ახალი ამბები

სამნიძე: საკრებულოს უმრავლესობა უსიტყვოდ ეთანხმება საპატრიარქოს მოთხოვნას მიწებზე

3 მაისი, 2017 • 2930
სამნიძე: საკრებულოს უმრავლესობა უსიტყვოდ ეთანხმება საპატრიარქოს მოთხოვნას მიწებზე

თბილისის საკრებულოს დეპუტატის, რესპუბლიკელ ხათუნა სამნიძის ინფორმაციით, საკრებულოს მომდევნო სხდომაზე გადის დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს საპატრიარქოსთვის 1 200 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთის გადაცემას.

სამნიძემ გამოაქვეყნა განკარგულების პროექტიც, რომელსაც, მისივე თქმით, საკრებულოს მომდევნო სხდომაზე უყრიან კენჭს.

ხათუნა სამნიძის მიერ გამოქვეყნებული დადგენილების პროექტის თანახმად,  2016 წლის 11 მაისს თბილისის მერს მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა და ითხოვა თბილისში, ჭიჭინაძის ქუჩის მიმდებარედ, 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთის ეკლესიის საკუთრებაში გადაცემა, შემდგომში კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობის, გამწვანებისა და კეთილმოწყობის მიზნით”.

ხელშეკრულების პროექტის თანახმად, რომელიც ნეტგაზეთს ხათუნა სამნიძემ მიაწოდა, საპრივატიზებო საფასური სიმბოლური თანხა – ერთი ლარია.

საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ ეს ტერიტორია, 1 154 კვ.მ ფართობი, (საკადასტრო კოდი 01.19.23.016.284) ქონების მართვის სააგენტომ 2017 წლის 12 აპრილს დაარეგისტრირა.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, დაუჭერს თუ არა მხარს თბილისის საკრებულოს უმრავლესობა ამ პროექტს და მოითხვენ თუ არა რაიმე დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენას. პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ ამ ეტაპზე აღნიშნული საკითხის შესახებ კომენტარს უმრავლესობის წევრები არ გააკეთებენ.

ხათუნა სამნიძე კი გვეუბნება, რომ საპატრიარქო მსგავსი საკითხებით ხშირად მიმართავს საკრებულოს:

“ამ ტიპის მომართვიანობამ დიდი ხანია პერმანენტული ხასიათი მიიღო თბილისის საკრებულოში და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ შეკითხვებს ვსვამთ… ეს პროექტი შემოვიდა, საკრებულს მორიგ სხდომაზე იქნება. როგორც წესი, კითხვის დასმის პროცესიც კი ძალიან მძიმეა,იმიტომ, რომ მოდის სრულიად არარაციონალური, არასაქმიანი, შეურაცხმყოფელი განცხადებები უმრავლესობის მხრიდან. როგორც წესი, ყოველთვის მხარს უჭერს ამას უმრავლესობა. საკრებულოს გადაწყვეტილების შემდეგ მიწა გადავა, როგორც მოთხოვნილია საპატრიარქოდან, საპატრიარქოს მფლობელობაში.

როდესაც მერიას მიმართავენ, შემდეგ მერია მომართავს საკრებულოს, ეს ნიშნავს, რომ მერია საკრებულოს სთხოვს დასტურს. ხდება საკომისიო განხილვა, კომისია დებს დადებით დასკვნას. მე არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა, რომ უარყოფითი დასკვნა დაიდოს. შემდეგ, საკრებულის სხდომაზე განიხილება საკითხი. უფრო სწორად, არ განიხილება, მომხსენებელი წარადგენს და პირდაპირ კენჭი ეყრება. შეკითხვას სვამს რესპუბლიკელების ფრაქცია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ შეკითხვები გვიჩნდება, თუმცა, წარმოუდგენელი კომენატრები ისმის, როდესაც კითხვას ვსვამთ, თუ რატომ უნდა გადაეცეს უსასყიდლოდ მიწის ნაკვეთი თბილისში საპატრიარქოს, როდესაც ამის საფუძველი არის მხოლოდ მიმართვა საპატრიარქოდან, მეტი არაფერი,”- გვეუბნება ხათუნა სამნიძე.

2017 წლის დასაწყისში საკრებულომ საპატრიარქოს ასევე ერთ ლარად გადასცა 1545 კვადრატული მეტრის ფართობის მინის ნაკვეთი ოქროყანის დასახლებაში. 2012-2014 წლებში საპატრიარქოს მიერ მოთხოვნილ მიწებზე ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი