ახალი ამბები

პრეზიდენტი საერთო-სახალხო განხილვებში ჩართვაზე პარლამენტის შეთავაზებას ელოდება

3 მაისი, 2017 • 1777
პრეზიდენტი საერთო-სახალხო განხილვებში ჩართვაზე პარლამენტის შეთავაზებას ელოდება

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, პრეზიდენტს სურს, ჩაერთოს კონსტიტუციის შესახებ საერთო-სახალხო განხილვებში და პარლამენტის შეთავაზებას ელოდება.

პრეზიდენტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ მონაწილეობდა. თუმცა, ფიქრია ჩიხრაძის თქმით, ძალიან აქტიურად აპირებნენ ჩართვას შემდგომ ეტაპზე – საერთო-სახალხო განხილვების პროცესში და ელოდებიან პარლამენტისგან შემოთავაზებას.

კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობას პარლამენტი დღეს, 3 მაისს დაამტკიცებს.

“რა ტიპის იქნება ეს შემოთავაზება, როგორ წარმოუდგენია თავად პარლამენტს საერთო-სახალხო განხილვის პროცესი, რა შემადგენლობით წარმოუდგენია კომისიის მუშაობა და როგორი იქნება სამუშაო წესი, ამას უკვე შემოთავაზებული ფორმატი განსაზღვრავს; ასე რომ, ამ შემთხვევაში პარლამენტის გადასაწყვეტია, როგორი იქნება საერთო-სახალხო განხილვების კომისია, შემადგენლობა და მუშაობის წესი და ამის შემდგომ იქნება ჩვენი პოზიცია უკვე გაცხადებული ამ საკითხებთან დაკავშირებით”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

მისი განცხადებით, ის პროცესი, რასაც პრეზიდენტი აწარმოებდა კამპანიის “კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში, ემსახურებოდა იმას, რომ საზოგადოება უფრო მეტად ყოფილიყო მომზადებული საერთო-სახალხო განხილვებისათვის და ეს პროცესი ფორმალობა არ ყოფილიყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი