ახალი ამბები

პარლამენტი ქუთაისში! – ვინ და რატომ იცავს კონსტიტუციის 48¹ მუხლს

2 მაისი, 2017 • 6490
პარლამენტი ქუთაისში! – ვინ და რატომ იცავს კონსტიტუციის 48¹ მუხლს

არის თუ არა ქუთაისისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარლამენტის ქალაქში დატოვება? რა სარგებელი მოუტანა ბოლო ხუთი წლის მანძილზე საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში ფუნქციონირებამ ქალაქს? რატომ აპროტესტებს ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი ხელისუფლების გადაწყვეტილებას, კონსტიტუციიდან ამოღებული იქნას ჩანაწერი იმის შესახებ, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი სწორედ ქუთაისია.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომიიის მიერ მომზადებული პროექტით, საქართველოს კონსტიტუციაში ქრება ჩანაწერი პარლამენტის ადგილმდებარეობის შესახებ და ეს მითითება პარლამენტის რეგლამენტში დარჩება, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ სხვა დროს ხელისუფლება პარლამენტს ქუთაისიდან თბილისში ადვილად გადაიტანს.

პარლამენტის შესანარჩუნებლად ქუთაისში ჩამოყალიბდა მოძრაობა “დაიცავი კონსტიტუციის  48¹ მუხლი”, რომელშიც ადგილობრივი მოქალაქეები, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლები ერთიანდებიან. მოძრაობამ მოამზადა პეტიცია და ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო.

რატომ უნდა ფუნქციონირებდეს პარლამენტი ქუთაისში?

საინიციატივო ჯგუფის წევრების განცხადებით, საქართველოს პარლამენტის ქუთაისში არსებობა ნიშნავს: მისი ისტორიული ფუნქციის აღდგენას; თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურას; სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას; მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს; კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრების გააქტიურებას; ახალგაზრდებისთვის რეალიზების შესაძლებლობას; პროფესიონალი კადრების ადგილზე დასაქმებას და მიგრაციის შემცირებას.

“როცა ქალაქს სტატუსი გააჩნია, ინვესტორებისთვის მიმზიდველი ხდება და ქალაქი ვითარდება. პარლამენტის ქუთაისში არსებობა ბევრის მომცემია, იზრდება ქალაქით დაინტერესება, ხორციელდება ინვესტიციები და  მცირდება მიგრაცია,”- ამბობს ხვიჩა ვაშაყმაძე, მოძრაობის ერთ-ერთი წევრი.

მოძრაობის კიდევ ერთი წევრის, აკაკი საღინაძის თქმით, ადგილობრივ ახალგაზრდებს განსაკუთრებით სურთ პარლამენტის შენარჩუნება.

“ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორისაა ის, რომ ჩვენი მეგობრები გვტოვებენ და თბილისში ხანგრძლივი ვადით მიემგზავრებიან. ეს იმიტომ, რომ  მხოლოდ თბილისია განვითარებული. ეკონომიკურ განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია ის, რომ პარლამენტი ქუთაისში იყოს,” – აღნიშნავს საღინაძე.

“2012 წელს ხელისუფლებამ დააანონსა, რომ პარლამენტს გადაიტანდნენ და შედეგად, ქალაქმა საინვესტიციო მიმზიდველობა დაკარგა. სწორედ ამიტომ არ მოჰყვა პარლამენტის აქ ფუნქციონირებას ქალაქის  ფართომასშტაბიანი განვითარება,” – ამბობს თემურ ცამციშვილი, “გირჩის” ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი.

მისი აზრით, თუ ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდება, რომ ქუთაისი საპარლამენტო დედაქალაქია, ეს ძალიან კარგად  აისახება ქალაქის განვითარებაზე.

“დაიცავი კონსტიტუციის 48¹-ე მუხლის” აქცია ქუთაისში

“დაიცავი კონსტიტუციის 48¹-ე მუხლის” აქცია ქუთაისში

ქუთაისის ერთ-ერთი მაჟორიტარის, დიმიტრი მხეიძის თქმით, ის პარლამენტის ქალაქში დარჩენას ემხრობა:

“ქუთაისელებისთვის ეს მგრძნობიარე თემაა.  პარლამენტის ქუთაისში დარჩენას თუნდაც იმიტომ ვემხრობი, რომ ქალაქის მაჟორიტარი ვარ. გუნდში ამაზე ხშირად ვსაუბრობთ. პარლამენტი შეიძლება ერთ-ერთი ფაქტორი იყოს ქუთაისის გაძლიერებისთვის.“

იმავეს იმეორებს ქუთაისის მერი და იმერეთის გუბერნატორი:

“ჩემი სურვილია, რომ პარლამენტი იყოს ქუთაისში და, მგონი, არც არავინ აპირებს პარლამენტის გადატანას. ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაზე როგორც გადმოტანამ იქონია ზეგავლენა, ისე იქონიებს ზეგავლენას, თუ წაიღებენ. თუმცა მხოლოდ პარლამენტზე ვერ იქნება დამოკიდებული ქალაქის განვითარება, ეს არის ერთი-ერთი კომპონენტი,” -ამბობს ქუთაისის მერი შოთა მურღულია.

შოთა მურღულია. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

შოთა მურღულია. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

“იმერეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის ქუთაისში ფუნქციონირება. ქუთაისს აქვს საპარლამენტო ქალაქის ფუნქცია და ეს რეგიონის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე მომხრე ვარ, რომ პარლამენტი ქუთაისში დარჩეს, რადგან პარლამენტის საბოლოო დარჩენა საწყისი იქნება იმერეთის რეგიონის განვითარებაში,” – ეს იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის სიტყვებია.

იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

“მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე  “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” პროექტით ქუთაისი სრულფასოვანი პოლიტიკური ცენტრი უნდა გამხდარიყო – პარლამენტით, მთავრობის დიდი ნაწილით და ადმინისტრაციული სტრუქტურებით:

“1990-იან წლებში ქუთაისს ინდუსტრიული ფუნქცია მოეშალა და უფუნქციო გახდა, აქ აღარაფერი ხდებოდა, რაც ტრაგედიაა. ქუთაისს ჩვენ ორი ფუნქცია მივეცით: ერთი იყო პოლიტიკური დედაქალაქი, ხოლო მეორე -სატრანსპორტო ცენტრად ქცევა. ეს ორი ფუნქცია იყო ქუთაისის განვითარების საფუძველი. სატრანსპორტო ცენტრის ფუნქცია შენარჩუნდა, მაგრამ ართმევენ მეორე, ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას. შეიძლება ვიდავოთ, რამდენად ბევრი მოიტანა პარლამენტმა, მაგრამ წაღება რომ არაფერს მოიტანს, ეს ფაქტია.”

დავით ბაქრაძე. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

დავით ბაქრაძე. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

რა ეფექტი ჰქონდა  პარლამენტის ქუთაისში გადატანას?

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტის ადგილსამყოფელი ქალაქი ქუთაისია. ახალი ხელისუფლება თავიდანვე აცხადებდა, რომ პარლამენტს თბილისში წაიღებდნენ, თუმცა “ნაციონალურმა მოძრაობამ” ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. უკვე  2014 წელს “ქართულმა ოცნებამ” საკომიტეტო მუშაობა თბილისში, პარლამენტის ბალანსზე არსებულ შენობაში გადაიტანა. შედეგად, ქუთაისში პარლამენტის სასახლე თვის განმავლობაში, ჯამში, 6 დღე ფუნქციონირებს.

საქართველოს პარლამენტი 23.02.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

საქართველოს პარლამენტი 23.02.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

“ბოლო წლებში მცირე საინვესტიციო ძვრები იგრძნობა ქუთაისში, გარკვეული რაოდენობის ობიექტები გაიხსნა, თუმცა ეს მაინც არ არის იმ მასშტაბის ეფექტი, რაც პარლამენტის ქუთაისში სრულფასოვნად ფუნქციონირებას მოჰყვებოდა. პარლამენტის გადმოტანით გათვალისწინებული იყო მსხვილი ინვესტიციების განხორციელება.  ამ პროცესზე მიბმული იყო წყალტუბოს განვითარება. იქ უნდა აშენებულიყო სამთავრობო ქალაქი და ძალიან დიდი სასტუმრო. მაგრამ ეს ყველაფერი ვერ მოხდა, რადგან დეპუტატები მუდმივად ჩემოდნებზე სხედან,” – ამბობს ქეთი ბერძენიშვილი, რადიო “ძველი ქალაქის” ხელმძღვანელი.

ქეთი ბერძენიშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

ქეთი ბერძენიშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

დავით ბაქრაძის დაკვირვებით, გარკვეული ეფექტი პარლამენტის ქუთაისში ყოფნამ ქალაქს უკვე მოუტანა.

“ამის შესახებ ჰკითხონ იმ ადამიანებს, რომლებიც ბოლო პერიოდში აშენებულ სასტუმროებში მუშაობენ; ჰკითხონ კვების ობიექტების თანამშრომლებს, ან პარლამენტში დასაქმებულ ქუთაისელებს. პარლამენტის წაღება კარგს რომ არაფერს მოიტანს, ეს ცხადია. ის, რაც დღეს ქუთაისში ხდება, ძალიან შორს არის იმისგან, რაც უნდა მომხდარიყო.“

ქუთაისის კიდევ ერთი მაჟორიტარი კობა ნარჩემაშვილი ფიქრობს, რომ პარლამენტის ფუნქციონირებით გამოწვეული ეკონომიკური სარგებელი ეფემერულია:

“ეკონომიკური თვალსაზრისით გარკვეული დატვირთვა ჰქონდა ქუთაისისთვის პარლამენტს, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ეს სერიოზული ძვრა იყო. ამას უფრო სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, ქალაქი ცნობილი გახდა.”

მისივე აზრით,  ზოგადად, ინვესტიციები პარლამენტის გამო არ ხორციელდება:

“თუ ბიზნესმენი მოდის, მას კარგად აქვს შეფასებული ეს გარემოებები, რის გამოც მოდის. ის ბიზნესგეგმას აკეთებს და თვლის, რა, რამდენი დაუჯდება და რა შემოსავალი ექნება. ჩემი აზრით, ინვესტიციების შემოსვლა პარლამენტის ადგილმდებარეობასთან პირდაპირ ბმაში არ არის. მე მაინც მომხრე ვარ, რომ ქუთაისში დარჩეს პარლამენტი.”

კობა ნარჩემაშვილი აკვირდება ქუთაისის გერბს. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

კობა ნარჩემაშვილი აკვირდება ქუთაისის გერბს. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

ალტერნატივა ქუთაისისთვის

ქუთაისის მაჟორიტარი დიმიტრი მხეიძე ამბობს, რომ თუ ხელისუფლება  შემდგომში ბევრ კარგ პროექტებს განახორციელებს  ქუთაისის ეკონომიკის განვითარებისთვის, განათლების სისტემის განვითარებისთვის, აეროპორტის განვითარებისთვის, ეს ყველაფერი ქალაქზე კარგად აისახება.

“თუ ერთ მხარეს დავდებთ პარლამენტს, ხოლო მეორე მხარეს იმ პროექტებს, რომლებიც განხორციელდა, ხორციელდება და მომავალში განხორციელდება, ეს პროექტები პარლამენტს გადაწონის. მე, როგორც ქუთაისის მაჟორიტარი, წინააღმდეგი ვარ პარლამენტის გადატანის. პარლამენტმა სასწაული სარგებელი შეიძლება ვერ მოიტანა, მაგრამ თუ რამეს მაჩუქებს ადამიანი, შემდეგ არ უნდა წამართვას.“

ქუთაისი მაჟორიტარი დიმიტრი მხეიძე. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

ქუთაისი მაჟორიტარი დიმიტრი მხეიძე. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

ქეთი ბერძენიშვილის თქმით, როცა ქუთაისელებს აიმედებენ, რომ საუნივერსიტეტო ქალაქი შენდება, როცა ადგილობრივებს ეუბნებიან, რომ სპორტული მოედნები აშენდება და სხვადასხვა პროექტები განხორციელდება, ეს არის მხოლოდ დაპირება და მეტი არაფერი:

“ჩვენ ჯერ ამ ყველაფერს ვერ ვხედავთ. იმისთვის, რომ პოლიტიკური ცენტრი ქუთაისში იყოს, პარლამენტი მუდმივად აქ არის საჭირო.”

პარტია “თავისუფალი საქართველოს” ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი გოგი წულაია ამბობს, რომ საპარლამენტო დედაქალაქის გარდა ქუთაისს სხვა პერსპექტივა არ აქვს:

“რეალობა ის არის, , რომ პარლამენტი ქუთაისშია და საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი აქვს. როცა ახალს არაფერს გთავაზობენ და როდესაც ქალაქს სხვა პერსპექტივა არ აქვს, ჩვენ ვამბობთ, რომ პარლამენტი აქ უნდა იყოს. თორემ თავიდან, სანამ გადმოიტანდნენ, მე გადმოტანის წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ახლა სხვა რეალობა გვაქვს. “

გოგი წულაია. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

გოგი წულაია. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

კობა ნარჩემაშვილის თქმით, ხელისუფლებას პარლამენტი ჯერჯერობით არ გადააქვს:

“არგუმენტად ის ითქვა, რომ  სხვა კონსტიტუციური ორგანოების ადგილსამყოფელი მითითებული არ არის კონსტიტუციაში. პარლამენტის რეგლამენტში რჩება ჩანაწერი ადგილმდებარეობის შესახებ და მას არავინ ეხება.“

დავით ბაქრაძის აზრით, პარლამენტის ქუთაისში ყოფნა კარგია ქუთაისისთვის, თბილისისთვის და ქვეყნისთვის.

“ძალიან ცუდია, რომ კონსტიტუციიდან ეს ჩანაწერი ამოიღეს და იმასაც ვერ ამბობენ, რომ პარლამენტი გადააქვთ. თქვეს, ამოვიღეთ, მაგრამ არ გადაგვაქვს. თუ არ გადაგაქვს, რატომ ამოიღე ჩანაწერი? ეს ნიშნავს, რომ გადატანას აპირებენ.“

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდა კონსტიტუციის ის ჩანაწერი, რომლის მიხედვით,  პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი. მერვე მოწვევის პარლამენტის დროს “ქართული ოცნება” პარლამენტის თბილისში გადმოტანას ცდილობდა, თუმცა ინიციატივამ მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო 113 დეპუტატის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

დღეს, 2017 წლის 2 მაისს, პარლამენტში 108 დეპუტატის ხელმოწერით ინიცირებულია კონსტიტუციის გადასიჯვის პროექტი, რომელიც  ითვალისწინებს პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებებს, ასევე, კონსტიტუციიდან პარლამენტის ადგილმდებარეობის შესახებ ჩანაწერის ამოღებას, სასამართლოს დაკომპლექტების შესახებ ცვლილებებს, ცვლილებებს ადამიანის უფლებების ნაწილში და ასე შემდეგ. კონსტიტუციის პროექტში შეტანილი ძირითადი ცვლილებების შესახებ წაიკითხეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი