ახალი ამბები

ანა ნაცვლიშვილი: კონსტიტუციის პროექტის სახალხო განხილვისთვის 10 დღე საკმარისი არაა

3 მაისი, 2017 • 2436
ანა ნაცვლიშვილი: კონსტიტუციის პროექტის სახალხო განხილვისთვის 10 დღე საკმარისი არაა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის საერთო-სახალხო განხილვებისთვის 10 დღე საკმარისი არ არის და აქამდე არსებული პრაქტიკა აჩვენებდა, რომ ეს ეტაპი უფრო ფორმალური ხასიათის იყო, ვიდრე ხალხის ხმის გაგონების მიზნით წარმართული პროცესი.

ნაცვლიშვილის თქმით, საზოგადოებას განხილვის დაწყების შესახებ პროცესის დაწყებამდე ორი დღით ადრე ეცნობა, რაც ასევე არ იძლევა საშუალებას, პროცესი სრულფასოვნად წარიმართოს:

“გუშინ ცნობილი გახდა თარიღები, რა თარიღებშიც უნდა ჩაეტიოს ეს პროცესი და ეს არის მკაცრად 10 დღე. ყოველდღე სხვადასხვა ქალაქში გაიმართება შეხვედრები. 10 დღე საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ჩატარდეს გონივრულად საერთო სახალხო განხილვები, საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა, მოემზადოს ამ პროცესისთვის, ჩამოაყალიბოს საკუთარი აზრი და ის გააჟღეროს ამ განხილვების მეშვეობით. მით უმეტეს, განხილვების დაწყებამდე მოსახლეობის ინფორმირება ორი დღით ადრე ხდება,” – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე.

სახალხო განხილვები 5 მაისს დაიწყება და 15 მაისამდე გასტანს.

პარლამენტში კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ საქართველოს კანონპროექტი და განმარტებითი ბარათები უკვე შევიდა.

კომიტეტში განხილვის შემდეგ საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია შეიქმნება. ამჟამად კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ვებ-გვერდზე არის გამოქვეყნებული.

განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ კონსტიტუციური კანონის ინიციატორი პარლამენტის 108 წევრია. “ქართულ ოცნებას” პარლამენტში 115 დეპუტატის ჰყავს, რაც აღემატება საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო დეპუტატების რაოდენობას (113 პარლამენტარის ხმა).

დღეს მოქმედი კონსტიტუცია 109 მუხლისგან შედგება, ხოლო ინიცირებულ პროექტში, რომელიც პარლამენტთან შექმნილმა საკონსტიტუციო კომისიამ შეიმუშავა – 78 მუხლია. კონსტიტუციის პროექტში მუხლები გადაადგილებული და დაჯგუფებულია, ზოგ შემთხვევაში კი- გაერთიანებული.

კონსტიტუციის შემოთავაზებული პროექტი 2 000-ზე მეტი სიტყვით აღემატება დღეს მოქმედ კონსტიტუციას.

კონსტიტუციის გადასიჯვის პროექტი ითვალისწინებს პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებებს, სასამართლოს დაკომპლექტების შესახებ ცვლილებებს, ცვლილებებს ადამიანის უფლებების ნაწილში და ასე შემდეგ. კონსტიტუციის პროექტში შეტანილი ძირითადი ცვლილებების შესახებ წაიკითხეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი