ახალი ამბები

რატიანი: ფაშისტური იტალიის საარჩევნო სისტემამდე თვითონ მიხვედით, თუ სადმე ამოიკითხეთ?

3 მაისი, 2017 • 2345
რატიანი: ფაშისტური იტალიის საარჩევნო სისტემამდე თვითონ მიხვედით, თუ სადმე ამოიკითხეთ?

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, სერგო რატიანის თქმით, “ქართული ოცნების” მიერ შემოთავაზებული საარჩევნო სისტემა იგივეა, რაც ბენიტო მუსოლინიმ მეოცე საუკუნის დასაწყისში ფაშისტურ იტალიას შესთავაზა. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

“თქვენ მიერ შემოთავაზებული სისტემა არის იგივე პრინციპების, რაც მეოცე საუკუნის დასაწყისში მუსოლინიმ შესთავაზა იტალიის პარლამენტს. არ მასვენებს  ინტერესი, გავიგო, იტალიელი ფაშისტების სისტემამდე თქვენ თვითონ მიხვედით, თუ ისტორიას ჩახედეთ და იქ ამოიკითხეთ?” – განაცხადა რატიანმა.

მისივე აზრით, კონსტიტუცია ის დოკუმენტია, რომლითაც ქვეყნის შემდგომი ისტორია განისაზღვრება და აუცილებელია კონსტიტუციის ცვლილებაზე  ხელისუფლებამ აზრი ხალხს ჰკითხოს:

“26 წლის განმავლობაში ჩვენ პოლიტიკურ სისტემას ერთი და იგივე პრობლემა აქვს, პირველ ადგილზე გასულს მუდამ სურს, გადაჭარბებული ძალაუფლება ჰქონდეს და მუდამ სურს, მოგებულმა წაიღოს ყველაფერი. ყველა პრობლემა, რომელიც აქამდე არსებობდა, სწორედ ამასთან იყო დაკავშირებული. ”

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, სერგო რატიანის განცხადება სიცრუეა:

“მუსოლინის სისტემით, პარტია, რომელიც ხმების 25 პროცენტს იღებდა, ავტომატურად იღებდა მანდატების 2/3-ს. მუსოლინის სისტემა თქვენ დაგვიტოვეთ და ჩვენ მუსოლინის სისტემას ვცვლით დემოკრატიული საარჩევნო სისტემით. ეს არის ჩვენი პოლიტიკური ნება,” – აღნიშნა კობახიძემ.

საპარლამენტო არჩევნებზე ხმა, შესაძლოა, რომელიმე ოპოზიციურ პარტიას მისცეთ, თუმცა, თუ ის ბარიერს ვერ გადალახავს, ყველა გაუნაწილებელ მანდატს პირველადგილოსანი პოლიტიკური გაერთიანება წაიღებს. შესაბამისად, თუ არჩევნებში პირობითად სახელისუფლო პარტია გაიმარჯვებს, გამოვა, რომ თქვენი ხმა, რომელიც გეგონათ, რომ ოპოზიციას მიეცით, მმართველი გუნდის სასარგებლოდ წავა.

კონსტიტუციის გადასიჯვის პროექტი ითვალისწინებს პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებებს, სასამართლოს დაკომპლექტების შესახებ ცვლილებებს, ცვლილებებს ადამიანის უფლებების ნაწილში და ასე შემდეგ. კონსტიტუციის პროექტში შეტანილი ძირითადი ცვლილებების შესახებ წაიკითხეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი