ახალი ამბებისაზოგადოება

პროკურატურა ტოლერანტულია გამტაცებლების მიმართ – აქცია თბილისში

30 აპრილი, 2017 • 5918
პროკურატურა ტოლერანტულია გამტაცებლების მიმართ – აქცია თბილისში

“ნუ იცავთ გამტაცებლებს” – ამ ლოზუნგით თბილისში დღეს გოგონათა გატაცებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოლიტიკა გააპროტესტეს. აქციას წინ უძღოდა გოგონას გატაცების მორიგი ფაქტი  მარნეულში.

მარნეულში გატაცებული არასრულწლოვანი გამატაცებელმა თავად მიიყვანა პოლიციაში, თუმცა პოლიციას ის არ დაუკავებია.  შსს საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით იძიებს. ეს მუხლი  თავისუფლების უკანონო შეზღუდვას გულისხმობს, თუმცა მამაკაცი არ დააკავეს  “გოგონას ჩვენების საფუძველზე”.

“ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ბოლო არჩევანი მისი იყო”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” გატაცებული არასრულწლოვნის ოჯახის წევრმა და დასძინა, რომ “როცა 18 წლის გახდება, მერე იქნება ქორწილი”.  “ნეტგაზეთს” ასევე უთხრეს, არასრულწლოვანი გოგონა “ამჟამად სახლში არ არის”.

“პროკურატურა და პოლიცია იყენებს და ეყრდნობა იმ ჩვენებებს, რომელსაც შემდგომ გატაცებული გოგოები აძლევენ. გოგონები,  რომლებიც არიან ძალიან დიდი წნეხის ქვეშ და იძულების წესით თანხმდებიან ამ ქორწინებას”, -უთხრა “ნეტგაზეთს” ბაია პატარაიამ, კავშირ “საფარის” ხელმძღვანელმა, რომელიც დღეს გამართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

ნუ იცავთ გამტაცებლებს - აქცია პროკურატურასთან. ფოტო: სალომე საღარაძე

ნუ იცავთ გამტაცებლებს – აქცია პროკურატურასთან. ფოტო: სალომე საღარაძე

მისი თქმით, პროკურატურამ ძალიან კარგად იცის, რომ გოგონები იძულებით აძლევენ ჩვენებას, თუმცა ამით სარგებლობს იმისათვის, რომ  “ ან შეაჩეროს ეს საქმეები, ან საპროცესო გარიგებით მოაგვაროს”.

ბაია პატარაია პროკურატის ასეთ ქმედებაში  გენდურლ დისკრიმინაციას უსვამს ხაზს, რადგანაც დანაშაულზე, რომლის ჩადენის შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსით პირისთვის გათვალისწინებულია მძიმე სასჯელი, თუ გატაცება არის ქორწინების მიზნით, გამტაცებლებს უფორმებს საპროცესო შეთანხმებას:

“უმეტეს შემთხვევაში საქმე მოსამართლემდეც კი არ მიდის. საპროცესო შეთანხმება მიდის მხოლოს მოსამართლემდე დასამტკიცებლად”.

მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს პრაქტიკულად აღმოიფხვრა ქალთა გატაცების შემთხვევები, თუმცა ახლა ქვეყანა ბრუნდება უკან:

“სამწუხარო ის არის, რომ რამდენიმე წლის წინ, განსაკუთრებით წინა ხელისუფლების პრიობებში, პრაქტიკულად აღმოფხვრილი იყო ადამიანის გატაცება ცოლად მოყვანის მიზნით, რადგან ისჯებოდა ისე, როგორც ნებისმიერი ადამიანის გატაცება. თუმცა ბოლო წლებში ეს დამოკიდებულება შეიცვალა იმიტომ, რომ გახდა შემწყნარებლური დამოკიდებულება გამტაცებლების მიმართ”.

ბაია პატარაიას აზრით, ამ ვითარებიდან გამოსავალი კანონის აღსრულება და მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკაა:

“ რამდენიმე ადამიანი რომ დაისჯება, ეს იქნება ძალიან მკაფიო მესიჯი ნებისმიერი მოქალაქისთვის და თავს შეიკავებენ, ისევე როგორც ადრე ჩვენ გვქონდა ამის კარგი პრაქტიკა, რომ პრაქტიკულად აღმოიფხვრა და ჩვენ ახლა დავბრუნდით უკან”.

 

წაიკითხეთ:  რას იტყვიან?- ქორწინებით დასრულებული გატაცება და არაეფექტური კანონი

[red_box]სტატისტიკა[/red_box]

ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი სტატისტიკა რამდენი ადამიანი დააკავეს გატაცების ბრალდებით და რამდენ მათგანს გაუფორმა საპროცესო შეთანხმება პროკურატურამ.

ომბუდსმენის 2016 წლის სპეციალური ანგარიშის მიხედვით, რომელიც ადრეულ ქორწინებებს ეხება, მართალია 2014 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს 1  ქორწინების იძულება დაემატა, თუმცა ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 2015 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა არც ერთი პირის მიმართ არ დაწყებულა.

ამავე ანგარიშის მიხედვით 2015 წელს 408 მოსწავლემ მიატოვა სკოლა ოჯახის შექმნის მიზეზით.

ადრეული ქორწინების სტატისტიკა. 2015 წელი. წყარო: ომბუდსმენი

მასალების გადაბეჭდვის წესი