ახალი ამბები

პარლამენტმა კონსტიტუციის პროექტის სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია დაამტკიცა

3 მაისი, 2017 • 2287
პარლამენტმა კონსტიტუციის პროექტის სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია დაამტკიცა

დღეს, 3 მაისს, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის  საყოვლეთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობა.

საქართველოს პარლამეტმა შესაბამისი დადგენილება 80 ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღო.

კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეა, ხოლო წევრები: თამარ ჩუგოშვილი, ირმა ინაშვილი, სერგი კაპანაძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ექსპერტები – ვასილ გონაშვილი და თენგიზ შარმანაშვილი, ასევე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” დირექტორი ეკა გიგაური და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მთავარი სპეციალისტი თორნიკე ჭეიშვილი.

კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ პროექტის სახალხო განხილვები 5 მაისს დაიწყება და 15 მაისამდე გასტანს. კონსტიტუციური კანონის ინიციატორი პარლამენტის 108 წევრია. “ქართულ ოცნებას” პარლამენტში 115 დეპუტატის ჰყავს, რაც აღემატება საკონსტიტუციო ცვლილებებისთვსი საჭირო დეპუტატების რაოდენობას (113 პარლამენტარის ხმა).

დღეს მოქმედი კონსტიტუცია 109 მუხლისგან შედგება, ხოლო ინიცირებულ პროექტში, რომელიც პარლამენტთან შექმნილმა საკონსტიტუციო კომისიამ შეიმუშავა – 78 მუხლია. კონსტიტუციის პროექტში მუხლები გადაადგილებული და დაჯგუფებულია, ზოგ შემთხვევაში კი- გაერთიანებული.

კონსტიტუციის შემოთავაზებული პროექტი 2 000-ზე მეტი სიტყვით აღემატება დღეს მოქმედ კონსტიტუციას.

კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტი ითვალისწინებს პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებებს, სასამართლოს დაკომპლექტების შესახებ ცვლილებებს, ცვლილებებს ადამიანის უფლებების ნაწილში და ასე შემდეგ. კონსტიტუციის პროექტში შეტანილი ძირითადი ცვლილებების შესახებ წაიკითხეთ აქ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი