ბექხან ფარეულიძე

პანკისის იმამი სალოცავის დანგრევაზე: ვფიქრობთ, ეს არის პროვოკაციული ქმედება

პანკისის იმამი ბექხან ფარეულიძე ახმეტაში დღეს გამართულ აქციას ეხმაურება. ფარეულიძე მოუწოდებს ყველას, დაელოდონ გამოძიების დასრულებას და ნუ დაადანაშაულებენ მუსლიმებს მშენებარე ქრისტიანული სალოცავის დანგრევაში. იმამის განცხადებით, ეს არის პროვოკაცია, რომლის გავრცელებასაც მედია უწყობს ხელს. ბექხან ფარეულიძემ განცხადება ფეისბუკში გამოაქვეყნა:

“ჩვენი რელიგია კრძალავს სხვა რელიგიური საკულტო ნაგებობების დანგრევას და, შესაბამისად, როგორც მუსლიმები, ჩვენ არანაირად არ მოვიწონებთ რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფას.

დღეს ახმეტაში გაიმართა აქცია, სადაც შეურაცხყოფას აყენებდნენ პანკისელებს, მოვითხოვ, ყველა პროვოკატორმა თავი დაანებოს მთელი ხალხისთვის შეურაცხყოფის მიყენებას, დაეველოდოთ გამოძიებას, წინასწარ ნუ დაგვადანაშაულებენ იმაში, რასაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ჩავიდენდით.

ზოგიერთმა პანკისში მომუშავე მედიასაშუალებამ, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებით ხალხი შეცდომაში შეიყვანა, თითქოს პანკისის ხეობაში ეკლესია დაანგრიეს, ამან კი თავისი შედეგი გამოიღო და მორწმუნე ქრისტიანების უფრო მეტი აღელვება გამოიწვია. მინდა ვთხოვო ყველა მედიასაშუალებას, ობიექტური და დაზუსტებული ინფორმაცია მიაწოდოთ ხალხს, რომ არ მოხდეს ხალხთა შორის ურთიერთობების გამწვავება, ეს მხოლოდ ამ პროვოკაციის მომწყობებს აწყობთ.

ვფიქრობთ, რომ ეს არის პროვოკაციული ქმედება და ამის მოთავეს ქვეყნისთვის არაფერი კარგი არ უნდა და ჩვენს შორის დაძაბულობის გაჩენა სურს.” – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს ახმეტაში სალოცავის დანგრევაში მონაწილე დამნაშავეების დასჯა საპროტესტო აქციაზე მოითხოვეს. შსს-ს ინფორმაციით, ჯოყოლოში 16 აპრილს მშენებარე სალოცავის დანგრევის ფაქტზე გამოძიებას 187-ე მუხლით აწარმოებენ, რაც ნივთის დაზიანებას ან მოსპობას გულისხმობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი