ახალი ამბები

იუსტიციის საბჭოს წევრი მოსამართლეების შეურაცხყოფაზე: სასამართლოში დავა არაეფექტური გზაა

29 აპრილი, 2017 • 11307
იუსტიციის საბჭოს წევრი მოსამართლეების შეურაცხყოფაზე: სასამართლოში დავა არაეფექტური გზაა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა შოთა გეწაძემ განმარტა, რომ ისინი მოსამართლეების კრიტიკაზე შეზღუდვის დაწესებას იმიტომ ითხოვენ, რომ სასამართლოს გზით დავა დროში გაწელილი და არაეფექტურია.

“ძალიან რთული და, როგორც წესი, არაეფექტური გზაა. არაეფექტურში ვგულისხმობ იმას, რომ დროში გაწელილი პროცესია. მოითხოვს ეს სარჩელის შეტანას, სარჩელის განხილვის რამდენიმეთვიან ვადას, სხვადასხვა ინსტანციებს და ასე შემდეგ. მთავარი საკითხი – მტკიცების ტვირთი. თუ მოსამართლეს დააბრალეს, რომ ის არის ცხოველი, უნდა ამტკიცოს, რომ არ არის ცხოველი. მტკიცების ტვირთი აქ სხვაგვარად უნდა გადანაწილდეს”, – განაცხადა შოთა გეწაძემ.

აღნიშნული განცხადება მან მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებით მიმართავს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, კომუნიკაციების კომისიას, სახალხო დამცველს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორს, რომლითაც ითხოვს რეაგირებას მოსამართლეების მიმართ ჟურნალისტების მიერ გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებზე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტები „გამოხატვის თავისუფლებისაგან განუყოფელ მოვალეობებსა და პასუხიმგებლობას“ არღვევენ მოსამართლეების მიმართ ისეთი შეფასებების გამოყენებით, როგორიცაა „ზონდერ- მოსამართლე“,„სამარცხვინო“, „ჯიბის მოსამართლე“, „დავალების შემსრულებელი“;

მასალების გადაბეჭდვის წესი