სოსო ოხანაშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

ოჯახის თქმით, სოსო ოხანაშვილი გერმანიაში სამუშაოდ გაემგზავრა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორეს დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი ერთი კვირის წინ გერმანიაში გაემგზავრა. სოსო ოხანაშვილი პატრიარქის ძმიშვილის, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის სიძეცაა.

ოხანაშვილის ცოლის, ეკა შიოლაშვილის განცხადებით, სოსო ოხანაშვილმა საქართველო ერთი კვირის წინ დატოვა. იგი გერმანიაში სამუშაოდ გაემგზავრა, თუმცა ჯერჯერობით დასაქმებული არაა.

ეკა შიოლაშვილი აცხადებს, რომ სოსო ოხანაშვილი “ციანიდის საქმის” სახელით ცნობილ გამოძიებასთან დაკავშირებით განმეორებით არ დაუკითხავთ. ეკა შიოლაშვილი ამბობს, რომ მისი ქმარი ქვეყნიდან “დიდი ხნით წავიდა”.

სოსო ოხანაშვილი, რომელიც პატრიარქის დაცვას ხელმძღვანელობდა, თანამდებობიდან ილია მეორის გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ მალევე გადადგა. მისი თქმით, “უსამართლობას, სიმართლისთვის ბრძოლას”  შეეწირა.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავა, როცა ბერლინში მიემგზავრებოდა. მას ბრალად ედება პატრიარქის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება და  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლები),  სოსო ოხანაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიებამ 11 თებერვალს დაკითხა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com