ახალი ამბები

ბორდოს ღვინის მსოფლიო ცენტრში საქართველო პირველ გამოფენას უმასპინძლებს

4 მაისი, 2017 • 1763
ბორდოს ღვინის მსოფლიო ცენტრში საქართველო პირველ გამოფენას უმასპინძლებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, 2017 წლის ივლისის ბოლოდან სამი თვის განმავლობაში საქართველო საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ახლად შექმნილ ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში, მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პირველი ორგანიზატორი და მასპინძელი იქნება. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, კიდევ უფრო კარგად გააცნოს მსოფლიოს ქართული კულტურა და ქვეყნის პოტენციალი:

“გაიმართება სხვადასხვა საინფორმაციო ხასიათის წარმოდგენა, იქნება მაქსიმალური ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის, ჩვენი უძველესი კულტურის, ქართული ღვინის, ხელოვნების შესახებ. გამოფენაზე საქართველოს წარდგენას ხელმძღვანელობს სოფლის მეურნეობის მინისტრი.

ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლების და ჩვენი უძველესი კულტურის გაცნობის კუთხით. ეს არის დიდი მიღწევა, რომ ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში, პირველი საგამოფენო წლის განმავლობაში, საქართველო იქნება მასპინძელი. მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს მიღწევა. ასეთი რამ ალბათ წარმოუდგენელი იყო წლების წინ და დღეს ეს გახდა შესაძლებელი, რაც უდიდესი მიღწევაა,” – აღნიშნა პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

მასალების გადაბეჭდვის წესი