ნუ იცავთ გამტაცებლებს!- თბილისში აქცია გაიმართება

დღეს, 15.00 საათზე, თბილისში, საქართველო პროკურატურასთან მოქალაქეები აქციას გამართავენ ქალთა მოტაცების პრობლემასთან დაკავშირებით.

აქციის ორგანიზატორი “ქალთა მოძრაობა” მიიჩნევს, რომ “ქალის მოტაცება კვლავ ჩვეულებრივ ამბად იქცა, განსაკუთრებით პრობლემურია აზერბაიჯანულ თემში მომხდარი გატაცებები.

“პოლიცია და პროკურატურა ხელს აფარებს დამნაშავეებს: პოლიცია არ ეძებს გატაცებულ ქალებს, ელოდება, როდის მოილაპარაკებენ ოჯახები და მორიგდებიან; ამის შემდეგ პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას აფორმებს გამტაცებელთან და რამდენიმე ათას ლარად პრაქტიკულად ყიდის გატაცებულ ქალს”, – აცხადებენ  დღეს, 30 აპრილს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები და მოქალაქეებს აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

“ქალთა მოძრაობის” მიერ დაგეგმილი აქცია პასუხია ორიოდ დღის წინ მომხდარ ქალის გატაცების კიდევ ერთ ფაქტზე. 17 წლის გოგონა  მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საჯაროს სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს.

პოლიციამ 29 აპრილს განაცხადა, რომ  მეთორმეტეკლასელი გოგონა დაახლოებით 10 წლით უფროსმა კაცმა გაიტაცა, გამტაცებლის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.

29 აპრილს ქალთა უფლებებზე მომუშავე კავშირ “ საფარის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  გოგონა გამტაცებელმა პოლიციაში მიიყვანა.

კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია ამბობს, რომ კავშირი საფარის თანამშრომელი ესაუბრა გატაცებული გოგონას დას, რომლის თქმითაც, გოგონა პოლიციაში მიიყვანეს. იგი ამბობს, რომ მზადაა, დარჩეს გამტაცებელთან ერთად.

დღეს დაგეგმილი აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები ქალის მოტაცებას ტრადიციად მიიჩნევენ და არა დანაშაულად.

“მთელი ოჯახი და სანათესაო ზეწოლას ახორციელებს მსხვერპლზე და მის ოჯახზე, რის შედეგადაც ქალს აიძულებენ მისცეს ცრუ ჩვენება და თქვას, რომ ნებაყოფლობით მიყვება ცოლად გამტაცებელს. ამას კი ხელს უწყობს სახელმწიფო, რომელიც ხედავს დანაშაულს და არ რეაგირებს”, – აცხადებს ქალთა მოძრაობა და  მარნეულიდან არასრულწლოვანი გოგონას გამტაცებლის კანონის სრული სიმკაცრით დასჯას მოითხოვენ.

სამართალდამცავებმა შეწყვიტონ ეს დანაშაულებრივი პრაქტიკა, პატივი სცენ კანონს და აღასრულონ კანონი ეფექტურად – ესაა დღევანდელი აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა.

აქცია პროკურატურასთან 15.00 საათზე დაიწყება.

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

რას იტყვიან?- ქორწინებით დასრულებული გატაცება და არაეფექტური კანონი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი