ახალი ამბებიკომენტარი

თუ მედია ასეთი ტიპის სიუჟეტს გააკეთებს, ის ხელს აწერს მიკერძოებულობაზე – ქორიძე

1 მაისი, 2017 • 13747
თუ მედია ასეთი ტიპის სიუჟეტს გააკეთებს, ის ხელს აწერს მიკერძოებულობაზე – ქორიძე

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ყოფილი ხელმძღვანელის, ჟურნალისტ ზვიად ქორიძის აზრით, მედიაში დაფინანსებული სიუჟეტებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს  სასამართლო სისტემის დაბალი რეიტინგის გადაფარვა სურს.

როგორც ქორიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სურვილი მედიასაშუალებების დაფინანსების თაობაზე მიუღებელია და პროცესში მედიას მიკერძოებულ მხარედ აქცევს.

“თუ სასამართლო კვალიფიციურად და მიუკერძოებლად მუშაობს, თუ ის პოლიტიკური და ბიზნესგავლენებისაგან თავისუფალია, მისი საქმიანობის დამატებით გაშუქებას არავითარი ხარჯები არ სჭირდება. ასეთი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დამაჯერებელია და აქვს საზოგადოების ნდობა.

პრობლემა სწორედ ის არის, რომ ჩვენს სასამართლო სისტემაში ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღება ჭირს. ეს, ერთი მხრივ, უკავშირდება თავად სასამართლო სისტემის სიმტკიცეს, მეორე მხრივ კი, ზეგავლენის სურვილს პოლიტიკური პერსონების მხრიდან. ამიტომაც არ არის საქართველოში ნდობა სასამართლოსადმი. სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ სასამართლო არ არის ლიდერების ხუთეულში…  ათეულშიც კი, იმ სანდო ინსტიტუციების ნუსხაში, რომლის მიმართაც საზოგადოება მეტ-ნაკლებად გამოხატავს ნდობას. სასამართლო ნდობის თვალსაზრისით პრაქტიკულად აუტსაიდერია ჩვენს საზოგადოებაში”, – ამბობს ქორიძე.

მისივე თქმით, სასამართლო ხელისუფლება საზოგადოების დამოკიდებულებაზე რეაქციას, ერთი მხრივ, მოსამართლეების კრიტიკის შემზღუდველი ნორმების ინიცირებით ცდილობს, ხოლო, მეორე მხრივ, მედიაში სურს ფულის ჩადება პოზიტიური იმიჯის შესაქმნელად.

“დონორები სასამართლოს ფულს იმისთვის აძლევენ, რომ მოსამართლეების მიმართ ნდობის ხარისხი ამაღლდეს და არა იმის გამო, რომ თქვენ მიიღეთ ის გადაწყვეტილებები, რასაც იღებთ, და მერე ეს ყველაფერი ისე წარმოაჩინეთ, რომ ძალიან კარგები ხართო. ამისთვის ფულს არავინ აძლევს. ამოცანა არის ის, რომ სასამართლოში ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილებები მიიღონ. ეს ამოცანა გვაქვს ჩვენ  და არა ის, რომ მოსამართლე კარგად გამოჩნდეს: როგორ ატარებს სახლში დროს, როგორ ასეირნებს ბავშვებს და როგორ ზრუნავს თავის თანაშემწეებზე. სასამართლო ამისთვის არაა, მათ მაღალი სტანდარტით უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლის მიმართაც ნდობა გაჩნდება”, – ამბობს ქორიძე და დასძენს, რომ მოსამართლე შესაძლოა იყოს ძალიან მოსიყვრულე ადამიანი, კითხულობდეს საინტერესო ლიტერატურას და ა.შ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის მაღალკვალიფიციური და მიუკერძოებელია. ქორიძის აზრით, ამის საზომი მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის ხარისხია და არა ის, ზოგადად, როგორი ადამიანია ესა თუ ის მოსამართლე.

“უნდა აიღოს თუ არა მედიამ ფული იმაში, რომ გააშუქოს, რა კარგი მოსამართლეები გვყავს?  ფულს მოგცემთ და სიუჟეტები ისე გააკეთეთ, როგორც ეს ჩვენ გვინდაო. როგორც კი მედიასაშუალება ასეთი ტიპის სიუჟეტს გააკეთებს, ის პრაქტიკულად ხელს აწერს მიკერძოებულობაზე”, – ამბობს ქორიძე.

მისივე თქმით, მედიამ თავისივე ნებით უნდა გააშუქოს პროცესი, თუ როგორ იღებს მოსამართლე ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, როგორ მიდის საბოლოო განაჩენამდე, რა წერია ამ გადაწყვეტილებაში და ა.შ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11 აპრილის სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარე და წევრები სამი მედიასაშუალების მიწვეულ წარმომადგენელთან ერთად განიხილავდნენ და გეგმადნენ გადაცემებს იუსტიციის საბჭოსა და სასამართლო სისტემის შესახებ.

“ყველაფერი ამ ცხოვრებაში არის პიარი”, – იუსტიციის უაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა, თუ რა აქტივობების გაშუქება სურთ სასამართლო სისტემის შესახებ და რა განზრახვით აწარმოებდა საბჭო მოლაპარაკებებს ტელევიზიის წარმომადგენლებთან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი