ბაირამ მამედოვი; ფოტო: kavkaz-uzel

Nida-ს აქტივისტი ბაქოს კოლონიაში არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს

აზერბაიჯანული მოძრაობის, Nida-ს დაკავებული აქტივისტი ბაირამ მამედოვი, რომელიც ჰეიდარ ალიევის მონუმენტზე გრაფიტით წარწერების დატოვების შემდეგ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის ბრალდებით გაასამართლეს, კოლონიაში არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს. ინფორმაციას მისი ადვოკატი ავრცელებს.

აქტივისტის ადვოკატი ელჩინ სადიგოვი საქმეში ომბუდსმენის ჩართვას ითხოვს.

 ბაირამ მამედოვი 2016 წლის 8 ნოემბერს დამნაშავედ ცნეს და 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.  სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ადვოკატის ცნობით, რომელიც მსჯავრდებულს კოლონიაში შეხვდა, ბაირამ მამედოვს, კოლონიის ადმინისტრაციის მხრიდაან ზეწოლასთან ერთად, ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და მკურნალობის ჩატარებას ითხოვს. როგორც ადვოკატი ამბობს, მაღალი სიცხის მიუხედავად, მას აიძულებენ შენობიდან გასვლას და შრომას. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი კარცერში ათავსებენ.

“მე უკვე მოვამზადე წერილები ომბუდსმენისა და წითელი ჯვრის მისამართით და ოფიციალურად გავგზავნი მათ. წერილში ვთხოვ მათ, რომ მამედოვის მკურნალობა უზრუნველყონ და მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა აღკვეთონ”, – აცხადებს ადვოკატი.

ბაირამ მამედოვი და სხვა აქტივისტი გიას იბრაგიმოვი 2016 წლის 10 მაისს მას შემდეგ დააკავეს, რაც ახალგაზრდებმა აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის მონუმენტზე გრაფიტით წარწერები – “Qul bayramınız mübarək!” (გილოცავთ მონების დღეს!] და “Fuck the system!” დატოვეს. 2016 წლის ოქტომბერს ბაქოს სასამართლომ ნარკოტიკის უკანონო ბრუნვის ბრალდებით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ასევე 22 წლის აზერბაიჯანელ აქტივისტს, გიას იბრაგიმოვს. ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ჩვენება წამების შედეგად მიაცემინეს. საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty İnternational-მა ისინი “სინდისის პატიმრებად” ცნო.“განაჩენი, რომელიც გიას იბრაგიმოვს გამოუტანეს, ფიქტიურ ბრალდებას ეფუძნება და ყველანაირი განსახვავებული აზრის წინაშე ხელისუფლების შიშის დემონსტრირებას ახდენს,” – ასე შეაფასა ოქტომბერში იბრაგიმოვის საქმე უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Freedom House.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი