ახალი ამბები

საია: სამწუხაროა, რომ განათლების მინისტრმა არ იცის იმ ქვეყნის კანონები, რომლის ვიცეპრემიერია

3 მაისი, 2017 • 5127
საია: სამწუხაროა, რომ განათლების მინისტრმა არ იცის იმ ქვეყნის კანონები, რომლის ვიცეპრემიერია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის კომენტარი იმის შესახებ, რომ სამინისტრო “საიას” ინფორმაციას მაშინ მიაწვდის, როცა თავად მოისურვებს – იმაზე მეტყველებს, რომ ვიცეპრემიერმა საჯარო ინფორმაციის გაცემის წესები არ იცის და არ იცნობს ქვეყნის კანონმდებლობას:

“ძალიან სამწუხაროა, რომ ვიცეპრემიერმა და განათლების მინისტრმა არ იცის ელემენტარული კანონმდებლობა იმ ქვეყნის, რომლის ვიცეპრემიერიც ის არის და არ იცის საჯარო ინფორმაციის გაცემის წესები. შეიძლება ის არ არის პროფესიით იურისტი და არ ევალება, რომ ღრმად ამ საკითხებში ერკვეოდეს, მაგრამ საჯარო მოხელისთვის და, მით უმეტეს, პოლიტიკური თანამდებობის პირისთვის მნიშვნელოვანია, რომ ელემენტარული საბაზისო კანონმდებლობის მოთხოვნები იცოდეს და ამ მოთხოვნებს დაემორჩილოს.

იმიტომ, რომ ეს არ არის საიას სურვილი, ან ვინმეს სურვილი. ეს არის საქართველოს კანონმდებლობის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც სავალდებულოა. მით უმეტეს, მაღალი თანამდებობის პირებისთვის, რომ მათ პატივი სცენ ამ ქვეყნის კონსტიტუციას და კანონმდებლობას და შეასრულონ ის მოთხოვნები, რომლებსაც ამ ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს – თქვა ანა ნაცვლიშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა განაცხადა, რომ სამინისტრო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას საჯარო ინფორმაციას მაშინ მიაწვდის, როცა თავად ჩათვლიან საჭიროდ. ეს კომენტარი ალექსანდრე ჯეჯელავამ საიას მიერ დღეს გამართული ბრიფინგის პასუხად გააკეთა, რომელზეც ანა ნაცვლიშვილმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იმ უწყებებს შორის დაასახელა, რომლებმაც ორგანიზაციას ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესზე ინფორმაცია არ მიაწოდეს:

“ყველაფერი კანონის სრული დაცვით მიმდინარეობდა და საიას სურვილი, რომ მათ ყველამ მიაწოდოს ინფორმაცია, ეს მათი სურვილია მხოლოდ. ჩვენ როცა ჩავთვლით საჭიროდ და სასარგებლოდ, მაშინ მივაწვდით ინფორმაციას” – თქვა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საჯარო დაწესებულებებში ოპტიმიზაციის პროცესი შეაჯამა და ხარვეზები გამოკვეთა. ორგანიზაციამ 12 სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეისწავლა, რომლის მიხედვითაც, სამინისტროების მიერ შემცირებული საბიუჯეტო ხარჯების მთლიანი ოდენობა 55 მილიონ 344 ათას ლარს შეადგენს.

კვლევის მიხედვით, სამინისტროებმა ყველაზე მეტი თანხა შრომის ანაზღაურების ნაწილში შეამცირეს, რაც ძირითადად პრემიებისა და დანამატების ფონდის შემცირებაში ან გაუქმებაში გამოიხატა და 39 მილიონი ლარი შეადგინა. ვრცლად, რა ხარვეზები გამოავლინა ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციამ წაიკითხეთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი