ახალი ამბები

“დაიცავი კონსტიტუცია” – ოპოზიციის ნაწილმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერა ხელი

1 მაისი, 2017 • 2182
“დაიცავი კონსტიტუცია” – ოპოზიციის ნაწილმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერა ხელი

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, რომლებიც მოძრაობაში “დაიცავი კონსტიტუცია” ერთიანდებიან, დღეს დეკლარაცია გამოაქვეყნა და ხელი მოაწერა. მოძრაობის წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების  გამო და აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხზე კონსენსუსი მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის არ შემდგარა:

“საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ ცვლილებათა პაკეტში მხოლოდ მმართველი პარტიის ინტერესებია ასახული და არ არსებობს საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსი ამ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენთვის მიუღებელია საკონსტიტუციო ცვლილებათა ის პაკეტი, რომელსაც მხარს უჭერს მხოლოდ ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია,” – განაცხადა პოლიტიკური მოძრაობის “სახელმწიფო ხალხისთვის” თავმჯდომარემ, ნიკა მაჭუტაძემ მოძრაობის დეკლარაციის კითხვისას.

მაჭუტაძის თქმით, “დაიცავი კონსტიტუციის” წევრებისთვის მიუღებელია პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის შეცვლა, საარჩევნო ბლოკების შექმნის უფლების გაუქმება, ამასთანავე, 5-პროცენტიანი ბარიერის დატოვება, გადაუნაწილებელი მანდატების მხოლოდ ერთი, მმართველი პარტიისთვის მინიჭება:

“დაუშვებელია ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება, დაუშვებელია პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის, უფლებამოსილებების ანულირება. დაუშვებელია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის წესის ცვლილება. დაუშვებელია ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის გაუქმება,” – ვკითხულობთ დეკლარაციაში.

მაჭუტაძის თქმით, სამოქალაქო მოძრაობის დაწყების მიზანი ქართული სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების საფუძვლების დაცვა და შენარჩუნებაა.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს 43 ხმით, სამის წინააღმდეგ დაუჭირა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებდნენ,  მმართველმა პარტიამ არ გაითვალისწინა მათი რეკომენდაციები. ის ცვლილებები კი, რაც კომისიამ მხედველობაში მიიღო, მმართველი გუნდისთვის პრინციპული მნიშვნელობის არ იყო. პროცესს ბოიკოტის ნიშნად გამოეთიშნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი