვფიქრობ, ეს ყველაზე კარგი ვარიანტია,“ – განაცხადა ჯავაშვილმა,

შეკითხვაზე, რამდენად ენდობა პაციენტი იმავე კლინიკაში შექმნილ საბჭოს, რომლის მიმართაც პრეტენზია აქვს, იგი ამბობს, რომ ამის გამოცდილება არსებობს:

„ადგილზე მოგვარების მექანიზმი, ყველგან, სადაც მინახავს, მთელ ევროპაში, თითქმის ყველგან ვარ ნამყოფი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, უშუალოდ იმ განყოფილების, მერე კლინიკის, მერე სისტემის დონეზე რომ შეეცადოს ადამიანი საკითხის მოგვარებას… დაწესებულებას უნდა ჰქონდეს პასუხი პაციენტის კითხვაზე“.

რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილემ, თეიმურაზ პირველაშვილმა გვითხრა, რომ სანებართვო პირობა ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ხარისხის სამედიცინო დახმარების უზუნველყოფის სამსახურის არსებობას ითვალისწინებს. მისივე თქმით, ამ სამსახურს ევალება პაციენტის პრეტენზიების განხილვა.

სააგენტოს წარმომადგენელი ფიქრობს, რომ თუკი ადგილზე ეფექტურად იმუშავებს დავების განმხილველი მექანიზმი, ეს სააგენტოში მიმართვიანობას შეამცირებს.

როდესაც თეიმურაზ პირველაშვილს ვკითხეთ, რამდენად ეფექტურია ადგილზე ამ დავების განხილვა, მან განაცხადა, რომ ეს ხდება მაშინ, როდესაც სააგენტოს კომისია სანებართვო პირობების დაცვის მდგომარეობას სწავლობს, თუმცა ეს არ არის სრულყოფილი:

„მიმაჩნია, რომ რეალური სურათი ამისა, თუ კონკრეტულად ამ განხილვას არ დაესწრება სამინისტროს წარმომადგენელი, ალბათ, შეუძლებელი იქნება“.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში, პაციენტები ოფიციალურ მექანიზმებს არ იყენებენ და „უფრო სხვანაირ გარჩევებთან“ გვაქვს საქმე.

„პრესის მეშვეობით მიმდინარეობს ეს გარჩევები და არა იმ მექანიზმებით, რომლებიც უნდა არსებობდეს, ანუ სასამართლოსთვის, რეგულირების სააგენტოსთვის მიმართვა, ცხელ ხაზზე დარეკვა და უფლებების დაცვის მოთხოვნა. ამ მხრივ საკმაოდ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი,“ – ამბობს აკაკი ზოიძე.

მისივე თქმით, რთულია, სააგენტოს დაუდგინო ვადა, თუ როდის უნდა გასცეს პასუხი მომჩივანს, თუმცა, შესაძლებელია, დადგინდეს გონივრული ვადა.

ზოიძის თქმით, სამედიცინო ხარისხის ამაღლების რეფორმის ფარგლებში კლინიკები ვალდებული იქნებიან, ჰქონდეთ დავების განმხილველი მექანიზმი. მისივე განცხადებით, ეს ცვლილება 2017 წლის განმავლობაში ამოქმედდება:

„დაანონსებული გვაქვს: სამედიცინო ხარისხის ამაღლების კუთხით გატარდება ბევრი რეფორმა, მათ შორის, არჩევითი კონტრაქტირება და ერთ-ერთი ინდიკატორი იქნება პაციენტის მხრიდან ჩივილების არსებობა ან არარსებობა. მერე უკვე მივცემთ რეკომენდაციას კლინიკებს, რომ მათ ჰქონდეთ კომიტეტები, სადაც პაციენტების ჩივილები განიხილება და შესაბამისი რეაგირების მექანიზმიც ამის თაობაზე. ეს რეკომენდაცია ყველა კლინიკას მიეცემა და მის შესრულებაზე იქნება დამოკიდებული მათი საყოველთაო ჯანდაცვის პოგრამაში ჩართვა-არჩართვის საკითხი.“


სტატია პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ “ბათუმელების” #1 ნომერში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი