ლევან მურუსიძე, შესაძლოა, გამოსაცდელი ვადის გავლის გარეშე, უვადოდ დაინიშნოს მოსამართლედ

დღეს, 1 მაისს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმსჯელებს, უნდა დანიშნონ თუ არა უვადოდ, გამოსაცდელი ვადის გარეშე, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები. ეს ეხება უზენაესი სასამართლოს ორ ყოფილ მოსამართლეს – მაია სულხანიშვილს და ლევან მურუსიძეს. 

დღეს, 1 მაისს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნულია სხდომა, რომლის დღის წესრიგში შეტანილია საკითხი “3 წლის ვადით თანამდებობაზე გამწესებული უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის საქმიანობის შეფასების თაობაზე”. ამ საკითხს ევა გოცირიძე წარმოადგენს.

“ეს თემა არ მაღელვებს, ძალიან მშვიდად ვუყურებ აღნიშნულ საკითხს,”- ამბობს ლევან მურუსიძე ჟურნალისტებთან საუბრისას.

რამდენიმე თვის წინ პარლამენტმა მიიღო მართლმსაჯულების “მესამე ტალღის” რეფორმა, რომლის თანახმადაც,  3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნისაგან თავისუფლდებიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს როგორც მოქმედი, ისე ყოფილი წევრები, თუ მათ აქვთ საქართველოს საკონსტიტუციო ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

მურუსიძე ამბობს, რომ საბჭო დღეს იმსჯელებს, დაექვემდებარებიან თუ არა ამ კანონის მიღებამდე 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეები შემოწმებას, რომელიც გათვალისწინებულია გამოსაცდელი ვადით დანიშული მოსამართლეებისთვის.

“სასამართლო სისტემაში ამ ეტაპზე რამდენიმე მოსამართლეს უწევს შემოწმება, მათ შორის არის უზენაესი სასამართლოს ერთი მოსამართლე. უნდა გადავწყვიტოთ, რომ მოსამართლე, რომელიც იყო უზენაესი სასამათლოს მოსამართლე 3 წლის განმავლობაში, დაექვემდებაროს თუ არა შემოწმებას იმ სამსახურის მიერ, რომელიც არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო,”- განაცხადა მან.

მისი თქმით, მაია სულხანიშვილი არის უზენაესი სასამართლოს ის ყოფილი მოსამართლე, რომელსაც გამოსაცდელი ვადით უწევს შემოწმება, და რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული სულხანიშვილზე, იგივე პრაქტიკა გავრცელდება თავად მასზეც.

“მეც ვიყავი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რომელსაც აქვს 3-წლიანი გამოცდილება და მომავალში ჩემი შემოწმება უნდა მოხდეს თუ არ უნდა მოხდეს, მე პირადად აბსოლუტურად არ მაღელვებს ეს საკითხი იმიტომ, რომ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც წერია, რომ მოსამართლე, რომელსაც აქვს, ზოგადად, 3 წლის გამოცდილება, მასზეც არ უნდა გავრცელდეს ვადა და ის ითვლება უვადოდ გადანიშნულად. ესეც რომ არ იყოს, გულწრფელად გეუბნებით, რომ მე ეს საკითხი არ მაღელვებს,”- ამბობს მურუსიძე.

ნეტგაზეთის კითხვაზე, თუკი საბჭო გადაწყვეტს, რომ ეს მოსამართლე შემოწმებას არ დაექვემდებაროს, მაშინ ავტომატურად დაინიშნება თუ არა  უვადოდ, მურუსიძე ამბობს, რომ უნდა არსებობდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აქტი. 

“ვფიქრობ, ამ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რაღაც ფორმალური აქტი უნდა არსებობდეს, თუმცა, მე მიმაჩნია, რომ ეს არის კანონი – კანონი ნიშნავს, მაგრამ კანონის გაფორმება, ალბათ, რაღაც გარკვეული აქტით უნდა მოხდეს,”- განაცხადა ლევან მურუსიძემ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს იურისტი, ოლიკო შერმადინი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ აქვს სამართლებრივი უფლება, ლევან მურუსიძე მოსამართლედ კონკურსის გარეშე უვადოდ დანიშნოს.

“დღეს არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომ საბჭომ იმსჯელოს ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესების საკითხზე, ვინაიდან ბატონი ლევანი თავის დროზე გამწესდა 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით. ეს ვადა ჯერ გასული არ არის და არც სამართლებრივი საფუძველი არსებობს იმისა, რომ ვადაზე ადრე საბჭომ ის უვადოდ გაამწესოს. აქ პრობლემურია ის, რომ საუბარია ავტომატურად უვადოდ გამწესებაზე, საბჭო არ აპირებს, დამატებით იმსჯელოს და დაასაბუთოს, რატომ იმსახურებს ლევან მურუსიძე უვადოდ გამწესებას,”-განაცხადა ოლიკო შერმადინმა.

უზენაესი სასამაღთლოს ყოფილი მოსამართლე, ლევან მურუსიძე 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ 2015 წლის დეკემბერში აირჩიეს.

ლევან მურუსიძეს, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რის შედეგადაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ. თავად მურუსიძე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი