ახალი ამბები

ომბუდსმენი: პოლიციას დღენახევარი დასჭირდა მარნეულში გატაცებული გოგონას მისაგნებად

1 მაისი, 2017 • 2276
ომბუდსმენი: პოლიციას დღენახევარი დასჭირდა მარნეულში გატაცებული გოგონას მისაგნებად

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში გოგონას გატაცების საქმეზე სამართალდამცავი უწყებების ეფექტური რეაგირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებაში ამგვარი ქმედების ნორმალიზება არ მოხდეს.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ აქტიურად გააგრძელებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოში სიტუაციის მონიტორინგს და შეისწავლის ადრეული ქორწინების ამ კონკრეტულ შემთხვევაზე სამართალდამცავი უწყებებისა და სოციალური სააგენტოს მუშაობის ეფექტურობას.

ომბუდსმენი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლიციას დღენახევარი დასჭირდა გოგონას ადგილსამყოფელის დასადგენად. სახალხო დამცველმა გამოითხოვა ინფორმაცია პოლიციის მიერ გატარებული ღონისძიებებისა და ქმედებების შესახებ და დეტალურად შეისწავლის, რამდენად ეფექტურად მოქმედებდა სამართალდამცავი უწყება აღნიშნული ფაქტის შეტყობინების მომენტიდან გოგონას ადგილსამყოფელის დასადგენად.

ომბუდსმენის სამსახური აცხადებს, რომ სამართალდამცავ უწყებებისათვის მიცემულ ჩვენებებში, ასევე, სახალხო დამცველის წარმომადგენელთან გასაუბრებისას, გოგონა ძალადობის ფაქტს უარყოფს, თუმცა არასრულწლოვანთა ქორწინებას, განსაკუთრებით „მოტაცების“ კონტექსტის გათვალისწინებით, შესაძლოა პოტენციურად გავლენა ჰქონდეს ბავშვის ჯანმრთელი განვითარების, ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრებისა და განათლების მიღების უფლებაზე.

2017 წლის 27 აპრილს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოში 17 წლის გოგონა სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მეთორმეტეკლასელი გოგონა დაახლოებით 10 წლით უფროსმა კაცმა გაიტაცა.

შსს-ში აცხადებენ, რომ გატაცების მიზეზს გამოძიება დაადგეს. მომხდარზე საქმე საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით არის აღძრული, რაც ითვალისწინებს თავისუფლების უკანონო აღკვეთას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი