ახალი ამბები

ლევან მურუსიძის პარალელი მედიაზე Homeland-იდან

1 მაისი, 2017 • 4013
ლევან მურუსიძის პარალელი მედიაზე Homeland-იდან

“რუსთავი 2-ზე გადის ძალიან კარგი ტელესერიალი “სამშბოლო” (Homeland,) იქ არის ერთი ეგეთი მომენტი, როდესაც ჟურნალისტი ომის გმირს ისე წარმოაჩნეს, თითქოს ის ბრძოლის ველიდან გარბის”, – პოპულარული ამერიკული სერიალის, Homeland-ის მაგალითი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ დღეს, 1 მაისს ჟურნალისტებთან საუბარში მოიყვანა.

“ადამიანს, რომელიც გმირი იყო, მოღალატედ გამოიყვანენ. აქედან გამომდინარე, თქვენზე დიდი პასუხისმგებლობაა”, – მიმართა მურუსიძემ ჟურნალისტებს.

“თქვენ შეგიძლიათ დადებითი ადამიანი  უარყოფითად წარმოაჩინოთ და პირიქით”, – თქვა მურუსიძემ და გამოთქვა აზრი, რომ გასულ კვირაში სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ჩატარებული კონფერენცია მედიამ არასათანადოდ გააშუქა.

იუსტიციის უაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა, თუ რა აქტივობების გაშუქება სურთ სასამართლო სისტემის შესახებ და რა განზრახვით აწარმოებდა საბჭო მოლაპარაკებებს ტელევიზიის წარმომადგენლებთან.

“მე ვიტყვი ერთ რამეს: ყველაფერი ამ ცხოვრებაში არის პიარი. პიარი არის რა – რომ საბოლოო ჯამში, დადებითად წარმოვაჩინოთ ის დადებითი ტენდენციები, რაც ხდება. კონფერენცია ჩატარდა –  არავინ გააშუქა, არც ერთმა ტელევიზიამ. მეკითხებოდნენ ყველაფერს, გარდა ამ კონფერენციისა. პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანდებოდა, დეპუტატები ბრძანდებოდნენ, სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები. წლების განმავლობაში ასეთი კონფერნცია არ ჩატარებულა. არც ერთმა არ გააშუქეთ. ხომ შეიძლება, გაგვიჩნდეს სურვილი, რომ გვყავდეს ისეთი გადაცემა, დონორებისგან მოვიზიდოთ თანხა, რომელიც გააშუქებდა, ვთქვათ, სასამართლომ გამოიტანა ასეულობით გამამართლებელი განაჩენი. ეს სურვილი თუ გვაქვს ჩვენ, რა არის ამაში უნიათობა, რა არის ამაში სისულელე?”- განაცხადა ლევან მურუსიძემ.

მისივე თქმით, წლების წინ “რუსთავი 2”-ზე  გადიოდა გადაცემა “პროკურორი” და მათ სურთ, დონორების დახმარებით მსგავსი პროგრამა გააკეთონ:

“მახსოვს, “რუსთავი 2” რამდენიმე წლის წინ აკეთებდა ძალიან კარგ პროგრამას, რომელსაც ერქვა “პროკურორი”. ალბათ, ეს სახელმწიფო თანხები იყო, არ ვიცი. იყო კარგი გადაცემა “პროკურორი”, სადაც ხდებოდა ჯანსაღად იმ მიღწევების, იმ გამოწვვების ჩვენება საზოგადოებისათვის, რომ დაენახა საზოგადოებას, რა სამუშაოს ეწევა და მიდიოდა ერთგვარი პიარი. რატომ არის მაშინდელი გადაცემა “პროკურორი”, რომელსაც რუსთავი 2 უშვებდა, კარგი და რატომ არის სულელური, რომ ჩვენ ანალოგიურ გადაცემაზე ვიზრუნოთ, დონორების დაფინანსებით, და წარმოვაჩინოთ საზოგადოების თვალში, კარგი გადაცემა გავაკეთოთ, რომ რა მიღწევებია სასამართლოში, რა ხდება კარგი, რა დადებითი ტენდენციები არის, რამდენი გამამართლებელი გამოდის – რატომ არის ეს სულელური და უნიათო ხალხის მოფიქრებული?”- ამბობს ლევან მურუსიძე.

ლევან მურუსიძის განცხადებით, უნდა იყოს კრიტიკაც, თუმცა ცუდი არაფერია იმაში, რომ სასამართლოს სისტემას სურდეს იმ დადებითი სიახლეების წარმოჩენა, რაც სისტემაში ხდება.

რუსთავი 2-ის ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ამას შინაარსში ჩარევად აფასებენ, მურუსიძემ უპასუხა:

“შინაარს ჩარევად აფასებებნ, მაგრამ ჩვენ ხომ შინაარსში არ ვერევით? თქვენ ხომ არ გიკვეთავთ? ვინც თანახმა იქნება, რომ დონორებმა რაიმე გადაცემა მოამზადონ ამასთან დაკავშირებით, თუ რომელიმე ტელევიზია დათანხმდა,”- განაცხადა მან.

ნეტგაზეთის შეკითხვაზე, თუ ვინ იქნებიან ეს დონორები,  მურუსიძემ განაცხადა, რომ არ იცის და “დონორებს ჯერ არ მოლაპარაკებიან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი