Interviewsახალი ამბები

როგორ მუშაობს ანტიდისკრიმინაციული კანონი -ინტერვიუ თანასწორობის ინსპექტორთან

3 მაისი, 2017 • 3383
როგორ მუშაობს ანტიდისკრიმინაციული კანონი -ინტერვიუ თანასწორობის ინსპექტორთან

ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებიდან 3 წელი გავიდა. ამ დროის მანძილზე სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის ინსპექტორმა 350-ზე მეტი საქმე შეისწავლა. რა სახის დისკრიმინაციის გამო ჩივიან ყველაზე ხშირად მოქალაქეები? როგორ სრულდება ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და რა საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო კანონის ეფექტურად აღსასრულებლად – ამ და სხვა საკითხებზე “ნეტგაზეთი” თანასწორობის ინსპექტორს, ქეთევან შუბაშვილს ესაუბრა:

რა სურათი გვაქვს ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულების 3 წლისთავზე? რამდენად ხშირად მოგმართავენ მოქალაქეები?

სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტი არსებობს 2014 წლის ნოემბრიდან და ამ დროის მანძილზე 350-ზე მეტი განცხადება შევისწავლეთ, 30 შემთხვევაში დავადგინეთ დისკრიმინაცია ან დისკრიმინაციის ხელშეწყობა და შესაბამისი რეკომენდაციით მივმართეთ მოპასუხეს. მოპასუხეები იყვნენ როგორც საჯარო პირები, ასევე, კერძო პირები. ზოგ შემთხვევაში მოპასუხეს მოვუწოდეთ, გაეტარებინა ინდივიდუალური ღონისძიებები, მაგალითად, აღედგინა ადამიანი სამსახურში, ზოგ შემთხვევაში მივმართეთ, რომ ზოგადი ღონისძიებები გაეტარებინა, როდესაც დისკრიმინაციის აღმოფხვრა უკვე შეუძლებელია და გულისხმობს თანამშრომლობის დატრენინგებას თანასწორობის საკითხებში. ყველა არა, მაგრამ ბევრი რეკომენდაცია შესრულდა, განსაკუთრებით- საჯარო უწყებების შემთხვევაში. როგორც წესი, არასდროს გვწერენ, რომ ამ რეკომენდაციას არ შეასრულებენ. სულ რამდენიმე გამონაკლისი იყო, როდესაც არ დაგვეთანხმნენ.

ვინ არ დაგეთანხმათ. შეგიძლიათ, დეტალურად მოგვიყვეთ?

მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტრო, რომელსაც მივმართეთ. არსებობს მინისტრის ბრძანება, რომლის თანახმადაც, კაცებს, რომლებსაც სექსუალური პრაქტიკა აქვთ კაცთან, მათ მიმართ არსებობს ბლანკეტური აკრძალვა, არ შეიძლება ისინი იყვნენ სისხლის დონორები, ქალებზე ასეთი აკრძალვა არ არის. ადამიანს ეკითხებიან – ჰქონია თუ არა სექსუალური კავშირი თავისივე სქესის წარმომადგენელთან. ამ პასუხის საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებას. ეს არ არის რეალური ბერკეტი იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რაზეც მიუთითებს სამინისტრო.

სამინისტრო მიიჩნევს, რომ ეს ადამიანების სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ტარების მაღალი რისკის მქონე ჯგუფია?

დიახ, მათი აზრით, უფრო დიდი რისკი არსებობს, რომ მათ ჰქონდეთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადება.

თქვენ რას ითხოვთ?

ჩვენ მივმართავთ, რომ ფანჯრის პერიოდი განისაზღვროს. ბოლო სექსუალური კავშირიდან მოხდეს ათვლა, რომლის შემდეგაც დასაშვები უნდა იყოს სისხლის დონორობა და ბლანკეტური აკრძალვა არ იყოს. ამბობენ, რომ ძალიან რთულია პრაქტიკაში ამის განსაზღვრა და ამ ეტაპზე არ განიხილავენ ამ რეკომენდაციის შესრულებას. დანარჩენი რეკომენდაციები, პრინციპში, რაც გვქონია, ყველა მეტ-ნაკლებად შესრულებულა. გვქონია შემთხვევები, როდესაც საქმის შესწავლის პროცესშივე აღმოფხვრილა სავარაუდო დისკრიმინაცია და, შესაბამისად, გადაწყვეტილება აღარ მიგვიღია, რადგან ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა აღდგა.

350 განცხადების ანალიზის მიხედვით რა ტენდენცია იკვეთება? ყველაზე მეტად რა ნიშნით დისკრიმინაციას ვხვდებით?

ყველაზე მეტი განცხადება (18 %) არის პოლიტიკური და განსხვავებული მოსაზრებების გამო დისკრიმინაცია, 17%-ია რელიგიის ნიშნით დისკრიმინაცია, 14%- ეთნიკური წარმომავლობის გამო, 10%-სქესის ნიშნით დისკრიმინაცია, 8%- სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის გამო, 7% -შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნის გამო.

რა პრობლემებია ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ეფექტური აღსრულების კუთხით?

ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი მოვლენაა საქართველოში ამ კანონის მიღება, რადგან დაცულია თანასწორობის უფლება აბსოლუტურად ყველა სფეროში, ნებისმიერი დაცული საფუძვლით. როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ისე კერძო პირებს ეკრძალებათ დისკრიმინაციის ჩადენა, თუმცა ხარვეზები არის იმდენად მწვავე, რომ ამ კანონის სრულყოფილად გამოყენება ეჭვქვეშ დგას. პირველ რიგში, კანონი კერძო პირებს უკრძალავს დისკრიმინაციის ჩადენას, თუმცა მექანიზმი არ არსებობს მათთან კომუნიკაციისთვის და ყველაფერი დამოკიდებულია მათ კეთილ ნებაზე.

თქვენ ვერ მოსთხოვთ მათ ინფორმაციის მოწოდებას, თუ თავად არ მოისურვეს?

კი, შეიძლება გამოვითხოვოთ ინფორმაცია, მაგრამ გვქონია შემთხვევები, როდესაც არც ინფორმაცია მოგვაწოდა სრულყოფილად კერძო პირმა და არც ზეპირად კომუნიკაციის სურვილი არ გამოთქვა. მოგვიწია საქმის შესწავლის შეწყვეტა იმიტომ, რომ განმცხადებელმაც ვერ წარმოადგინა იმ ხარისხით მტკიცებულებები, რომელიც საჭირო იქნებოდა დისკრიმინაციის დასადგენად. გამოდის, რომ ეს საქმე სრულყოფილად ვერ შევისწავლეთ.

თუ მუშაობთ, რომ ეს შეიცვალოს საკანონმდებლო დონეზე?

სახალხო დამცველმა 2015 წელს მიმართ პარლამენტს საკანონდებლო წინადადებით. რამდენიმე ცვლილებაზეა საუბარი, მათ შორის იმაზეც, რომ კერძო პირებს დაევალოთ სახალხო დამცველისთვის ინფორმაციის მოწოდების ვალდებულება და ეს კანონპროექტი ინიცირებულიცაა პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ.

რატომ შეჩერდა ამ ცვლილებების მიღება?

გაურკვეველი მიზეზებით. პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა და ასევე ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ თქვეს, რომ მხარს უჭერენ ამ კანონპროექტს და გადადგამენ ნაბიჯებს, რომ ეს კანონპროექტი კანონად იქცეს. ფორმალურად ეს პარლამენტიც და წინა პარლამენტიც ამ ცვლილებებს მხარს უჭერს, თუმცა ფაქტია ამ დრომდე ეს კანონი არ მიუღიათ.

აღნიშნული საკითხის გარდა სხვა საკანონმდებლო ინიციატივების აუცილებლობას თუ ხედავთ?

დიახ. საჯარო პირებისგან განსხვავებით, კერძო პირებს ასევე არ აქვთ იმის ვალდებულება, რომ სახალხო დამცველს შეატყობინონ, მისი რეკომენდაციის შესრულების მიზნით რა გააკეთეს. აქ საუბარი არაა რეკომენდაციის შესრულების ვალდებულებაზე, აქ საუბარია, უბრალოდ, ინფორმირებაზე, თუნდაც ის, რომ არ ეთანხმება. კერძო პირებთან დაკავშირებით გვქონია შემთხვევები, როდესაც მათგან უკუკავშირი არ მიგვიღია. რეალურად ეს ძალიან პრობლემურია, რადგან ჩვენ ყოველგვარ შესაძლებლობას გვართმევს, რომ დავაკვირდეთ გადაწყვეტილების აღსრულების მონიტორინგს.

კიდევ ერთი საკითხი ეხება სასამართლოსთვის მიმართვის ვადის გაზრდას. დღეს ეს ვადა 3 თვითაა განსაზღვრული, რაც ძალიან ცოტაა და პრაქტიკულად შეუძლებელია ამ დროში ნორმალური სარჩელის მომზადება. ვითხოვთ, რომ ერთ წლამდე გაიზარდოს ეს ვადა. კანონში არის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, სახალხო დამცველი აჩერებს საქმის წარმოებას, როდესაც მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება. ეს გაუმართლებელია და საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთი მოთხოვნა ისიც არის, რომ აღარ მოგვიწიოს საქმის შესწავლის შეჩერება.

მაგალითად, პოლიციელი მიიჩნევს, რომ დისკრიმინაციულად მოექცნენ და გენინსპექცია სწავლობს ამ საკითხს, ამ დროს თქვენ აჩერებთ საქმის შესწავლას?

დიახ. რეალურად ეს ემსახურება სახალხო დამცველის აპარატში საქმის შესწავლის გაჭიანურებას. სასამართლომ თუ მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენ უნდა შევწყვიტოთ საქმის წარმოება, მაგრამ ადმინისტრაციულმა ორგანომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ საქმის შესწავლა, ამიტომ შეჩერებას რა აზრი აქვს, ეს ბუნდოვანია.

ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ არ არის საკანონმდებლო ინიციატივაში -აღსრულების მექანიზმი. დაეკისროთ მოპასუხეებს, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია შეასრულონ.

როცა ანტიდისკრიმინაციულ კანონს იღებდნენ, თავდაპირველი კანონპროექტი ითვალისწინებდა ჯარიმებს, მაგრამ ეს მუხლი ამოიღეს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტურად აღსასრულებლად ასეთი ჩანაწერი საჭიროა?

აღსრულების მექანიზმში ვგულისხმობ დაჯარიმებას, რომ სახალხო დამცველს ჰქონდეს ოქმის გამოწერის საშუალება. რეალურად ასეთი მოდელი მუშაობს იმ შემთხვევაში, თუ საჯარო უწყება სახალხო დამცველს არ მიაწვდის გამოთხოვილ ინფორმაციას. სახალხო დამცველი ადგენს ოქმს, მიმართავს სასამართლოს და სასამართლო გადაწყვეტს, დააჯარიმოს თუ არა. ასეთი მოდელი უნდა შემოვიღოთ კერძო პირებთან დაკავშირებით, რომლებიც არ შეასრულებენ სახალხო დამცველის რეკომენდაციას.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სექსუალური შევიწროებაც უნდა იყოს დისკრიმინაციის ფორმა, თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?

ესეც კანონის ერთ-ერთი ხარვეზია. არის დისკრიმინაციის ფორმები, რომლებიც კანონმდებლობით რეგულირებული არაა.  ერთ-ერთი ფორმაა შევიწროება და სექსუალური შევიწროება აუცილებელია გაიწეროს როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა, კიდევ არსებობს უარი გონივრულ მისადაგებაზე, ეს არის ასევე დისკრიმინაციის ფორმა კონკრეტულად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ, რომელიც ჩვენი კანონმდებლობით ასევე არ არის გათვალისწინებული და აუცილებელია პირდაპირ გაიწეროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი