კახა ოქრიაშვილი

ოქრიაშვილი: არსებობენ არაკეთილსინდისიერი ჟურნალისტები, ამის გამო ჟურნალისტიკა გავაუქმოთ?

“საქართველოში მრავალი ჟურნალისტია, ბევრი ძალიან კარგია და მიუკერძოებელი, ჩვენ მათ დიდ პატივს ვცემთ. ასევე არიან არაკეთილსინდისიერი, არაპროფესიონალი და აშკარად დაკვეთების შემსრულებელი ჟურნალსიტებიც. ამის გამო ჟურნალისტიკა გავაუქმოთ? რა თქმა უნდა, არა,” – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა ოქრიაშვილმა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების საკითხზე საუბრისას გააკეთა.

კახა ოქრიაშვილის თქმით, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებზე ხორციელდება უსამართლო ზეწოლა და მათ წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია.

“ამ კამპანიის ფარგლებში ხდება კონკრეტული მაჟორიტარების, მათ შორის ჩემი დისკრედიტაცია და შეურაცხყოფა. ხშირად ისმის ბრალდებები, რომ მაჟორიტარები არიან უფრო პასიური, არაკვალიფიციური, ნაკლებად ცნობადი, ვიდრე პროპორციული წესით არჩეული დეპუტატები და ამიტომ უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა,” – განაცხადა ოქრიაშვილმა.

მისივე თქმით, “საქართველოში, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნების პარლამენტებში, არიან აქტიური და კვალიფიციური მაჟორიტარი და არამაჟორიტარი დეპუტატები. აგრეთვე არიან ნაკლებად აქტიურები. შესაძლოა,  პარლამენტში ზოგჯერ არასათანადო კვალიფიკაციის ადამიანებიც ხვდებოდნენ. ასეთი დეპუტატები იყვნენ და არიან ჩვენს პარლამენტშიც და ამის გამო უნდა გავაუქმოთ მაჟორიტარული სისტემა, თუ იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ ამაღლდეს საპარლამენტი კვალიფიკაცია?”

ოქრიაშვილის აზრით, ქვეყანას ისეთი საარჩევნო სისემა სჭირდება,  რომელმაც უნდა უზრუნველყოს ხელისუფლების ზომიერი კონცენტრაცია და სტაბილურობა, ე.ი. წინსვლა.

” ამ პოზიციას მეოთხე და მეხუთე მოწვევის მაჟორიტარები ათწლეულზე მეტია ვიცავთ. უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა, რადგან დღეს “ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს და თვლის, რომ ეს ბერკეტი ხელისუფლების ხელში რისკებს შეიცავს. ამის გამო დგას მაჟორიტარული სისტემის გაუქმება-არგაუქმების საკითხი და არა იმიტომ, რომ არსებულ სისტემას ლეგიტიმაცია აკლია.”

საპარლამენტო არჩევნებზე ხმა, შესაძლოა, რომელიმე ოპოზიციურ პარტიას მისცეთ, თუმცა, თუ ის ბარიერს ვერ გადალახავს, ყველა გაუნაწილებელ მანდატს პირველადგილოსანი პოლიტიკური გაერთიანება წაიღებს. შესაბამისად, თუ არჩევნებში პირობითად სახელისუფლო პარტია გაიმარჯვებს, გამოვა, რომ თქვენი ხმა, რომელიც გეგონათ, რომ ოპოზიციას მიეცით, მმართველი გუნდის სასარგებლოდ წავა. ამ ცვლილებას კონსტიტუციის ახალი პროექტი ითვალისწინებს. სწორედ ამ მოდელს ეწინააღმდეგება “ქართული ოცნების” მაჟორიტარების ნაწილი.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.