ახალი ამბები

მოგზაურებისთვის სახიფათო მარშრუტები საქართველოში [ინფოგრაფიკა]

3 მაისი, 2017 • 4556
მოგზაურებისთვის სახიფათო მარშრუტები საქართველოში [ინფოგრაფიკა]

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით,  2015 წელს საქართველოში 83 მოგზაური დაიკარგა, მათგან 3 გარდაიცვალა.  2016 წელს კი 51  მოგზაური დაიკარგა, მათგან 6 გარდაიცვალა. სად იკარგებიან ან იღუპებიან ძირითადად საქართველოში ტურისტები? – იხილეთ ინფოგრაფიკა, რომელიც მომზადებულია იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ მოგვაწოდა:

მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბ “თეთნულდის” ერთ-ერთი წევრი ირაკლი ჯულაყიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ მოგზაურები ხშირად მოუმზადებელი მიდიან სალაშქროდ, რაც გართულებებს იწვევს:

“პირველი პრობლემა არის პირის მოუმზადებლობა, როგორც  ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური მოუმზადებლობა, ასევე, საქმის არცოდნა. მეორე პრობლემა გამოცდილ და გამოუცდელ მოგზაურებს ერთნაირად ეხებათ, ეს არის რთული მეტეოროგიული პირობები. რაც შეეხება მწვერვალების დალაშქვრას, იქ არავინ არის დაცული უბედური შემთხვევისგან.”

ირაკლი ჯულაყიძის თქმით, როცა მოგზაური კონკრეტულ ტერიტორიაზე მიდის, ამის შესახებ ვინმეს უნდა შეატყობინოს:

“მოგზაურს ყოველთვის უნდა ჰქონდეს კავშირი ადგილობრივ მაშველებთან, რათა არსებობდეს პირი, რომელსაც ეცოდინება, რომელი მარშრუტით და სად მიემგზავრება მოგზაური. როცა დაცულ ტერიტორიაზე შედიხარ, აუცილებელია, წინასწარ შეატყობინო სახელმწიფოს ამის შესახებ, რომ დაკარგვის შემთხვევაში მოგძებნონ. წინასწარ შეტყობინების მექანიზმი არსებობს საქართველოში.”

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი მარტო არ წავიდეს ასეთ ადგილებში.

“2014 წელს 70 წლამდე გერმანელი პროფესორი მარტო იყო წასული ბორჯომ-ხარაგაულის ტერიტორიაზე ფრინველებზე დასაკვირვებლად. იმ პერიოდში ჩვენც ვიყავით იქ, მთელი საქართველოს სამაშველო სამსახური ეძებდა, გერმანიიდან კინოლოგებიც ჰყავდათ ჩამოყვანილი. ორი თვის შემდეგ იპოვეს ეს ადამიანი გარდაცვლილი, ხეობაში იყო გარდაცვლილი. როცა რომელიმე ტერიტორიაზე შედიხარ, ამის შესახებ მინიმუმ ოჯახის წევრმა მაინც უნდა იცოდეს.”

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მათი ინიციატივით, 2016 წელს პირველად საქართველოში შეიქმნა  სამთო-საფეხმავლო მარშრუტების ერთიანი ქსელის მონიშვნის ქართული სტანდარტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყველა სამთო- საფეხმავლო მარშრუტების გეგმარება და მარკირება სტანდარტით განსაზღვრული წესების მიხედვით მოხდება, რომელიც ეროვნულ რეგლამენტად საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა:

“ზოგადად კი, ჩვენ  მიერ შემუშავებული სამთო-საფეხმავლო მარშრუტები შექმნილია სირთულეების მიხედვით. მარშრუტის მარკირებისას თითოეული მათგანის დასაწყისში ხდება საინფორმაციო დაფის დამონტაჟება, სადაც წარმოდგენილია მარშრუტის შესახებ ინფორმაცია. თვითონ მარკირების მთავარ მიზანსაც ის წარმოადგენს, რომ მოგზაურს მაქსიმალურად გაუადვილდეს მარშრუტზე გადაადგილება და თავიდან იქნას აცილებული მარშრუტიდან გადახვევის საშიშროება,” – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

ადმინისტრაციაში ასევე ამბობენ, რომ საქართველოში მოგზაურობისათვის სახიფათო კუთხეები არ არსებობს.

“თუ მოგზაურები ალპინისტურ მარშრუტებს გეგმავენ,  ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, შეტყობინება დატოვოს საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.”

მასალების გადაბეჭდვის წესი