პოლიცია

დაკარგული 15 წლის ბიჭი პოლიციამ ქურდობის საქმეზე გამოკითხა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 წლის ბიჭი, რომლის დაკარგვის შესახებაც ინფორმაცია 29 აპრილს გავრცელდა, პოლიციამ დედოფლისწყაროში გუშინ იპოვა.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, არასრულწლოვანი პოლიციას არ დაუკავებია, ის სოციალური მუშაკის თანდასწრებით გამოკითხეს ქურდობის საქმეზე. თუმცა პრესსამსახური კითხვაზე, დატოვა თუ არა არასწრულწლოვანმა პოლიცია გამოკითხვის შემდეგ, პასუხობს, რომ “ჯერჯერობით საგამოძიებო მოქმედებები მიდის”.

შსს-ს პრესსამსახურის განცხადებით,  პოლიციას არასრულწლოვნისთვის ბრალი არ წაუყენებია.

29 აპრილს გავრცელებული ცნობის თანახმად, არასრულწლოვანი სამუშაო ადგილიდან, ფერმიდან რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა და მისი დაკარგვის შესახებ 112-ში ფერმის მეპატრონემ განაცხადა. მან პოლიციაში ასევე შეიტანა განცხადება, რომ ის გაქურდეს, რაზედაც პოლიციამ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო.

არასრულწლოვანი სწორედ ამ საქმეზე გამოკითხეს. ფერმის მეპატრონის თქმით, მას ცხენები და ფული მოჰპარეს. შსს-ს პრესსამსახური აცხადებს, რომ პოლიციამ ცხენები იპოვა, თუმცა ფული არა. ამასთან უცნობია, ცხენები მოიპარეს, თუ უბრალოდ მისი გამოყენებით დატოვა არასრულწლოვანმა ფერმა.

ამ საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანის დედაც გამოკითხა.

15 წლის ბიჭის მშობლებმა “რუსთავი 2”-ს განუცხადეს, რომ ფერმის მეპატრონეს, სადაც მათი შვილი მუშაობდა, 24 აპრილს მოსთხოვეს, რომ ბიჭი სახლში მიეყვანა, თუმცა ფერმის პასუხისმგებელმა პირებმა 28 აპრილს განუცხადეს, რომ ბიჭი გაუჩინარდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი