ლარში ფიქსირებული სესხების ნაწილზე საპროცენტო განაკვეთი გაიზრდება

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 7.0 პროცენტამდე გაზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ სესხებზე, რომლებიც ლარში რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული, საპროცენტო განაკვეთი გაიზრდება.

როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება ეყრდნობა მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც, მიწოდების მხრიდან მოქმედი ფაქტორების ზეგავლენით, 2017 წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება.

“თუმცა, ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვის შედეგად, 2018 წელს ინფლაცია 3-პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება. ამასთან, ინფლაციის მოლოდინების დამატებით მოსათოკად ეროვნულმა ბანკმა მიზანშეწონილად მიიჩნია პოლიტიკის განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით გაზრდა. სხვა თანაბარ პირობებში, მიმდინარე წლის განმავლობაში პოლიტიკის განაკვეთის ზრდის საჭიროება არ იკვეთება. ასევე, ინფლაციაზე მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად ნეიტრალურ დონემდე შემცირდება”, – ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

ეროვნული ბანკის განცხადებით, მიმდინარე წელს სამომხმარებლო ფასებზე მოთხოვნის მხრიდან მოქმედი ფაქტორები კვლავ სუსტია, თუმცა ეკონომიკური აქტივობა გაუმჯობესდა.

“წინასწარი შეფასებით, პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 5.0 პროცენტი შეადგინა. საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური გაჯანსაღების კვალდაკვალ გაუმჯობესდა საგარეო მოთხოვნა და შედეგად, ექსპორტიდან, მათ შორის ტურიზმიდან, მიღებული შემოსავლები სწრაფად იზრდება. ასევე, წინა წელთან შედარებით მოიმატა საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ. საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მონეტარული პოლიტიკის ახალი განაკვეთი, 7 პროცენტი, ძალაში 2017 წლის 4 მაისიდან შედის”.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 14 ივნისს გაიმართება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com