ახალი ამბები

მაყურებლის აზრით, ბოლო საპრეზიდენტო დებატებში მაკრონი ლე პენზე უკეთ წარდგა

4 მაისი, 2017 • 2425
მაყურებლის აზრით, ბოლო საპრეზიდენტო დებატებში მაკრონი ლე პენზე უკეთ წარდგა

3 მაისს საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატების ბოლო დებატები გაიმართა, რომელშიც მაყურებელთა გამოკითხვის თანახმად, ემანუელ მაკრონი უფრო შთამბეჭდავად წარდგა, ვიდრე მისი კონკურენტი მარი ლე პენი. მან მაყურებელთა 60%-ზე მეტის მოწონება დაიმსახურა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს არის დაგეგმილი, ორივე კანდიდატს კი ქვეყნის ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი მოქალაქეების ხმების 18%-ის მოპოვება სურს. 160 წუთის განმავლობაში კანდიდატები ეკონომიკაზე, უსაფრთხოებაზე, ტერორიზმზე და სხვა საკითხებზე პასუხობდნენ შეკითხვებს. თუმცა არც ერთმანეთისათვის პირადი შეურაცხყოფის მიყენებისგან შეიკავეს თავი.

რადიკალმა მემარჯვენე მარი ლე პენმა ცენტრისტ მაკრონს “სისტემის ნებიერა” უწოდა, მაკრონი კი მოწინააღმდეგეს მოუწოდებდა, თავისი პროგრამის შესახებ ესაუბრა და ტყუილებისა და სისულელეების ლაპარაკი შეეწყვიტა. მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ ლე პენი არასწორად არის ინფორმირებული უსაფრთხოების საკითხებზე და მისი “საშიში ნაციონალიზმი” საფრანგეთს სამოქალაქო ომამდე მიიყვანს. მისი განცხადებით, საფრანგეთისათვის ახლა საფრთხე მხოლოდ ლე პენია, რადგან ის აღვივებს სიძულვილს და შიშს.

“თქვენი სტრატეგიაა, ილაპარაკოთ მხოლოდ ტყუილი და ის, თუ რა ხდება ცუდი ქვეყანაში,” – ამბობს მაკრონი.

მარი ლე პენი კი, თავის მხრივ, მაკრონს ქედმაღალ ბანკირს უწოდებდა და ფრანსუა ოლანდის კაბინეტში მინისტრობის დროს დაშვებულ შეცდომებზე მიუთითებდა. ცენტრისტი კანდიდატი თავადაც არ უარყოფს საფრანგეთში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ ვითარებას, თუმცა დარწმუნებულია, რომ შეძლებს არსებულ პრობლემებთან გამკლავებას.

კანდიდატების პოზიციები სრულიად განსხვავებულია ევროკავშირთან სამომავლო თანამშრომლობაზე – ლე პენი მომხრეა, რომ ჩატარდეს რეფერენდუმი და საფრანგეთი გამოეყოს ევროკავშირს, ასევე ქვეყანამ უარი უნდა თქვას ევროზე. ლე პენის თქმით, მაკრონი საშუალებას მისცემს გერმანიას, რომ დაანგრიოს საფრანგეთის ეკონომიკა. მაკრონი კი ამას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ ვალუტის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.

“საფრანგეთის ლიდერი ქალი იქნება – ან მე, ან ქალბატონი მერკელი,” – ამბობს ლე პენი.

პირველი ტურის შედეგების მიხედვით, მაკრონმა 23,8%, ხოლო ლე პენმა 21.7% მიიღო. BBC-ის ინფორმაციით, 4 მაისის მონაცემებით, გამოკითხულთა 59% მზადაა, ხმა მაკრონს მისცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი