ქუთაისი მერი ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდის ბენეფიციარი ბავშვების ხელნაკეთ ნივთებს ყიდულობს

ევროკავშირი და ევრობანკი თიბისი ბანკთან ერთად მცირე და საშუალო ბიზნესისათვის საკრედიტო ხაზს გამოყოფენ

100 მილიონი დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის საქართველოში.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (ევრობანკი) და ევროკავშირი აფართოებენ ერთობლივ პროგრამას თიბისი ბანკთან თანამშრომლობით, რომელიც მხარს უჭერს ადგილობრივ მცირე და საშუალო საწარმოებს, შესაბამისობაში მოვიდნენ ევროპულ სტანდარტებთან და სრულად გამოიყენონ ის სარგებელი,  რაც თან ახლავს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას.

2017 წლის 2 მაისს, თიბისი ბანკმა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან ხელი მოაწერა ეროვნულ ვალუტაში დენომინირებულ სამ სასესხო ხელშეკრულებას, რომელთა ჯამური მოცულობა 100 მილიონი აშშ დოლარია. თიბისი ბანკისათვის გამოყოფილი სამი საკრედიტო ხაზიდან 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი გამიზნულია საქართველოში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების ხელშესაწყობად; 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი  სპეციალურად ქალების მიერ მართული ბიზნესების მომსახურებისთვის; ხოლო 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი განკუთვნილია მცირე და საშუალო საწარმოების დასაფინანსებლად.

ამ დაფინანსების მეშვეობით თიბისი ბანკი გასცემს გრძელვადიან სესხებს ადგილობრივ ვალუტაში. აღნიშნული ლარის რესურსი გამოყენებული იქნება საქართველოში მსხვილი, მცირე და საშუალო ზომის კომპანიების საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად.

 

ევროკავშირის მხარდაჭერა 19 მილიონი ევროს (დაახლოებით 50 მილიონი ლარის) მოცულობით მიზნად ისახავს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის გახსნილი საკრედიტო ხაზის წახალისებას, რათა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებული ინვესტიციების განხორციელება უფრო გაიოლდეს საინვესტიციო გრანტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით. ეს აგრეთვე გააუმჯობესებს მცირე და საშუალო საწარმოების მიერ ადგილობრივი ბანკებიდან დაფინანსების პირობებს, ხოლო ადგილობრივ ბანკებს შემატებს სურვილსა და შესაძლებლობას ითავონ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის გაცემულ სესხებთან დაკავშირებული რისკები.

ევროკავშირი საქართველოში კერძო სექტორის განვითარებას ხელს უწყობს “ევროკავშირი ბიზნესისთვის” (EU4Business) ინიციატივის ფარგლებში. იგი ეხმარება მცირე და საშუალო საწარმოებს ისარგებლონ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების, ბიზნესთან დაკავშირებული ცოდნისა და უნარების გაღრმავების, ისევე როგორც მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე უკეთესი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მეშვეობით. “ევროკავშირი ბიზნესისთვის” და EBRD-ის საკრედიტო ხაზი ევროკავშირისა და EBRD-ის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს მცირე და საშუალო საწარმოებს ინვესტიციების დაფინანსებაში. ევროკავშირი და EBRD ერთობლივად მუშაობენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კერძო სექტორის განვითარებისთვის, განსაკუთრებით “მცირე ბიზნესის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში, რომელშიც ევროკავშირის წვლილი 18 მილიონი ევროა (48 მილიონი ლარი), ისევე როგორც “ქალები ბიზნესში” პროგრამის ფარგლებში, რომელშიც ევროკავშირის წვლილი 5 მილიონი ევროა (13 მილიონი ლარი). საკრედიტო ხაზი, რომელიც ქალი მეწარმეებისთვისაა განკუთვნილი, დამატებითი მხარდაჭერით სარგებლობს შვედეთისა და ადრეულ გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების ფონდის მხრიდან.

ევრობანკის კავკასიის, მოლდოვასა და ბელორუსიის დირექტორის, ბატონი ბრუნო ბალვანერას თქმით,“მოხარულები ვართ, რომ ვაფართოვებთ მცირე მეწარმეების მხარდაჭერას. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელსაც შეუძლია დიდი გავლენა იქონიოს საქართველოს მომავალზე. ფინანსური ხელშეწყობის ის მექანიზმი, რომელსაც დღეს ხელი მოვაწერეთ, დაეხმარება ადგილობრივ კომპანიებს, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგან წინ და გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები რეგიონულ ბაზარზე. მადლობას ვუხდით ევროკავშირს, ჩვენს ერთგულ პარტნიორს თანამშრომლობისათვის ისეთ სფეროებში, რომელიც უმნიშვნელოვანესია საქართველოს განვითარებისათვის.“

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა განაცხადა: “მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ეკონომიკური ზრდისთვის. შესაბამისად მოხარულნი ვართ, რომ ვაღრმავებთ თანამშრომლობას “თიბისი ბანკთან”, რათა უფრო მეტმა მცირე და საშუალო საწარმომ საქართველოში ისარგებლოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობით. ადგილობრივ ვალუტაში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ამ მხრივ გადადგმული ძალიან საჭირო ნაბიჯია და დაფინანსების ამ ინსტრუმენტში ევროკავშირის მიერ გრანტის სახით შეტანილი წვლილი ინვესტიციებს უფრო ხელმისაწვდომს გახდის, რაც საწარმოო პროცესებს ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს”.

მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ წარმატებულ პარტნიორობას ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკსა და ევროკავშირთან. ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ფინანსური სექტორისთვის და გვეამაყება, რომ ეს რთული ტრანზაქცია ჩვენმა დიდი ხნის პარტნიორმა, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა განახორციელა თიბისი ბანკისთვის. ეს სესხები დაეხმარება თიბისი ბანკს, კიდევ უფრო გაიძლიეროს წამყვანი პოზიცია საქართველოს ბაზარზე,“ – აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი