ახალი ამბები

მეზობლების დაპირისპირება ტრანსგენდერ ქალებთან – როგორ დასრულდა სასამართლო

2 მაისი, 2017 • 4131
მეზობლების დაპირისპირება ტრანსგენდერ ქალებთან – როგორ დასრულდა სასამართლო

დღეს, 2 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა 4 პირის მიმართ წვრილმანი ხულიგნობის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევები ტრანსგენდერი ქალების ბინაზე თავდასხმასთან დაკავშირებით – ერთს 100-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა, ერთის მიმართ საქმისწარმოება შეწყვიტა, ხოლო ორის საქმე 4 მაისამდე გადადო.

ტრანსგენდერი ქალების მიმართ მუქარის საქმესთან დაკავშირებით 2 მაისს, გვიან ღამით, ადმინისტრაციული წესით 4 ადამიანი დააკავეს. ორი ტრანსგენდერი ქალი, პურის მცხობელი, რომელსაც ტრანსგენდერი ქალები თავდასხმასა და მუქარას აბრალებენ, და ერთი მეზობელი კაცი.

მოსამართლე ნანა აფციაურმა მეზობელი კაცის მიმართ საქმისწარმოება შეწყვიტა, პურის მცხობელს 100-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა წვრილმანი ხულიგნობისთვის, ხოლო ორი ტრანსგენდერი ქალის პროცესი 4 მაისამდე გადადო.

ოთხივე პირს პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის დარღვევას ედავებოდა, ხოლო ერთ ტრანსგენდერ ქალს ასევე ედავება 173-ე მუხლის დარღვევას – პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

ოთხივე ადამიანი 1 მაისს დაწყებული დაპირისპირების შედეგად დააკავეს. პოლიცია წყნეთის ქუჩაზე ტრანსგენდერი ქალების გამოძახების შემდეგ მივიდა.

როგორც ბინის დამქირავებელი ტრანსგენდერი ქალი “ნეტგაზეთთან” ამბობს, მას პურის მცხობელთან ურთიერთობა ჰქონდა, დაპირისპირება სამი კვირის წინ დაიყო, მას შემდეგ, რაც დაშორდა:

“ახედებდა ვიღაცებს და ეუბნებოდა, აქ ცხოვრობენ კაბიანი კაცები. მივეცი ერთხელ შენიშვნა, ორჯერ შენიშვნა და შემდეგ გამოვიძახე პატრული. პატარა ამბის გამო მთელი უბანი გამოვიდა.”

ტრანსგენდერი ქალი ამბობს, რომ გუშინ, მცხობელის წაქეზებით, კენჭებს ესროდნენ არასრულწლოვნები მის ბინას, იგი აივანზე გავიდა და იკითხა, თუ რატომ იქცეოდნენ ასე, პასუხად პურის მცხობელისგან მუქარა მიიღო, რომ ავიდოდა და “გადახერხავდა”.

ტრანსგენდერი ქალი ამბობს, რომ ერთი წელია ამ სახლში ცხოვრობს და მეზობლებთან არ ჰქონია პრობლემა, თუმცა პურის მცხობელი მეზობლებს ტრანსგენდერი ქალების წინააღმდეგ განაწყობდა. ამჟამად მეზობლები მათ ედავებიან, რომ ხმაურობენ. თუმცა მანამდე მეზობლებს არც ბინის პატრონისთვის მიუმართავთ და არც პოლიციისთვის.

პურის მცხობელი უარყოფს იმ ფაქტს, რომ რამე კავშირი ჰქონდა ტრანსგენდერ ქალთან, ასევე იმასაც, რომ მათი ბინისთვის ვინმეს ქვები დაეშინოს.

მცხობელი ამბობს, რომ იგი გამოესარჩლა მოზარდებს, რომლებმაც ერთ-ერთ ტრანსგენდერ ქალს სახელი ჰკითხა, მათ კი პასუხად გინება დაუწყეს. როგორც მეპურე ამბობს, გინებაზე თავადაც უპასუხა, რის საპასუხოდაც ტრანსგენდერმა ქალებმა პოლიციას გამოუძახეს.

“მერე მე დამიწყეს, შენ ვინ ჩემი ფეხები ხარო და მაგინეს დედა. მეც შევაგინე და გამომიძახეს პატრული. გამოვიდა უბანი და პატიოსანი ხალხიც დაიჭირეს მაგათ გამო. რატომ აჩერებენ, ვერ ვხვდები. ყველას ეზრდება პატარა ბავშვი და მაგას სწავლობენ. უნდა დამალულები იყვნენ და შუა გზაში რომ ჩნდებიან, მაგას ხედავენ ბავშვები”, – თქვა მან.

პურის მცხობელის თქმით, მის დასაცავად სამეზობლო გარეთ გამოვიდა, მეზობელმა კომენტარი არ გააკეთა, არც სასამართლოში მყოფმა სხვა მეზობლებმა ისურვეს საუბარი.

ამ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მიხედვით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი