გუგული მაღრაძე: მოწევა დასაშვები კაზინოებსა და სიგარა ბარებში იქნება

მთავრობასთან და ბიზნესსექტორთან კონსულტაციების შემდეგ, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტი, პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, 2018 წლის 1 მაისიდან ამოქმედდება. კანონპროექტის ავტორის, გუგული მაღრაძის თქმით, დოკუმენტის მეორე რედაქციის მიხედვით, რომელიც პარლამენტს მეორე მოსმენაზე უნდა წარედგინოს, მოწევა ლიცენზიის მქონე კაზინოებსა და სიგარა ბარებშიც იქნება ნებადართული:

“ჩვენ ვთმობთ, ესაა ვადები, რადგან ვფიქრობთ, რომ შეიძლება იმავე სამასპინძელო ინდუსტრიას სჭირდებოდეს გარკვეული დრო იმისთვის, რომ მოსაწევად ღია ადგილები გამოყოს. ამასთან ერთად, არის დრო იმისთვის, რომ რეკლამის მიმცემებმა, ასე ვთქვათ, მოახდინონ სხვა პროდიქციის რეკლამაზე გადასვლა. დავუშვით, რომ მოწევა იქნება ნებადართული კაზინოებში, რომლებსაც ლიცენზირება აქვთ, და შემოვიტანეთ, რომ სიგარა ბარებში, ასევე სპეციალური ლიცენზირების შემთხვევაში, იქაც იყოს ნებადართული მოწევა” – ამბობს გუგული მაღრაძე “მოამბესთან” საუბრისას.

პირველი მოსმენით მიღებული  კანონპროექტის მიხედვით, თამბაქოს მოხმარება აიკრძალება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის, აგრეთვე, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების გარდა.

მოწევა ასევე აიკრძალება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის, ავტობუსში, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაში, საჰაერო ხომალდში, მეტროპოლიტენში, მატარებელში, ტრამვაისა და ტროლეიბუსში, გემზე და სხვა სანაოსნო საშუალებებზე, გარდა ტაქსის და კატერის. წესების დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეს 5 ლარით დააჯარიმებენ, ხოლო საჰაერო ხომალდში მოწევისთვის – 500 ლარით.

პაკეტის მიხედვით, იკრძალება თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმის რეკლამაც. კერძოდ, აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარების და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების ყველა სახის რეკლამა, გარდა ექსკლუზიურად თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენელთათვის განკუთვნილი ბეჭდური ან ელექტრონული გამოცემისა, რომელიც არაა განკუთვნილი და არ ვრცელდება სხვა პირებზე.

ეს აკრძალვა სახელოვნებო საქმიანობაზეც ვრცელდება. კერძოდ, თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარებისა და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების რეკლამის შემცველი იმ ფილმების ან სხვა შემოქმედებით პროდუქციის მასობრივი ჩვენებისას, რომლებიც დამზადებულია 2017 წლის 1 იანვრამდე, თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარებისა და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების რეკლამა ან მოხმარების დემონსტრირება სრულად უნდა დაიფაროს, ხოლო ჩვენების დასაწყისში და ბოლოში ნაჩვენები უნდა იყოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სატელევიზიო ან რადიორგოლი, ან ბეჭდვითი მასალისთვის პიქტოგრამა მოწევის მავნებლობის შესახებ.  კანონპროექტს პარლამენტმა მხარი პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.