ახალი ამბები

“ევროპულმა საქართველომ” პლებისციტის მოთხოვნით კარდაკარ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

2 მაისი, 2017 • 1772
“ევროპულმა საქართველომ” პლებისციტის მოთხოვნით კარდაკარ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

დღეს, 2 მაისს, “მოძრაობა ევროპულმა საქართველომ” საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარების მოთხოვნით კარდაკარ სიარული და ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ისინი მოითხოვენ, რომ პლებისციტი ჩატარდეს პრეზიდენტის არჩევის წესისა და საარჩევნო სისტემის საკითხის შესახებ.

კონსტიტუციის შემოთავაზებული პროექტით, პრეზიდენტი პირდაპირი წესით აღარ აირჩევა და მას კოლეგია აირჩევს. რაც შეეხება პარლამენტის არჩევის წესს, უქმდება მაჟორიტარული წესი, არჩევნები ჩატარდება პროპორციული პრინციპით, გაუნაწილებელ მანდატებს კი მთლიანად გამარჯვებული პარტია მიიღებს.

“დავით ბაქრაძე არის დასავლეთში, გიგი უგულავაც დასავლეთშია, დადიან და ასე სახლებში ვივლით ყველგან, მთელ საქარველოში. ყველაზე დიდი ძალა არის, რომ ხალხს ეკითხები აზრს,”- განაცხადა ელენე ხოშტარიამ, როდესაც ერთ-ერთი ოჯახში ამ საკითხთან დაკავშირებით იმყოფებოდა.

დავით ბაქრაძის განცხადებით, “ევროპული საქართველო” მიიჩნევს, რომ კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს ისე, როგორც ამას ხალხი გადაწყვეტს.

“ისეთ ვითარებაში, როდესაც ქართველ ხალხს კითხვის გარეშე, პოლიტიკური კონსენსუსის გარეშე, პოლიტიკური კლასის შეთანხმების გარეშე ართმევენ ძირითად უფლებას, ართმევენ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების უფლებას, ისეთ პირობებში, როდესაც საპარლამენტო არჩევნების სისტემა იქნება მორგებული მმართველი პარტიის ინტერესებზე, – ამ საკითხებზე არ ჩანს შეთანხმების არანაირი რესურსი ხელისუფლების მხრიდან. ასეთ პირობებში, მთავარი სიტყვა ეკუთვნის ქართველ ხალხს,”- განაცხადა დავით ბაქრაძემ

დავით ბაქრაძემ გუშინ, 1 მაისს მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებსა და პრეზიდენტს, რომ ამ კამპანიას შემოერთებოდნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი