გიორგი მარგველაშვილი© EPA/GEORG HOCHMUTH

პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებს მეტი აქტიურობისაკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება პოლიტიკური პარტიების მაქსიმალურ აქტივობას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და მათ მეტი აქტივობისაკენ მოუწოდებს,”რათა საზოგადოება უფრო მეტად ჩაერთოს ცვლილებების განხილვისა და დისკუსიის პროცესში”. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლებს შეხვდა და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მათი მოსაზრებები მოისმინა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, პრეზიდენტი მანამდეც ძალიან აქტიური იყო და აპირებს, მსგავსი აქტიურობა გააგრძელოს იმისათვის, რომ  კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის ძირითადი კანონია, იყოს მაქსიმალურად გამართული,  დაბალანსებული, სწორი და ღირებულებითი დებულებების მატარებელი.

როგორც ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, პრეზიდენტი მზადაა იმ საკითხების განსახილველად, თუ აქტივობებისათვის გარკვეული ფორმატების შექმნის სურვილი იქნება.

„მიუხედავად იმისა, რომ აქ შეკრებილი იყო ერთმანეთისაგან პოლიტიკური გემოვნებით, მსოფლმხედველობით განსხვავებული და ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან დაპირისპირებაში მყოფი პოლიტიკური ძალებიც, ყველანი ერთად თანხმდებიან იმაზე, რომ მომავალი კონსტიტუცია ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოების, პოლიტიკური სპექტრის და ამ შემთხვევაში პრეზიდენტის თუ სხვა ინსტიტუციების ერთობლივი მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com