ახალი ამბები

ტრანსგენდერ ქალებზე თავდასხმას მუქარის მუხლით იძიებენ

2 მაისი, 2017 • 2354
ტრანსგენდერ ქალებზე თავდასხმას მუქარის მუხლით იძიებენ

ტრანსგენდერი ქალების ბინაზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუქარის მუხლით დაიწყო.

შსს-ს განმარტებით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მიხედვით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

ამავე საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის მიხედვით, დაწყებულია სამართალწარმოება, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას.

1 მაისს, ღამით, ტრანსგენდერი ქალების საცხოვრებელ სახლს თავს დაესხნენ ქუჩიდან და ქვების სროლა დაუწყეს, ხოლო შემდეგ, როგორც ტრანსგენდერმა ქალმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, ცდილობდნენ კარის შემტვრევას.

მისივე თქმით, მეზობლებმა არ მისცეს უფლება, რომ დაეკავებინათ მოძალადეები. ადგილზე მისული იყო პოლიცია. რესპონდენტმა გვითხრა, რომ მეზობლები პირიქით, მათ უჩივიან და წერენ განცხადებას, რომ იქ აღარ იცხოვრონ. ტრანსგენდერი ქალის თქმით, პოლიციამ დააკავა მისი ორი მეგობარი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი