ახალი ამბები

ნადირაშვილი: შემცირების ფონზე პარლამენტარების ქმრები თავდაცვის სამინისტროში დაასაქმეს

29 აპრილი, 2017 • 4067
ნადირაშვილი: შემცირების ფონზე პარლამენტარების ქმრები თავდაცვის სამინისტროში დაასაქმეს

დღეს, 29 აპრილს, გამართულ ბრიფინგზე “ევროპული საქართველოს” წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტარების, სოფო კილაძისა და თამარ ხულორდავას ქმრები თავდაცვის სამინისტროში დაასაქმეს.

,,პირველ რიგში, ძალიან მკაფიოდ მინდა გამოვთქვა ჩემი პოზიცია, რომ პოლიტიკოსების შვილები, მათი ოჯახის წევრები, არ უნდა ხდებოდნენ პოლიტიკური დაპირისპირების სამიზნე და მათ უნდა ჰქონდეთ ნორმალურად ცხოვრების საშუალება, მაგრამ ხანდახან პოლიტიკოსები ქმნიან ვითარებას, როდესაც საზოგადოება ვალდებულია დასვას კითხვები. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ორი ფაქტი, რომელიც მოგვაწოდეს თავდაცვის სამინისტროდან. ბრძანება, რომელსაც ხელს აწერს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საუბარია იმაზე, რომ ოცნების დეპუტატის სოფიო კილაძის ქმარი ავთანდილ ხარაძე დაინიშნა გენერალურ ინსპექციაში. ასევე თამარ ხულორდავას მეუღლეც ლევან ვახტანგაძე დაინიშნა ლევან იზორიას ბრძანებით გენერალურ ინსპექციაში. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ეს დანიშვნები განხორციელდა თებერვლის თვეში, როდესაც მასშტაბური შემცირებები იყო თავდაცვის სამინისტროში და ბევრი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა. ჩვენ გვაქვს კითხვები ლევან იზორიასთან, თუ რა ნიშნით დაინიშნენ ეს ადამიანები თავდაცვის სამინისტროში და გვაქვს კითხვები ოცნების დეპუტატებთან, რა როლი შეასრულეს მათ საკუთარი მეუღლეების საჯარო სამსახურში მოწყობასთან დაკავშირებით.”

მასალების გადაბეჭდვის წესი