კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ კახა ბექაური აირჩიეს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) სრული შემადგენლობის უმრავლესობით 2020 წლის 24 იანვრამდე კომისიის თავმჯდომარედ კახა ბექაური აირჩია.

GNCC-ის წევრს ექვსი წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, კომისიის თავმჯდომარეს კი – სამი წლის ვადით თავად კომისია ირჩევს. კომისიის თავმჯდომარედ არჩევა მხოლოდ ერთი ვადით შეიძლება.

GNCCის ცნობით, კახა ბექაურის კანდიდატურა კომისიის თავმჯდომარის არჩევნებზე კომისიის წევრებმა ერთობლივად წარადგინეს. მას კონკურენტი არ ჰყოლია.

ბოლო სამი წლის განმავლობაში კომისიის თავმჯდომარის პოზიცია ვახტან აბაშიძეს ეკავა. იგი კომისიის წევრის რანგში უფლებამოსილებას  2020 წლის 16 აპრილამდე გააგრძელებს.

კახა ბექაური GNCC-ის წევრად 2014 წლის 24 იანვარს დაინიშნა.

2012 წლის მარტიდან 2012 წლის დეკემბრამდე კახა ბექაური ტელეკომპანია “მეცხრე არხს” ხელმძღვანელობდა.

2010-2011 წლებში ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალური დირექტორი იყო.

2005-2010 წლებში ტელეპროდუქციის სადისტრიბუციო კომპანია „Other Entertainment Limited“-ის  გენერალური დირექტორი იყო.

2004-2005 წლებში საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის  თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიცია ეკავა.

2002-2003 წლებში კი – ტელეკომპანია“ მზის“ გენერალური დირექტორი იყო.

კახა ბექაურის ცოლი, ყოფილი ტელეწამყვანი ეკა ბერიძე კომპანია “ჯორჯიან უოთერ & ფაუერის” (GWP) გენერალური დირექტორის მრჩეველია PR–სა და მარკეტინგის დარგში. იგი ამ თანამდებობაზე 2013 წლიდან მუშაობს.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი