ახალი ამბები

დღეიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა

1 მაისი, 2017 • 2786
დღეიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა

დღეს, 1 მაისს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა, რითიც საყოველთაო პროგრამის ჯგუფები და დაფინანსების პირობები განისაზღვრა. ამის შესახებ დავით სერგეენკომ სამინისტროში გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა.

“ეს არის რიგით მესამე მნიშვნელოვანი ეტაპი საყოველთაო ჯანდაცვაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა იყოს სწორად ინფორმირებული. იმავე შეხვედრების ფორმატში თვეზე მეტია დავიწყეთ საინფორმაციო კამპანია. დღეს უკვე მინდოდა მეთქვა ის ძირითადი წყაროები, საიდანაც შეუძლია მოსახლეობას ინფორმაციის მოპოვება,” – განაცხადა სერგეენკომ.

მისი თმით, მოსახლეობას შეუძლია საჭირო ინფორმაცია გაიგოს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505) და ჯანდაცვის რეგიონულ ოფისებში მთელი საქართველოს მასშტაბით:

“ჯანდაცვის ოფისები ზოგ შემთხვევაში ინტეგრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს სამსახურებთან, სადაც მოსახლეობას შეუძლია დეტალურად მიიღოს ინფორმაცია. ცხელ ხაზზე განსაკუთრებულად დეტალიზებული შეკითხვების შემთხვევაში გვაქვს დამატებით მეორე შიდა ხაზი, სადაც მოქალაქეებს სპეციალისტები უპასუხებენ. ეს სისტემა წინასწარ არის დატესტილი და რაიმე სახის შეფერხებას არ ველოდებით.”

დავით სერგეენკო ვარაუდობს, რომ პირვლი დღეების განმავლობაში კითხვების რაოდენობა ბევრი იქნება, თუმცა დარწმუნებულია, რომ მოქალაქეები შეუფერხებლად მიიღებენ მათთვის საინტერესო ინფორმაციებს.

“2013 წელს, როდესაც დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვა, თავისი ინფრმაციული მასშტაბით ბევრად უფრო დიდი პროექტი იყო, მაგრამ მაშინ და შემდგომში მოსახლეობისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება შევძელით,” – განაცხადა სერგეენკომ.

დავით სერგეენკოს თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალურული (და არა ოჯახების) შემოსავლის მიხედვით. როგორც მინისტრი ამბობს, პროგრამის ფარგლებში მშობიარობა ყველა ჯგუფს უფინანსდება: “ასევე, ყველა ჯგუფი დარჩა სახელმწიფო ჯანდაცვის სხვა პროგრამების (მაგალითად: C ჰეპატიტის, ტუბერკულოზის, დიაბეტის მართვისა და ა.შ.) მოსარგებლედ. ზაფხულიდან კი პროგრამის ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, ქრონიკული დაავადებების სამკყრნალო მედიკამენტები დაუფინანსდებათ.”

ცვლილებების მიხედვით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან  ასი ათასამდეა, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდებათ. კერძო პაკეტის მქონე პირებს შეუნარჩუნდებათ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, კერძოდ, ქიმიო და ჰორმონოთერაპია.

საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 ათას ლარს აღემატება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ:

“მათ არჩევნის საშუალება აქვთ, ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით, ან კერძო სადაზღვევო პაკეტით. გარდა ამისა, ამ კატეგორიაში შემავალი მოქალაქეებისთვის, პროგრამის ფარგლებში, კერძო დაზღვევის პაკეტის ქონის მიუხედავად, შეუნარჩუნდათ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, კერძოდ, ქიმიო და ჰორმონოთერაპია. ასევე, მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურება.”

დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე ნაკლებია, ასევე, თვითდასაქმებულ, არარეგულარულუ შემოსავლის მქონე პირებს, კერძო დაზღვევის მიუხედავად, შეუნარჩენდათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის უფლება, თუმცა, მცირედ შეზღუდული პაკეტით. ასევე, ხელმისაწვდომი რჩება ონკოლოგიური დაავადებების მართვა (ქიმიო, ჰორმონო და სხვიური თერაპია) და მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურება.

სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს, პედაგოგებსა და შშმ პირებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისების მოცულობა უცვლელად შეუნარჩუნდათ. ამასთან, როგორც სერგეენკო ამბობს, მათ არ ეზღუდებათ კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება.

სოცილურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000-მდეა, ზაფხულიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდებათ.

ეს დაავადებებია:

  • მაღალი არტერიული წნევა;
  • გულის უკმარისობა, კორონალური სისტემის დაავადებები;
  • დიაბეტის მე-2 ტიპი;
  • ფილტვების ქრონიკული დაავადებები;
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მედიკამენტის შესყიდვისას მთავარი აქცენტი ხარისხზე გაკეთდება. მისი თქმით, თუ მედიკამენტი არ არის წარმოებული ევროკავშირის ქვეყნებში, ამ შემთხვევაში აუცილებელი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის სერტიფიკატის წარდგენა.

“მედიკამენტის ღირებულება, სიმბოლურად, თვეში მაქსიმუმ 1 ლარი იქნება,” – ამბობს სერგეენკო.

მისი თქმით, ცვლილებების მიზანია სოციალური სამართლიანობის შექმნა. გარდა ამისა, როგორც მინისტრი ამბობს, სადაზღვევო ინდუსტრიას ექნება ყველა ბერკეტი, რომ აქტიური მარკეტინგით შეძლონ მომხმარებლების მიზიდვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი